ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის 2025 წლის აპრილის ხაჭაპურის ინდექსის თანახმად, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6.62 ლარი იყო, რაც წინა თვესთან შედარებით 4.4%-ით შემცირებული მაჩვენებელია, წლიურ ჭრილში კი ზრდა 6.1%-ს შეადგენს.
ხაჭაპურის ინდექსის კლება თვიურ ჭრილში ძირითადად განპირობებულია კარაქის (-9%), ყველის (-3.8%) და ფქვილის (-3.4%) ფასების შემცირებით. აღნიშნული ცვლილება ასახავს ტიპურ სეზონურ ტრენდს, რადგან ახალი რძის წარმოება გაზაფხულზე იწყებს ზრდას და პიკს ზაფხულის დასაწყისში აღწევს. გარდა ამისა, 3 მარტს დიდი მარხვის დაწყებამ, სავარაუდოდ, ხელი შეუწყო ყველისა და სხვა რძის პროდუქტებზე მოთხოვნის და შესაბამისად, მათი ფასების შემცირებას მარხვის პერიოდში.
წლიურად ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ინგრედიენტების უმეტესობაზე: ყველი (+15.3%), საფუარი (+15.2%), რძე (+4.2%), კვერცხი (+2.4%) და კარაქი (+2.1%). ფქვილი ერთადერთი გამონაკლისი იყო, რომლის ფასიც, წინა წელთან შედარებით, 9.5%-ით შემცირდა.