LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის მშრალი თვალის სინდრომი – სილამაზის აკადემია

603
თამარ-ჩიტაძე

რა არის მშრალი თვალის სინდრომი – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ოფთალმოლოგმა თამარ ჩიტაძემ ისაუბრა.

რა არის მშრალი თვალის სინდრომი?

მშრალი თვალის დაავადება არის მულტიფაქტორული პრობლემა, რომელსაც ახასიათებს თვალის ზედაპირის სიმშრალე და მასთან დაკავშირებული სიმპტომები: წვა, უცხო სხეულის შეგრძნება, ხშირად ცრემლდენაც კი, სიწითლე, ქავილი.

არსებობს მშრალი თვალის დაავადების ორი ფორმა: ცრემლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი დეფიციტით გამოწვეული.

პრობლემის უხშირესი გამომწვევი მიზეზი არის მონიტორებთან ხანგრძლივი დროის გატარება, გარემო პირობები, რაც გულისხმობს კონდიცირებულ გარემოს, გამათბობლების მიერ გამომშრალ ჰაერს. სწორედ აღნიშნულ ფაქტორებთან არის დაკავშირებული პრობლემის სიხშირე ჩვენს თანამედროვეობაში. გასათვალისწინებელია, რომ მშრალი თვალის დაავადება ასევე შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სხვადასხვა ტიპის ჰორმონულ დარღვევებთან, კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევებთან, კანის ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა როზაცეა, აკნე, ასაკობრივ ცვლილებებთან.

აკნეს რაც შეეხება, აქ ხაზი მინდა გავუსვა ერთ გარემოებას – თუ პაციენტი იტარებს აკნეს მედიკამენტურ მკურნალობას, რომლის დროსაც ითრგუნება ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქცია, ამ პერიოდში მშრალი თვალი საკმაოდ გამწვავებულია და მხოლოდ თვალის დამატენიანებელი წვეთების გამოყენება, როგორც წესი, საკმარისი არ არის.

მშრალი თვალის დაავადება საკმაოდ ხშირად გვხვდება კონტაქტური ლინზების მტარებელ პაციენტებში, პირებში, ვინც სისტემატურად ატარებს ხელოვნურ წამწამებს და ყოველდღიურად იყენებს თვალის ირგვლივი მიდამოს მაკიაჟს. აღსანიშნავია, რომ ბოტულინოთერაპიამ, ანუ ბოტოქსის ინექციებმა ხშირ შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს მშრალი თვალის დაავადების პროვოცირება.

როგორ ხდება მშრალი თვალის დიაგნოსტირება კლინიკურად? რა გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო?

მშრალი თვალის დაავადების დიაგნოსტირება კლინიკის პირობებში იწყება ანამნეზის შეკრებით – პაციენტის სამუშაო გარემოს, დღის განრიგის და ჩივილების დეტალური შესწავლით, რის შემდეგაც გადავდივართ უშუალოდ კლინიკურ გამოკვლევებზე. პირველ რიგში ტარდება ბიომიკროსკოპია, რაც გულისხმობს თვალის წინა მონაკვეთის დათვალიერებას, ტარდება შირმერის ცდა ცრემლის რაოდენობრივი შეფასების მიზნით. ჩვენს კლინიკაში უკვე რამდენიმე წელია ვიყენებთ უახლეს აპარატს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თვალის ზედაპირის კომპიუტერული დიაგნოსტიკა, რაც თავის მხრივ მოიცავს ქუთუთოების, წამწამების, ცრემლის აპკისა და მეიბომის ჯირკვლების დეტალურ დათვალიერებასა და ანალიზს. მოწყობილობაში ინტეგრირებული სპეციალური პროგრამა უზრუნველყოფს მკურნალობის ინდივიდუალური ალგორითმის შედგენას თითოეული პაციენტისათვის გამოკვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე.

მკურნალობას რაც შეეხება, პირველ რიგში ინიშნება თვალის დამატენიანებელი საშუალებები წვეთებისა და გელების სახით, საჭიროების შემთხვევაში ქუთუთოების ყოველდღიური ჰიგიენა. დამატებითი სამკურნალო ღონისძიებები გულისხმობს კომპლექსურ მიდგომას, რაც ზემოაღნიშნულ საშუალებებთან ერთად მოიცავს საცრემლე წერტილებში ლაკრიმალური საცობების იმპლანტაციას, პროცედურა ძალიან მარტივი და უმტკივნეულოა და IPL თერაპიას, რაც ლაზერული თერაპიის ანალოგია. IPL თერაპია უზრუნველყოფს მეიბომის ჯირკვლების ფუნქციის გააქტიურებას, ხელს უწყობს ჯირკვლებიდან სეკრეტის თავისუფალ გამოდინებას, რის შედეგადაც უმჯობესდება ცრემლის აპკის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობა. IPL თერაპია ასევე ხელს უწყობს ანთებითი პროცესის კუპირებას. პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით 30 წუთია, უმტკივნეულო და უსაფრთხოა, ტარდება ოფთალმოლოგის მიერ შემუშავებული ინდივიდუალური სქემის მიხედვით სეანსების სახით.

როგორ ეხება მშრალი თვალის მკურნალობა ესთეტიკურ მხარეს? რას მოიცავს ესთეტიკური ოფთალმოლოგია?

ესთეტიკური ოფთალმოლოგია მოიცავს როგორც თვალის ჯანმრთელობაზე, ისე მის გარეგნულ მხარეზე, ესთეტიკაზე ზრუნვას.

ჩვენს თანამედროვეობაში სილამაზის საკითხი მეტად აქტუალურია, დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა სახის ინექციური პროცედურები, როგორიცაა ბიორევიტალიზაცია, ბოტულინოთერაპია. აღნიშნული მანიპულაციები ემსახურება გაახალგაზრდავებასა და გალამაზებას, რაც ადამიანს მატებს თავდაჯერებულობას. ამ მანიპულაციების ჩატარების დროს მეტად მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, ამიტომ მიგვაჩნია, რომ პროცედურის ჩატარება ოფთალმოლოგის მიერ, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის სახისა და თვალის ტოპოგრაფიული ანატომია, მანიპულაციის უსაფრთხოდ და ეფექტურად გარანტია.

როგორ დავიცვათ თვალების ყოველდღიურ რეჟიმში?

ყოველდღიურად მნიშვნელოვანია თვალის დამატენიანებელი წვეთების ხშირი და რეგულარული გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ თუ მთელი დღის განმავლობაში გვიწევს ეკრანთან მუშაობა. ახლო მანძილზე დიდი მხედველობითი დატვირთვის შემთხვევაში, რეკომენდებულია მუშაობა ხანმოკლე შესვენებებით, რაც გულისხმობს შორ მანძილზე გახედვას და ასევე მუშაობას კარგი განათების პირობებში.

რა არის თქვენი როგორც ოფთალმოლოგის პროფესიული მისია?

პირველ რიგში პაციენტების მახვილ მხედველობასა და შემდეგ კი მათი თვალების სილამაზეზე ზრუნვა.