რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს ბენიამინო ჯილის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებლები, მეკო ქავთარაძე და ირინა ცერცვაძე სტუმრობდნენ.
გადაცემის თემა 3-4 მაისს საქართველოში გასამართი, ბენიამინო ჯილის სახელობის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი იყო, რომელიც თბილისის კლასიკური მუსიკის აკადემიისა და იტალიაში არსებული ბენიამინო ჯილის ასოციაციის ორგანიზებით პირველად ტარდება:
„ბენიამინო ჯილის სახელობის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ყოველ წელს ტარდება იტალიაში. მნიშვნელოვანია, რომ ბენიამინო ჯილის ასოციაციის ხელმძღვანელისა და მათი წარმომდგენლების გადაწყვეტილებით, ოფიციალური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა თბილისის კლასიკური მუსიკის აკადემიასთან, რომლის თანახმად, აღნიშნული ფესტივალი დაფუძნდა საქართველოში და განხორციელდება აკადემიის მიერ.
კონკურსის მიზანია: იტალიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, საქართველოს მასშტაბით ნიჭიერი ქართველი ბავშვების აღმოჩენა/ხელშეწყობა, რათა მოხდეს მათი შემოქმედებითი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენა.
კონკურსის ფარგლებში, თბილისს ეწვევიან: პიერლუკა ტრუკკია, რეკანატის მუნიციპალიტეტის დელეგატი – მერიის წარმომადგენელი; ერმანო ბეკაჩეჩე, რეკანატის ბენიამინო ჯილის მუსიკის სამოქალაქო სკოლის დირექტორი; ეტტორე პელატი, ქ.რეკანატის მერის მოადგილე კულტურის დარგში.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა თბილისის კლასიკური მუსიკის აკადემიასთან, რომელიც მაღალი რანგის პროფესიონალ გუნდთან ერთად ახორციელებს თავის საქმიანობას და ორგანიზატორია ბევრი საიმიჯო პროექტისა და ღონისძიების“, – განაცხადა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა, პიარ ექსპერტმა, ბენიამინო ჯილის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელმა და VIPR- GCC – MALTA-ს ხელმძღვანელმა, ირინა ცერცვაძემ.
უმნიშვნელოვანესი ფესტივალის შესახებ „არტ-FM“– ის ეთერში ისაუბრა სამუსიკო ხელოვნების დოქტორმა, თბილისის კლასიკური მუსიკის აკადემიის ხელმძღვანელმა და ბენიამინო ჯილის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელმა, მეკო ქავთარაძემაც:
„მოხარული ვარ, რომ იტალია თავად გამოეხმაურა ჩვენს აკადემიას. მოისმინეს იტალიაში გამართულ კონცერტზე ჩვენი გუნდის მიერ შესრულებული ნაწარმოებები და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთობლივად გაკეთებულიყო ეს ფესტივალი საქართველოში. იტალიის მხრიდან ოფიციალური წარმომადგენელია: ბატონი, რობერტო საბატინი და ქალბატონი, მანანა სიფრაშვილი. ვფიქრობთ, აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობა კარგი დასაწყისია კარიერული წინსვლისთვის.
გვაქვს ოთხი კატეგორია სხვადასხვა მიმართულებით: 7-11 წ.წ. 12- 14 წ.წ; 15 -18 წ.წ; 19 წლიდან ზევით. ფესტივალში ჩართულობის მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდია. ყველას შეუძლია დარეგისტრირდეს ჩვენი ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე ანკეტის საშუალებით.
კონკურსზე გამარჯვებულების იტალიის ფესტივალში ჩართულობას თავად იტალიის მხარე უზრუნველყოფს.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასევე კონკურსის შემოქმედებით ჯგუფს: ვოკალის პედაგოგს: ქალბატონ ნატო აბრამიძეს, კონცერტმაისტერს: ქალბატონ ნათია ჯიქიას. ბენიამინო ჯილის სახელობის საერთაშორისო კონკურს ფესტივალის მენეჯერს – სოფია გარაყანიძე, მენეჯერს, მარიამ ლომთაძეს.
მნიშვნელოვანია, რომ გვესტუმრება იტალიელი ტენორი, რომელიც ასევე შეასრულებს ნაწარმოებებს.
3 მაისს მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“ გაიმართება ბენიამინო ჯილის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსი/ფესტივალის გახსნა და მოსმენა;
4 მაისს – გალა კონცერტი და დაჯილდოება“, – განაცხადა მან.
მეკო ქავთარაძემ ასევე ისაუბრა რამდენიმე პროექტზე, რომელსაც მისი გუნდი გეგმავს:
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი კაპელა 26 მაისს, მონაწილეობას მიიღებს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილ ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტში „ეს დღე ჩვენია„ და ასევე 7 ივნისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თამარ გვერდწითელის სოლო კონცერტში „ეს სიმღერაა საქართველოსი“, – განმარტა მეკო ქავთარაძემ.