LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ დაავადებების მკურნალობაზე მეტად ეფექტური და ღირებული დაავადებების პრევენციაა…“ – რატომ არის მნიშვნელოვანი კურორტული მკურნალობა და რა შესაძლებლობებია ამ მხრივ კურორტ საირმეში

1437
საირმე

რატომ არის მნიშვნელოვანი კურორტული მკურნალობა, რა პროცედურებს, აქტივობებსა და შესაძლებლობებს გვთავაზობს კურორტი საირმე, როგორ დგება კონკრეტული პაციენტის მკურნალობის სქემა და რა არის სრულფასოვანი დასვენების საიდუმლო – აღნიშნულ მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ კურორტ საირმეს პროდუქტების განვითარების მენეჯერმა – ელი ჩაკვეტაძემ ისაუბრა.

ელი, რატომ არის მნიშვნელოვანი კურორტული მკურნალობა?

კურორტული მკურნალობა ეს არის ბუნებრივ და სამეცნიერო რესურსებზე დაფუძნებული სამკურნალო მეთოდები, ის იყენებს ბუნებრივ რესურსებს, კლიმატს, ჰაერს, მინერალურ, თერმულ თუ სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიურ წყალს, ბალნეო თერაპიულ პროცედურებს, ჩვენს შემთხვევაში, ეს გახლავთ აბაზანები, ჰიდროჭავლური აბაზანა, მარგალიტოვანი, ოზონირებული აბაზანა, ის ასევე იყენებს სხვადასხვა სპეციალიზებულ პროცედურას, მაგალითად, ჰიდროკოლონოთერაპიას, ინჰალაციებს, ნაღვლის ბუშტის ყრუ გამორეცხვას, სხვადასხვა ტიპის ირიგაციას, მაგალითად, ვაგინალურს, პირის ღრუს, რაც მთავარია, ის იყენებს მოძრაობის თერაპიას, აღდგენით თერაპიებს და ფსიქოემოციურ ბალანსს, რაც მოიაზრებს ბუნებაში ყოფნას, ფსიქოემოციური სტატუსის დაბალანსებასა და გაუმჯობესებას, ძილის მოწესრიგებას და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, კურორტული მკურნალობის მიზანი არის როგორც ქრონიკული დაავადებების მკურნალობა, ისე პრევენცია, პროფილაქტიკა და რეაბილიტაცია.

მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნე არის ტექნოლოგიური პროგრესისა და მუდმივი დაძაბულობის ეპოქა, ეს ყველაფერი კი გავლენას ახდენს ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე. მომატებული სტრესი, ეკოლოგიური ფაქტორები, არარეგულარული და არაჯანსაღი კვება, უმოძრაო ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა, ზრდის ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს. ამ რეალობაში კი, კურორტული მკურნალობა ერთადერთ ეკოლოგიურ, უსაფრთხო, ჭკვიანურ გამოსავლად რჩება.

დამტკიცებულია, რომ ადამიანები, რომლებიც ირჩევენ კურორტულ და ბალნეო-კურორტულ მკურნალობას და დასვენებას, უკეთესად ართმევენ თავს სტრესის მართვას, ნაკლებად ავადდებიან სხვადასხვა ტიპის ქრონიკული დაავადებებით და უფრო დიდხანს ინარჩუნებენ აქტიურ მდგომარეობას.

დღეს, როცა დრო ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ღირებული რამ არის კურორტზე გატარებული რამდენიმე დღე, შეიძლება, რომ ჩვენი სიჯანსაღისთვის რამდენიმეწლიანი ინვესტიცია აღმოჩნდეს. 

ბუნებაზე დაფუძნებული მკურნალობის მეთოდები – ეს არ არის წარსულის მეთოდები, პირიქით, მომავლის მედიცინაა.

მკურნალობის კუთხით, რას გვთავაზობს საირმე, რა დაავადებებისთვის არის მნიშვნელოვანი ის, რით განსხვავდება ის სხვა კურორტებისგან, რა უპირატესობა აქვს?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ დაავადებების მკურნალობაზე მეტად ეფექტური და ღირებული დაავადებების პრევენციაა.

აღსანიშნავია, რომ კურორტზე ჩასვლისას ადამიანი ერთდროულად იღებს როგორც კლიმატის დადებით ზეგავლენას, ისე სხვადასხვა მინერალური და თერმული წყლის სამკურნალო ეფექტს, ფსიქოემოციური და სრულყოფილი დასვენებისთვის საჭირო ყველა სერვისს. საირმე – ეს არის ბუნებრივად ჰარმონიული გარემო.

სამკურნალო წყლებზე საუბრისას, უნდა აღვნიშნოთ, რომ საირმეში არის ოთხი ტიპის სასმელი წყალი, რომელთა ქიმიური შემადგენლობაც აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ასევე, საირმეში არის თერმული წყალი, რომელიც ჩვენი კურორტის ძირითადი ღერძი და ბუნებრივი ელექსირია.

საირმის პაციენტებზე დადებითი გავლენა აქვს კლიმატსაც, რომელიც არის ზომიერად ტენიანი და ზომიერი ტემპერატურის, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის ადაპტაციას, ძილის ხარისხის გაუმჯობესებას. ჰაერი, რომელიც იონებით არის გაჯერებული, ძალიან ეფექტურია სასუნთქი გზების სხვადასხვა ტიპის დაავადების დროს და ძალიან კარგია იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის.

თამამად შემიძლია ვთქვა, სამკურნალო ეფექტი აქვს, თუნდაც, მდინარის ხმას, რომელსაც დადებითი ზეგავლენა აქვს სხვადასხვა ტიპის ნერვული დაავადების დროს, ის კარგად მოქმედებს ფსიქოემოციური სტატუსის დასტაბილურებაზე, ძილის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

როგორც ვისაუბრეთ, ჩვენთან ტარდება სხვადასხვა პროცედურა თერმული წყლით, ინჰალაციები, სხვადასხვა ტიპის აბაზანა. ძალიან მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ეს ყველაფერი, ორგანიზმის გაჯანსაღება მედიკამენტების გარეშე, ბუნებრივი რესურსებით ხდება.

კურორტული მკურნალობა შეიძლება, მოვიაზროთ, როგორც ალტერნატიული მკურნალობის მეთოდი, ან მედიკამენტური თუ სხვა სახის მკურნალობის დამხმარე მეთოდი.

მოგეხსენებათ, მედიკამენტურ მკურნალობას ძალიან ხშირად ახლავს უკუჩვენებები, რაც კურორტულ მკურნალობას არ ახასიათებს, რადგან ამ დროს არ ხდება ორგანიზმის გადაძაბვა, პირიქით, ის ორგანიზმს ენერგიით ავსებს.

კურორტულ მკურნალობას, ძირითადად ,ქრონიკული დაავადებების რისკის მქონე ადამიანები ან უკვე დაავადებული ადამიანები იყენებენ, ის ასევე, გამოიყენება პოსტოპერაციული მდგომარეობების დროს, გაჯანსაღებისთვის, რეაბილიტაციისთვის. ის გამოიყენება ისეთი პრობლემების დროს, როგორიცაა შარდკენჭოვანი დაავადებები, საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა პათოლოგია, კანის დაავადებები, ენდოკრინული სისტემის პრობლემები, ღვიძლის სხვადასხვა პათოლოგია, სასუნთქი გზების დაავადებები, ქრონიკული ბრონქიტები, ასთმა, რინიტი, რა შემთხვევაშიც ჩართულია იჰჰალაციები მინერალური წყლით, ჰალოთერაპიულ კაბინეტთან ერთად. ამ ყველაფერს ემატება კლიმატური დადებითი მახასიათებლები, რაც კურორტ საირმეს აქვს.

ასევე, კურორტი საირმე ეფექტურია იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, სხვადასხვა ტიპის ალერგიის დროს, ის ძალიან ბევრი მიმართულებით არის აქტიური და აქტუალური. აქ დასვენებასთან ერთად, ადამიანი ჯანსაღდება.

თუ ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადება, კურორტზე მკურნალობა ახანგრძლივებს რემისიის პერიოდს, გამოჯანმრთელების პერიოდს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია.

როგორ დგება კონკრეტული პაციენტისთვის მკურნალობის სქემა?

კურორტზე ჩამოსული თითოეული მომხმარებელი ინდივიდუალურად გადის სამედიცინო კონსულტაციას ჩვენს ექიმ თერაპევტებთან. მოგეხსენებათ, საირმეში ფუნქციონირებს 24-საათიანი პოლიკლინიკა, სადაც ჩვენს პაციენტებს ძალიან გამოცდილი სპეციალისტები ემსახურებიან. აღსანიშნავია, რომ ექიმის კონსულტაცია უფასოა.

მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ თითოეული წყალი და პროცედურა ექიმის რეკომენდაციით იყოს დანიშნული.

როგორც იცით, ჩვენთან არსებული წყლები განსხვავდება ქიმიური შემადგენლობით, მინერალიზაციის ხარისხით, ტემპერატურული მაჩვენებლით, გემოვნური თვისებებითაც კი, შესაბამისად, მათი მოქმედების მექანიზმიც განსხვავებულია.

თუ კურორტზე ჩამოსულ პაციენტს არ აქვს დადასტურებული დიაგნოზი, ექიმთან კონსულტაციით დგება სავარაუდო დიაგნოზი, შემდეგ, კეთდება დამატებითი ლაბორატორიული კვლევები და უკვე, დიაგნოზის შესაბამისად, ექიმი ადგენს კონკრეტულ მკურნალობის სქემას. ექიმი ინდივიდუალურად ნიშნავს წყალს, მის დოზირებას, მიღების რეჟიმსა და ტემპს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი წყალი ყლუპ-ყლუპად მიიღება, ზოგიერთი კი ერთიანად.

როგორც გითხარით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წყლის მიღებისას, დაცული იყოს დოზირება, სწორედ ამისთვის თითოეულ წყალთან დამონტაჟებულია ე.წ. დოზიმეტრი.

რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვებას კურორტზე და რა ტიპის აქტივობები ელით საირმეში ჩამოსულ დამსვენებლებს?

ზოგადად, კურორტზე დასვენება არ არის უბრალოდ დასვენება, ეს არის სრულყოფილი დასვენება, რაც მოიცავს ყველა კომპონენტს, ფიზიკურ, მენტალურ და ფსიქოემოციურ განტვირთვას. აქ დასვენება და განტვირთვა ჯანმრთელობასა და გაჯანსაღებაზე გადის.

ჩვენთან შესაძლებელია სეირნობა ბუნებაში, ცხენების ტური, ზიპლაინი, რომელსაც დადებითი ზეგავლენა აქვს ემოციების, ფსიქოემოციური სტატუსის მართვაზე. ასევე, საირმეში არის სასროლეთი, რომელიც იდეალური სივრცეა განტვირთვისთვის.

ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებულია კვება, კურორტზე ამას დიდი ყურადღება ექცევა. აქ არის ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა საკვები. აქ თითოეული პროდუქტი ძალიან მნიშვნელოვან შეფასებასა და შემოწმებას გადის. საკვები რაციონი ძალიან დიდი სიფრთხილით არის შედგენილი. შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ამ კუთხით, კურორტი საირმე მოწინავეა.

როგორ გვეხმარება საირმე ძალების აღდგენაში, შრომისუნარიანობის გაუმჯობესებაში, რა არის სრულფასოვანი დასვენების საიდუმლო?

დასვენება არ არის მხოლოდ შვებულების აღება, ქალაქიდან გასვლა, ტელეფონის გათიშვა, აუზზე დროის ტარება და ა.შ. სრულფასოვანი დასვენება რამდენიმე მნიშვნელოვან რგოლს მოიცავს და თითოეულის ამოვარდნა, სრულიად არღვევს პრინციპს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური და ფსიქოემოციური დასვენება, რელაქსი, რაც პირდაპირ შეგვიძლია, დავუკავშიროთ საირმის ბუნებას, კლიმატს, ჰაერს, მდინარის ხმის გავლენას. 

სხვადასხვა პროცედურაზე რომ ვისაუბროთ, ძალიან მნიშვნელოვანია პირის ღრუს ირიგაცია, რადგან პირის ღრუ არის კარიბჭე ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილი ძალიან ბევრი დაავადებისთვის. შესაბამისად, პირის ღრუს სიჯანსაღე ძალიან მნიშვნელოვანია. დეტოქსიკაციური პროცედურები სრულფასოვანი დასვენებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

აღსანიშნავია ჰიდროკოლონოთერაპია, შინაგანი წმენდა.

ჩვენთან არის წყალქვეშა მასაჟები, რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის კუნთების გადაძაბვას.  ასევე, ადგილზე დაგხვდებათ შარკოს შხაპი, ჰიდროჭავლური აბაზანა, სხვადასხვა ტიპის აბაზანა, თუნდაც, ქვედა კიდურების აბაზანები, რაც ძალიან ეფექტურია დაღლილი ფეხის სიმპტომის შემთხვევაში.

დასვენების კონტექსტში რომ ვისაუბროთ, ძალიან კარგია მშვიდი აბაზანები. თერმული წყალი, თავისი ტემპერატურული მაჩვენებლითა და შემადგენლობით, ხელს უწყობს ორგანიზმის დამშვიდებას და საჭირო მიკროელემენტებით გაჯერებას. 

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ჰალოთერაპიული კაბინეტი, ფილტვების ვენტილაცია, სუნთქვის ხარისხის გაუმჯობესება.

საირმე ერთ სისტემაში აქცევს სრულყოფილი დასვენებისთვის საჭირო ყველა რგოლს, დაწყებული ჯანსაღი კვებით, დასრულებული სხვადასხვა აქტივობა. შესაბამისად,  უნიკალური და პრიორიტეტულია საირმეში დასვენება, რაც დაფუძნებულია გაჯანსაღებაზე. კურორტის უნიკალურობა სწორედ ისაა, რომ თან ისვენებთ და თან სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ხართ. ეს არის შედეგზე ორიენტირებული თერაპია და დასვენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები