აფხაზეთის მეომართა კავშირი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სოხუმის მკვიდრის, მეცენატის, ლევან ჯანგველაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.
„აფხაზეთის მეომართა კავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ღირსეული ქართველის, სოხუმის მკვიდრის, მეცენატის, ლევან ჯანგველაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.
ლევან ჯანგველაძე დაიბადა 1964 წელს სოხუმში, დაამთავრა სოხუმის მეხუთე საშუალო სკოლა. ახალგაზრდობიდან გამოირჩეოდა ვაჟკაცური სულისკვეთებით, გამბედაობით და გულანთებულობით. უაღრესად განათლებულს, მრავალმხრივ ნიჭიერს უყვარდა ისტორია, ეტრფოდა ხელოვნებას.
მაშინ, როდესაც 90 -იან წლებში გუდაუთასთან აფხაზი სეპარატისტები თავს დაესხნენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, გენო ადამიას, ლევან ჯანგველაძის და სხვა ვაჟკაცების ძალისხმევით შესაძლებელი გახდა მისი უწმინდესობის სამშვიდობოს გამოყვანა. აფხაზეთის ომის დროს ლევან ჯანგველაძე მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართულ ჯარს საჭირო აღჭურვილობის შეძენაში. მისი ძალისხმევით აბაშის რაიონის, სოფელ მაიდანში მოხდა წმ. გიორგის სახელობის ტაძრის აღდგენა. ეს ჩამონათვალი მხოლოდ ნაწილია იმ საქმიანობის, რასაც ბატონი ლევანი ეწეოდა წლების განმავლობაში.
რუსეთში იძულებით გადახვეწილი ყველა ქართველის დიდი იმედი და გულშემატკივარი იყო. მისი ტრაგიკული გარდაცვალებით აფხაზეთის საზოგადოებას, საქართველოს დააკლდა ჭეშმარიტად ღირსეული ვაჟკაცი, საკუთარ კუთხეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, სამაგალითო შვილი, მზრუნველი მამა, ერთგული მეგობარი.
სამწუხაროა, რომ მას ვერ აუხდა სანუკვარი ოცნება-დაბრუნებულიყო მშობლიურ ქალაქში.
ლევან ჯანგველაძე ჩვენს გულებში ყოველთვის დარჩება როგორც ღირსეული და გამორჩეული ქართველი.
სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს და ახლობლებს. პანაშვიდი: 18 და 19 მარტს ქ. თბილისი, ტარას შევჩენკოს 1 გამოსვენება: 20 მარტს, 14:00 ქაშუეთის ეკლესიიდან დაკრძალვა: საბურთალოს სასაფლაო, წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია“, – აღნიშნულია განცხადებაში.