საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია პურის მწარმოებლებს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე დამოუკიდებელი ლაბორატორიის მიერ ქართული და რუსული პირველი ხარისხის ფქვილის შემოწმებას და შედარებას სთავაზობს.
ასოციაციამ აღნიშნულის შესახებ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც პურის მცხობელებმა ფქვილის იმპორტზე დაწესებული გადასახადის გადახედვა მოითხოვეს, რადგან, მათი აზრით, ეს გადასახადი ზრდის იმპორტირებული ფქვილის ფასს, ამასთან, ზღუდავს სხვადასხვა ხარისხის ფქვილზე ხელმისაწვდომობას. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ფქვილის იმპორტის დამაბალანსებელი გადასახადი ამოქმედდა, მეპურეებს რუსულ ფქვილზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდათ, ამიტომ მწარმოებლები იძულებულნი არიან მხოლოდ ადგილობრივ წისქვილებში წარმოებული ფქვილი იყიდონ, რომლის ხარისხობრივი პარამეტრები მათთვის არადამაკმაყოფილებელია.
როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, ადგილობრივი ფქვილის ხარისხი სრულ შესაბამისობაშია ფქვილის ტექნიკურ რეგლამენტთან და ხარისხობრივი პარამეტრებით არა თუ არ ჩამოუვარდება, უმეტეს შემთხვევაში, აღემატება კიდეც რუსული ფქვილის პარამეტრებს.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადება:
„იმისათვის, რომ საზოგადოებას ობიექტური და დადასტურებული ინფორმაცია ჰქონდეს საქართველოს წისქვილკომბინატების მიერ გამოშვებული და იმპორტირებული რუსული ფქვილის ხარისხის შესახებ, პურის მწარმოებლებს ვთავაზობთ, მათ მიერ შერჩეული ნებისმიერი დამოუკიდებელი და შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის მიერ:
1. მოხდეს ქართული და რუსული პირველი ხარისხის ფქვილის ხარისხობრივი მაჩვენებლების შემოწმება, ტექნიკურ რეგლამენტთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით.
2. მოხდეს ქართული და რუსული წარმოების პირველი ხარისხის ფქვილის ხარისხობრივი მაჩვენებლების შედარება.
3. ქართული და რუსული ფქვილის ნიმუშების აღება მოხდეს პურის მწარმოებლის, ფქვილის მწარმოებლის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის და ნებისმიერი სხვა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, ნიმუშების აღების დადგენილი წესის შესაბამისად“.