პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს. საგამოძიებო კომისიაზე ბიზნესმენს, რამაზ ახვლედიანს უსმენენ.
დღევანდელ სხდომაზე ასევე დაბარებულები არიან გივი თარგამაძე და კახა დაბრუნდაშვილი.
სხდომის მიმდინარეობის დროს, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ოპოზიციონერ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს მიმართა და თქვა რომ, ურჩევს სხდომაზე მივიდეს, ვინაიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს იქნება გარდაუვალი.
„საჯაროდ მან განაცხადა, რომ ის კომისიის სხდომაზე გამოცხადებას არ აპირებს, მაგრამ ჩვენ რასაკვირველია, ველოდებით, რომ ის გამოცხადდება. ჩვენი ოპერაცია – „გივი, ჩვენ ვართ, გივი“ წარმატებით დასრულდა, ვინაიდან ჩვენ მას ჩავაბარეთ შეტყობინება. მე ბატონ გივის ვურჩევ – ბატონო გივი, მობრძანდით, ვინაიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს იქნება გარდაუვალი.
მობრძანდით და გაეცით კითხვებზე პასუხი, რომლებიც ეხება აგვისტოს ომს და იმ 8-წლიან პერიოდს, როდესაც თქვენ მართავდით უშიშროების კომიტეტს პარლამენტში“, – თქვა თეა წულუკიანმა.
მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე: „ეს მოღალატეები რომ ამბობენ, თითქოს პატივს სცემენ ქართულ ჯარს, მათ არ გადასცეს 2008 წლის ომში მონაწილე მეომრების სია რუსებს?“