დამწვარი „ბორჯომის ბაზრობის“ მოვაჭრეებს მერია 2 000-დან 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაციას გადაუხდის, ბაზრობის აღდგენა კი დაახლოებით 6 თვეში იგეგმება – ამის შესახებ BM.GE-სთან ნახანძრალი ტერიტორიის ქვეკონტრაქტორი კომპანიის დირექტორმა, თორნიკე წერეთელმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მერია ადგილს ასუფთავებს, რის შემდეგაც „თბილისი ცენტრალს“ გადასცემს. პარალელურად, მიმდინარეობს ახალი ბაზრობის პროექტის შეთანხმება.
„მერიამ კომპენსაციების ნაწილი ფართების მიხედვით სამად გაყო. პროდუქტით მოვაჭრეები აიღებენ 2 000 ლარს, ცოტა დიდი ფართი ვისაც ჰქონდა 5 000 ლარს და ყველაზე დიდ ფართში მოვაჭრეები 10 000 ლარს.
ამ ეტაპზე პროცესი ასეთია, სუფთავდება ტერიტორია, რის შემდეგაც უნდა გადაეცეს „თბილისი ცენტრალს“. მას შემდეგ კი, რაც პროცესი დასრულდება ცენტრალი შევა და ახალ ბაზარს ააშენებს.
„ყველა ყუთი თუ ცარიელია, სავსე ყუთები სად არის? ქაღალდები და ცარიელი ყუთებია, ვინ მოიპარა?“ – „ბორჯომის ბაზრობაზე“, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ხმაური და დაპირისპირება იყო
„საწყობები ცარიელია. ცარიელი ყუთები რომ ყრია, არ დაიწვა? სად არის ის ფეხსაცმელი, რომელიც შიგნით იყო?“
ჯერ შეთანხმებული არ არის, ჩვენ რა ნაწილში, ან როგორ დავრჩებით. ახლა პროექტის შეთანხმება მიმდინარეობს და ცხადია, ჩვენს გვაქვს საუბარი და მოლაპარაკებები.
მერია ცდილობს, რაც შეიძლება მალე მორჩეს ეს ყველაფერი. ახლა, დაახლოებით 6 თვის ვადას ფიქრობენ“, – განაცხადა თორნიკე წერეთელმა.
მისი თქმით, „ბაქანის“ ტერიტორიაზე 341 მოვაჭრეს დაეწვა ფართი.
ინფორმაციისთვის, 30 აპრილს, დილით, თბილისში, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტანსაცმლისა და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებს გაუჩნდა.
სადგურის მოედნის ტერიტორიაზე ხანძრის გამო ახლომდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.