Tesla-მ ავტონომიური ტაქსის ტესტირება დაიწყო. Robotaxi ტაქსის უპილოტო სერვისია, რომლის გაშვების პირობაც ილონ მასკმა ამ ზაფხულისთვის დადო. ჯერ-ჯერობით, სიახლის დატესტვა მხოლოდ Tesla-ს თანამშრომლებს შეუძლიათ, ისიც სან-ფრანცისკოს ტერიტორიაზე.
Robotaxi-ის შესაკვეთად თანამშრომლები შესაბამის აპლიკაციას იყენებენ. ისევე როგორც Uber-ის გამოძახების დროს, ავტომობილის მოსვლისას მგზავრი ამ შემთხვევაშიც შეტყობინებას იღებს. სალონში მათ მძღოლი ელოდებათ: მართალია, ავტომობილი დამოუკიდებლად გადაადგილდება, თუმცა ჯერ-ჯერობით მაინც საჭიროა ადამიანი, რომელიც უსაფრთხოებას გააკონტროლებს.
აღსანიშნავია, რომ უკანა მხარეს მგზავრებისთვის დამატებითი ეკრანებია დამონტაჟებული, სადაც თავის სახელს და დანიშნულების ადგილს ადასტურებენ, ასევე, მგზავრობის სავარაუდო დროსაც ხედავენ.

