აჭარის რეგიონში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა ახლადგახსნილ ინტერაქციულ სივრცეში „სტარტაპ ბათუმი“, რომელიც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტის – „მუნიციპალური ტრანსფორმაციის პორტფელი – ბათუმი: ახალი სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში“ – ფარგლებში დაფუძნდა. პროექტი განხორციელდა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის-M4EG“ ფარგლებში.
სივრცის ოფიციალური გახსნა საგრანტო პროგრამის დაჯილდოების ღონისძიებამდე შედგა. პროექტი მიზნად ისახავს ბათუმის, როგორც სტარტაპ დედაქალაქის ჩამოყალიბებას, ადგილობრივი ეკოსისტემის გაძლიერებითა და ინოვაციური გარემოს განვითარებით. ახალი ჰაბის ერთობლივ მართვას უზრუნველყოფენ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკი.
აჭარის რეგიონში პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებული პროექტებია:
- სულიკო AI – AI ხელსაწყო ეხმარება კომპანიებსა და სათარჯიმნო ბიუროებს დოკუმენტების თარგმნასა და თარგმნის ხარისხის შემოწმებაში.
- ქარსფეარი – პროექტის ფარგლებში იგეგმება ავტომობილების (ავტოპარკის) მენეჯმენტის სისტემის შექმნა, რომელიც მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს საკუთარი ავტომობილების მონაცემების კონტროლში დაეხმარება.
- Courtmaster-ის მიზანია უზრუნველყოს ბავშვთა კალათბურთის თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია და მოთამაშეების პერფორმანსისა და თამაშის სტატისტიკური ანალიზი.
- კლიქს – სტარტაპი ეხმარება საშუალო და დიდი ზომის E-commerce და Retail კომპანიებს, კონვერსიის 30%-ით გაზრდაში, მარკეტინგული თამაშებისა და პროგნოზირებადი ავტომიზაციის სისტემით.
- ბაიტფოლიო – სტარტაპის მიზანია, რევოლუცია მოახდინოს კულინარიულ სფეროში, დინამიკური პლატფორმის უზრუნველყოფით, რომელიც აკავშირებს კულინარიის ყველა დონის მოყვარულს.
- საზრისი/Sazrisi – პროექტის მიზანია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის და მათ აკადემიურ მოსწრებაზე მორგებული გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები.
რეგიონული საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.