წინა საახალწლო გადაცემას ”არის 2015” გვანცა ზაქარეიშვილი და კობა მესხია ესტუმრნენ.
– პირველ რიგში არ დაიდარდოს მსმენელს ვულოცავთ ახალ წელს და ყველა სურვილი ახდენოდეთ.
– როგორი იყო განვლილი 2014 წელი?
გვანცა: – კიდევ ერთ პროფესიას შევეჭიდე და მაგისტრატურაში საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით შევეჭიდე და დავიწყე სწავლა. შეიძლება ითქვას, რომ დადებითი წელი იყო ჩემთვის.
კობა: – ძალიან კარგი წელი მქონდა, ბევრი ახალი სიმღერა დავწერე. ბევრი არანჟირება გავაკეთე სხვებისთვის. მშვენიერი დასასრულიც მაქვს. წინა საახალწლოდ გვანცასთან დუეტიც ჩავწერე.
– გჯერათ აღმოსავლური კალენდრის?
გვანცა: – ბეკეკოები უკვე მყავს სახლში. დანარჩენს რაც შეეხება, ნამდვილად არ ვითვალისწინებ და არც მჯერა. ხანდახან ვეცნობი ხოლმე.
კობა: – მეც არ მჯერა. თუმცა სტუდიაში ყველა ცხოველი მყავს.
– როგორი მეკვლეები ხართ?
კობა: – კარგი ფეხები მაქვს, სწორი და გაუპარსავი. ერთი მეგობარი მყავდა, რომელიც ყოველ საღამოს მაძლევდა ფულს, რომ მის მაღაზიაში დილას, პირველ ხელზე მეყიდა რაიმე, ალბათ კარგი ხელ-ფეხი მაქვს.
– სად ხვდებით ახალ წელს?
გვანცა: – კულტურის სამინისტრომ მე გორში განმამწესა და იქ შევხდები ახალ წელს.
კობა: – მე მშობლიურ სამეგრელოში შევხვდები ახალ წელს. ელარჯი, გებჟალია, რა გინდა სულო და გულო. ცოცხალი ბენდი იქნება. ვისიამოვნებ ამ პროცესით.
– რა გეგმები გაქვთ 2015 წელს?
გვანცა: – არის გეგმები, მაგრამ წინასწარ საუბრისგან თავს შევიკავებ. მინდა, რომ იყოს პროდუქტიული წელი. ძალიან მინდა მსმენელი ბევრი სიმღერით გავანებივრო.
– კერძების მომზადებაში თუ იღებთ მონაწილეობას?
კობა: – სამწუხაროდ დრო არ მაქვს. მე სიმღერისა და გართობის ხაზით ვერთვები საახალწლო სუფრაზე. სიმართლე გითხრათ მიყვარს კულინარობა.
– ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…
კობა:- კარგად შეეწყო ჩვენი ხმები ერთმანეთს. ერთხელ უკვე გავაკეთეთ ეს სიმღერა თავიდან ბოლომდე, მაგრამ წაგვეშალა და შემდეგ უკეთესი ვერსია გამოგვივიდა, ამიტომ ზოგი ჭირი მარგებელია. სიმღერას ასე ჰქვია – ”სულ ერთად”.
გვანცა: – კობამ დიდი ხნის წინ შემომთავაზა გაგვეკეთებინა ერთად სიმღერა. მივედი მასთან სტუდიაში, ავარჩიე კობას ნამუშევრებიდან სიმღერა. ჯერ გავაკეთეთ ფონოგრამა, შემდეგ წაეშალა, შემდეგ გავაკეთეთ ტექსტი. ტექსტი მე მეკუთვნის, მელოდია კობას. ბასის პარტია ასევე მე შევასრულე. ჩაიწერა ”სმაილ-რეკორდსში” – ასე დავარქვა კობამ ამ სტუდიას.
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
კობა მესხია & გვანცა ზაქარეიშვილი – სულ ერთად
გადაცემის ვიდეო კოლაჟი
