ცნობილი ფოტოგრაფი, დავით ოქროპილაშვილი [დანტესი], რომლის დახმარებით და მის მიერ მოქალაქეების მობილიზების მეშვეობით 16 წლის მარიამ კოხრეიძეს თურქეთში მნიშვნელოვანი ოპერაცია გაუკეთდა, სოციალურ ქსელში ახალ სასიხარულო კადრებს ავრცელებს.
როგორც მედეა იობაშვილი ვიდეოში საუბრობს, მარიამი „ბაუს უნივერსიტეტში“ უფასოდ ისწავლის.
„კიდევ ერთი უმაგრესი ამბავი მარიამის ცხოვრებაში.
მარიამი „ბაუს უნივერსიტეტში“ უფასოდ ისწავლის ბათუმის ფილიალში.
რა ვქნა მეგობრებო, უკვე იმდენი მაგარი სიახლე გვაქვს ყველაფრის გადაღებას და ატვირთვას ვეღარც კი ვასწრებ“, – წერს დავით ოქროპილაშვილი.
„მარიამმა მისი „ახალი სახე“ დაინახა…და აი ის რასაც ყველა ველოდებოდით.
მისი ემოციები ამ ყველაფერზე“, – წერს დავით ოქროპილაშვილი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, საზოგადოებამ სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოებიდან სასიხარულო ამბავი შეიტყო – 16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც ყბის განვითარების სერიოზული პრობლემები ჰქონდა და საკვების მიღება უჭირდა, სტამბოლში, თურქმა ექიმმა, ალთან ვაროლმა ოპერაცია უსასყიდლოდ გაუკეთა – მარიამს ორი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, მას ყბა გაუხსნეს და პროთეზები გაუკეთეს.
მარიამი ფართო საზოგადოებამ თავდაპირველად ფოტოგრაფ დავით ოქროპილაშვილის [დანტესის] მიერ გავრცელებული ვიდეოებიდან გაიცნო. სწორედ დავით ოქროპილაშვილის დახმარებით და მის მიერ მოქალაქეების მობილიზების მეშვეობით გაემგზავრა მარიამი ოპერაციის გასაკეთებლად თურქეთში.
საზოგადოებამ ამ ამბის კიდევ ერთი გმირი გაიცნო – მედეა იობაშვილი, პროფესორ ალთან ვაროლის კოორდინატორი-თარჯიმანი, რომელსაც მარიამის ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. სწორედ მან შეიტყო მარიამის შესახებ, დაუკავშირდა საქართველოში დავით ოქროპილაშვილს და ამასთან, მან სთხოვა ექიმ ალთან ვაროლს ოპერაციის გაკეთება.