LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გახდა ანსამბლი „ივერია“ ჩვენი ქვეყნისთვის სინათლე ბნელი გვირაბის ბოლოს

106
როგორ გახდა ანსამბლი „ივერია“ ჩვენი ქვეყნისთვის, სინათლე ბნელი გვირაბის ბოლოს

არსებობენ ხმები, რომლებიც არ გვავიწყდება, მელოდიები, რომლებიც ბავშვობიდან მოგვყვება და შემსრულებლები, რომლებმაც მოახერხეს, ისტორიის ნაწილი გამხდარიყვნენ. ასეთია ანსამბლი „ივერია“ – ქართული მუსიკის ცოცხალი ლეგენდა, რომელიც არამარტო საბჭოთა საქართველოს, არამედ მთელ ამიერკავკასიას უყვარდა. „ივერია“ არ იყო მხოლოდ ანსამბლი, ის იყო ეპოქა, სულის მდგომარეობა, სცენაზე გადმოტანილი ქართული ხასიათი. მათი სიმღერები ხალისით, იუმორით, ტკივილითა და ვნებით იყო სავსე. ეს არ იყო მხოლოდ სიმღერა, ეს იყო წარმოდგენა, თეატრი, სადაც მუსიკა მოქმედებდა, როგორც მთავარი გმირი.

„ივერია“ 1968 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ბაზაზე. კოლექტივი თავიდანვე გამოირჩეოდა სიმღერისა და ქორეოგრაფიის სინთეზით, რაც იმდროინდელ საბჭოთა ესტრადაზე გამორჩეულ მოვლენად იქცა. 70-იან წლებში ანსამბლის ლიდერი, სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი სულისჩამდგმელი იყო ალექსანდრე ბასილაია. ბასილაია იყო კომპოზიტორი, რომელმაც ხიდი გადო კლასიკასა და ესტრადას შორის, ქართულ ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის. მისი მელოდიები ასხივებდა სიყვარულს, იმედს, სამშობლოს ტკივილსა და კაცობის ძალას. ის ქმნიდა არა ხმებს, არამედ ატმოსფეროს – ფერად, ნაზ და იმავდროულად ძლიერ სამყაროს, რომელიც დღემდე ცხოვრობს ჩვენში.

ალექსანდრე ბასილაია 1942 წელს თბილისში დაიბადა. მუსიკა მის ცხოვრებაში ადრეული ასაკიდან შემოვიდა, სწავლობდა ჯერ ვანო სარაჯიშვილის სახელობის მუსიკალურ სკოლაში, შემდეგ კი საქართველოს სახელმწიფო კონსერვატორიაში. მისი პირველი ნაწარმოებებიც მაშინვე გამოირჩეოდა მელოდიურობი, და იმ სიღრმით, რომელსაც მხოლოდ ის კომპოზიტორები ატარებენ, ვისაც სამყაროს აღქმა სმენით შეუძლია.

ალექსანდრე ბასილაიამ კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუკავშირა ანსამბლ „ივერიას“. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა კულტურული ფენომენი, რომელმაც ქართულ ესტრადა სრულიად ახალი ენა ჩამოაყალიბა. მისი ხელმძღვანელობით, „ივერიამ“ არაერთი საკულტო სიმღერა და მუსიკალური სპექტაკლი შექმნა, მათ შორის: „ჩხიკვთა ქორწილი“, მძლავრი მუსიკალური დრამა, რომელიც ბასილაიას კომპოზიციური ოსტატობის ერთ-ერთი მწვერვალია. წარმოდგენაში სცენა სავსე იყო მოძრაობით, ცეკვით, კოსტიუმებით, თეატრალიზებული მოქმედებით. სპექტაკლის პრემიერა თბილისში იმდენად წარმატებული იყო, რომ ბილეთების შოვნა თითქმის შეუძლებელი იყო. მოგვიანებით, მისმა ტელევერსიამ, კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას მიაღწია და ბავშვების საყვარელი სანახაობაც კი გახდა.

დაუვიწყარია „ჩხიკვთა ქორწილში“ ყვავის არია, რომელსაც ლეგენდარული გოჩა ლორია ასრულებდა, არწივის სიმღერას კი, შეუდარებელი თემურ წიკლაური: „თეიმურაზ წიკლაური „ივერიის“ არწივი იყო, – ქართული პოეზიის არწივის – ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე გაზრდილი! სიმბოლურია, რომ ქართველმა ხალხმა მას ქართული ესტრადის არწივი უწოდა! როგორც ქართული პოეზიის არწივის შემოქმედება დარჩება საქართველოს ისტორიაში, ისე დარჩება „ივერიას“ არწივის შემოქმედება ქართული კულტურისა და ხელოვნების ისტორიაში! თემურ წიკლაურის მიერ შესრულებულ სიმღერებს ბავშვობიდან ვეზიარე. ყველა სიმღერას ემოციურად ასრულებდა. ძალიან ემოციურად და სევდიანად ასრულებდა მორის ფოცხიშვილის ლექსზე შექმნილ სიმღერას „იყიდება საქართველო“- იხსენებდა ოთარ რურუა. და მართლაც, თემურ წიკლაურის რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა დაუვიწყარ სიმღერებს, მათ შორის ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“ და მრავალი სხვა.

თემურ წიკლაურის ცხოვრება 1983 წელს ტრაგედიამ შეარყია – მომღერლის 6 წლის ვაჟი, გიორგი წიკლაური ხარებას გარდაიცვალა. მომღერალს მიაჩნდა, რომ ეს უფლისგან მოვლენილი განსაცდელი იყო, რომელიც მძიმედ, მაგრამ მაინც გადაიტანა: „ხალხმა უზარმაზარი პატივი მცა და გიორგის დასაფლავების შემდეგ, დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა. ეს შემზარავიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც” – ამბობდა მომღერალი. გიორგის ფილტვების ანთება დაემართა, გაურთულდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც ეს იყო. საოცარია, მაგრამ წლების შემდეგ, ბიჭუნას 75 წლის მამის გარდაცვალების მიზეზიც – ფილტვები აღმოჩნდა, კოვიდ-19-სგან დაზიანებული ფილტვები. აი, რას ამბობდა თავად თემური ერთ-ერთ ინტერვიუში: „შვილის სიკვდილის შემდეგ, მისი სულის ძებნა დავიწყე. ყველგან ვეძებდი, დედამიწაზე მოცემულ ყველა ფილოსოფიასა და რელიგიაში. წავიკითხე ყველაფერი, ბუდიზმი, დაოიზმი, მუსლიმანური რელიგიის საფუძვლები. ისევ მართლმადიდებლობასთან მოვედი, მხოლოდ აქ დავმშვიდდი. მივხვდი, უფალმა ჩემი შვილის წასვლით, უფრო დიდი რაღაცისთვის მომამზადა” – იხსენებდა მუსიკოსი.

ისევ „ივერიას“ დავუბრუნდეთ, რადგან მის რეპრეტუარში ცალკე აღნიშვნის ღირსია სპექტაკლი „არგონავტები“, სადაც ბასილაიამ ნამდვილი მუსიკალური ექსპერიმენტი ჩაატარა, სიუჟეტი გადიოდა კლასიკური ჰანგებიდან ჯაზურ მოტივებში, ზოგი სიმღერა კი თითქოს როკ-ოპერის ჟღერადობამდე მიდიოდა და ბოლოს, „თოვლის ბებოს ზღაპარი“, პირველი ქართული მუსიკალური ზღაპარი შობის თემატიკით. სპექტაკლის ვიზუალური მხარე გასაოცარი იყო – სცენაზე გადმოდიოდა ნამდვილი ზამთარი: ხელოვნური თოვლი, ბრჭყვიალა დეკორაციები და ზღაპრული კოსტიუმები ქმნიდა სრულ ჯადოსნობას. თოვლის ბებო იყო კეთილი, ჯადოსნური პერსონაჟი, რომელიც ბავშვებს იმედსა და ოცნებებს ანიჭებდა. იგი ეხმარებოდა მათ ბოროტ ძალებთან გამკლავებაში და ახალ წელთან შეხვედრაში. ბასილაიამ სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის დაწერა სიმღერები, რომლებიც სავსე იყო სინაზით, სიმარტივითა და დასამახსოვრებელი მელოდიებით. ზოგიერთი სიმღერა ბავშვებისთვის ნამდვილ ჰიტად იქცა.

„ივერიაზე“ საუბრისას ყველას გვახსენდება „ფიროსმანის“ ტრაგიკული ბიოგრაფიის სცენური ახსნა. სპექტაკლის სიუჟეტი ასახავდა ნიკო ფიროსმანის ცხოვრების დრამატულ გზას, ბავშვობიდან სიცოცხლის ბოლომდე. სცენაზე გადიოდა მისი მარტოსულობა, უაღრესად რთული ყოფა, სიღარიბე, მაგრამ იმავდროულად, მისი სულიერი სიდიადე და სიყვარულით აღსავსე შინაგანი სამყარო. ბასილაიას ამ სპექტაკლისთვის შექმნილი მუსიკა არის მგრძნობელობით გაჯერებული, თითქოს ფიროსმანის ნახატების ფონზე გაჟღერებული მელოდიები..

„ივერიას“ რეპერტუარიდან ვახტანგ ტატიშვილისა და ნუგზარ კვაშალის „ორად ორი მეგობარი, ორი ჯუჯას” ზღაპარი რად ღირს, ზღაპრული ალეგორია მეგობრობაზე, ერთგულებაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება პატარა არსებებმა დიდი საქმეები გააკეთონ. „ორი ჯუჯა“ არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება თეატრმა და მუსიკამ ერთდროულად გაართოს, ასწავლოს და ემოციურად დააკავშიროს მაყურებელი.

ანსამბლი „ივერია“ წარდგენილი იყო არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც ქართული მუსიკის ელჩად იქცა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი კოლექტივი, რომელმაც სცენაზე ცოცხალი ვოკალისა და ბენდის სინთეზი დანერგა. ანსამბლს ხშირად უწოდებდნენ „ქართულ ABBA-ს“.  მათ მიერ შესრულებული სიმღერები დღემდე პოპულარულია, არაერთი სიმღერა კი თანამედროვე არტისტების მიერ გადამღერებულიცაა.

მრავალი წლის წინ, როცა თბილისი ხშირად ღამეს უფერულ სიჩუმეში ხვდებოდა — უშუქობასა და მოლოდინში, იყო რაღაც, რაც უნებურად უნათებდა ქალაქს შიგნიდან. ეს იყო ანსამბლი „ივერია“ – ხმებით, სცენით, ღიმილითა და ტკივილით მოდიოდა ხალხთან და მოჰქონდა ის, რაც ყველაზე ძვირფასია: სიხარული, სინათლე და გულის ამოძახილი. როცა „ივერიას“ სპექტაკლს აანონსებდნენ, ქალაქში მოლოდინი იწყებოდა. ოჯახები გეგმავდნენ, როგორ ენახათ ერთად „ჩხიკვთა ქორწილი“. ბავშვები ელოდებოდნენ „თოვლის ბებოს ზღაპარს“. ახალგაზრდები წინასწარ იმახსოვრებდნენ დღეებს, როცა „ფიროსმანი“ ან „არგონავტები“ გაიჟღერებდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი თარიღები – სპექტაკლზე წასვლა ნიშნავდა საკუთარ სულზე ზრუნვას. ხშირად, როცა შუქი არ იყო და ტელევიზორიც დუმდა, ხალხი უსმენდა „ივერიას“ სიმღერებს რადიოში ან კასეტებზე. და საკმარისი იყო თემურ წიკლაურის ხმა, ბასილაიას მელოდია, რომ თბილისში სინათლე ინთებოდა. ეს იყო შუქი, რომელსაც ვერ ჩააქრობდა ვერც ელექტრობა და ვერც დრო. ანსამბლი „ივერია“ არ იყო მხოლოდ მუსიკალური ჯგუფი – ის იყო იმედის მაცნე, კულტურის მჭედელი და სულიერი მკურნალი. და დღესაც, როცა „ფიროსმანი“ გაჟღერდება, როცა ბავშვი გაიღიმებს „ტიტველა ჩიტის“ ხმაზე, როცა რომელიმე ოჯახში ძველი ჩანაწერი გადის – თბილისი ისევ ინათებს. ისევ ისე, როგორც მაშინ, როცა „ივერია“ სცენაზე დგებოდა და მთელი დარბაზი ერთად სუნთქავდა – თითქოს სიბნელეს ებრძოდნენ ერთად, სიყვარულითა და სიმღერით.

„მზის შუქი სცენიდან“ – ლელა სიხარულიძე: ტრაგიკულად დაღუპული ვარსკვლავი, რომელიც გულებში დარჩა

ულამაზესი ჯილდა დათუაშვილი – ქართული ესტრადის ნაადრევად ჩამქრალი მარგალიტი

გოგი დოლიძე – კაცი, რომელიც ქართულ მუსიკას გულით შეეხო – მუსიკალური ისტორიები

რევაზ ლაღიძე – კაცი, რომლის მელოდიებმაც თბილისს განსხვავებული სული შთაბერა – მუსიკალური ისტორიები

magti 5g