„როდესაც გეტყვიან, რომ შეიძლება გაიარო, შეიძლება ვერა, აღსაქმელად 19 წლის გოგოსთვის ძალიან, ძალიან მძიმეა“, – ამის შესახებ ქართველმა პარასპორტსმენმა, ირმა ხეცურიანმა ოპერაციის შემდეგ გავლილ მძიმე პერიოდზე „რუსთავი ორის“ ეთერში, გადაცემაში „ჩემპიონები“ ისაუბრა.
როგორც პარასპორტსმენმა აღნიშნა, 9 წელი იმ იდეით იყო, რომ ფეხზე გავლას შეძლებდა:
„უთხარით ირმას რომ გიყვართ, ვამაყობთ და ის აუცილებლად გახდება ოლიმპიური მედლის მფლობელი, უკვე იმხელა საქმე გააკეთა ჩემთვის ყველა მედალზე დიდია,არ გაბედო მოიწყინო ჩვენო ჩემპიონო“ – ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე
პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა ეტლით მოფარიკავემ, ირმა ხეცურიანმა რაპირით ასპარეზობაში გამოსვლა დაასრულა.
„ოპერაციამდე შედეგი არ ვიცოდი, შემდეგ გავიგეთ ეს ყველაფერი. შედეგი იყო ქვედა კიდურების პარაპლეგია, რომელმაც ეტლთან დამამეგობრა და არც თუ ისე მარტივი პერიოდი გავიარე. პირველი პერიოდი მძიმე იყო იმ მხრივ, რომ ვერ გამერკვია თუ რა ხდებოდა ჩემს თავს. ნელ-ნელა მაპარებდნენ, რომ შეიძლება ეტლი დაგჭირდეთ, ცოტა ხანს ვერ გაიაროთო, მაგრამ კარგი რეაბილიტაციის შემდეგ აუცილებლად ფეხზე დაგებითო.
პირველი რასაც ჩაებღაუჭები – ეს არის იმედი, რომელიც გაძლევს იმის ფიქრს, რომ აუცილებლად გაივლი. 9 წელი ჩავეჭიდე ამ იდეას და არ ვუშვებდი არც ფიქრებს და არც ხელს. ჯარისკაცივით ვვარჯიშობდი, რეაბილიტაციას გავდიოდი, არაფერს არ მაკლებდა ოჯახი. მაგრამ, საბოლოო ჯამში მივხვდი და ვთქვი, რომ – მოდით, აქ გავჩერდეთ და გავაგრძელოთ ცხოვრებაში სხვა რაღაცის კეთებაც.
როდესაც გეტყვიან, რომ შეიძლება გაიარო, შეიძლება ვერა, აღსაქმელად 19 წლის გოგოსთვის ძალიან, ძალიან მძიმეა და პირველი, რაც შენთან მოდის, აი ეგ დასრულდა. ყველა გრძნობა მოდის – სიბრაზე, სიძულვილი, ყველაზე დიდი შიში იმისა, რომ ახლა რა უნდა გააკეთო. დროთა განმავლობაში, როდესაც გაიაზრებ, რომ დამოუკიდებლობას ვერ ახერხებ და ხვდები, რომ შენ, შეიძლება საერთოდ არ იყო ვინმესთვის საჭირო – ძალიან ღრმა ჭაობში ეშვები და იქ თუ დარჩი, ძალიან რთულია იქიდან ამოსვლა“, – განაცხადა ირმა ხეცურიანმა.
ვიდეო: „მინდა, ბოდიში ვუთხრა გულშემატკივრებს… ძალიან რთულია იმის გააზრება, რომ ბრინჯაოს მედალი მარტივად შეიძლებოდა გვქონოდა“ – ირმა ხეცურიანი
ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა (ხმლით ფარიკაობაში) ჩინელ მეტოქესთან დათმო.