მწვადი ის კერძია, რომლის სურნელი არათუ არცერთი სხვა კერძის სურნელში არ აგერევა, მადას განსაკუთრებულად აღგიძრავს და შენთვის ძვირფასი ადამიანების გარემოცვაში დროის სასიამოვნოდ გატარებისკენ გიბიძგებს. სწორედ ამიტომაა ის ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილი და სტუმარმასპინძლობის ერთგვარი სიმბოლოც. იმისთვის, რომ მწვადი მხოლოდ სუფრის კუთვნილება არ ყოფილიყო, ორმა ქართველმა ახალგაზრდამ მისი „ფასტ ფუდის“ ფორმატში გადმოტანა გადაწყვიტა და მწვადის მოყვარულები, ჯადოსნური ფრაზით „ცეცხლი აინთო“, ახალ კულინარიულ თავგადასავალში შეიტყუა.

მიხეილ ჩაფურიშვილი, ქართული სწრაფი კვების რესტორნის „ცეცხლი აინთო“ ერთ-ერთი დამფუძნებელი:
– სამწვადის ტიპის სწრაფი კვების ობიექტის გახსნის იდეა მე და ჩემს მეგობარს, გიორგი ახსაბაძეს ორი წლის წინ გაგვიჩნდა. მაშინ ორივეს საოფისე სამსახური გვქონდა და როგორც ოფისში მომუშავე ყველა ადამიანს, ერთი და იგივე საკვების, ე.წ. ჯანქ ფუდების ან სამსახურში წაღება ან გამოძახება გვიწევდა. სწორედ მაშინ დავფიქრდით, რატომ არ შეიძლება არსებულიყო შედარებით ჯანსაღი, ქართული ტიპის სწრაფი კვება, რატომ არ შეიძლება არსებულიყო, მაგალითად, სამწვადე, სადაც მაყალზე შემწვარი მწვადი, შოთის პურთან ერთად, მოდის მხოლოდ შენი პორცია, ანუ ეს არ არის მწვადი, რომელიც მეგობრებმა უნდა გაიზიაროთ.

რესტორანს სახელწოდება ჩემმა მეუღლემ შეურჩია – იქიდან გამომდინარე, რომ გვინდოდა სახელწოდება მარტივად დასამახსოვრებელი ყოფილიყო, ფრაზა „ცეცხლი აინთო“ შემოგვთავაზა, რაც რაღაცის დაწყებას, რაღაცის მოლოდინს ნიშნავდა ჩვენს ბავშვობაში. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს საქმე ჩვენთვისაც რაღაცის დასაწყისი იყო, ამასთან, ჩვენი ყველა კერძი ცეცხლზე მზადდება, ფრაზა იდეალური გამოდგა ჩვენი კვების ობიექტის სახელწოდებად.
რესტორანში „ცეცხლი აინთო“ მწვადის მომზადების ტექნოლოგია ტრადიციულია, ის მაყალზე იწვება, მაგრამ მისი შეფუთვის ფორმაა განსხვავებული – ჩვენ ვიყენებთ ე.წ. კრაფტ ქაღალდისგან დამზადებულ თეფშებს, ხის ჩანგლებს, ანუ ყველაფერი ერთჯერადი მოხმარებისაა. „ცეცხლი აინთო“ თვითმომსახურების რესტორანია – მომხმარებელი თვითონ იღებს შეკვეთას და თვითონვე ყრის ნარჩენებს.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ უკმაყოფილო მომხმარებლები არ გვყოლია და ისინი, ძირითადად, ერთმანეთის რეკომენდაციით გვსტუმრობენ. სახელს და ხარისხს პირველივე დღიდან ძალიან ვუფრთხილდებით. გახსნის დღიდან აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, რომ ის, რაც ქართულ ბიზნესს ხშირად ემართება, კარგად იწყებენ და ცუდად ამთავრებენ, ჩვენ არ უნდა მოგვსვლოდა. უკუკავშირი გვაქვს ძალიან კარგი, როგორც ადგილზე მოსული სტუმრებისგან, ისე შეფასებებით გუგლში, თუ მიტანის პლატფორმებზე. სწორედ ამ შეფასებების წყალობით გვყავს ბევრი უცხოელი მომხმარებელიც. გვეამაყება, რომ საუკეთესო რეიტინგი მოპოვებული გვაქვს შრომით და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით. „ცეცხლი აინთო“ ჩვეულებრივი „ფასტ ფუდ“ სტილის რესტორანია, მაგრამ ის ქართულ ტრადიციულ საჭმელს გთავაზობს.

ვმუშაობთ ყოველდღე, ვიწყებთ 12 საათიდან, რადგან ჩვენი ძირითადი მომხმარებლები ოფისში მომუშავე ადამიანები არიან. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ის, რომ მწვადის ჭამის კულტურა შეგვეცვალა. ერთია, როდესაც მწვადის საჭმელად მეგობრებთან ერთად ბუნებაში გადიხარ და მეორე, როცა მას ლანჩზე, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, შენთვის განკუთვნილი პორციით მიირთმევ. რესტორანი ღამის 10 საათზე იკეტება.

ამჟამად 2 ფილიალი გვაქვს, ერთი მდებარეობს საბურთალოზე, ტაშკენტის ქუჩაზე (სხვათა შორის, ეს ჩვენი პირველი ობიექტია), მეორე კი – ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე.
წლის ბოლომდე მესამე ფილიალის გახსნისთვის ვემზადებით და ზოგადად, ჩვენი მიზანი თბილისის გარეუბნებში გასვლაა.

7 ივლისს დაბადების დღე აღვნიშნეთ, 2 წლის გავხდით. თავიდან ხუთი თანამშრომელი გვყავდა, დღეს უკვე ოცნი ვართ. მოგეხსენებათ, მწვადის შეწვა არცთუ მარტივი საქმეა, ამიტომაც ბევრ ადამიანს გაუვლია ჩვენს ხელში, ვიდრე ჩვენი გუნდის წევრი გახდებოდა. გვაქვს ჩვენი სტანდარტები, რომლებიც საკმაოდ განსხვავდება კვების სხვა ობიექტებისგან. გამომდინარე იქიდან, რომ მენიუში სულ ოთხი დასახელების კერძი გვაქვს – ღორის მწვადი ორნაირად, ქათმის მწვადი და ქაბაბი, ჩვენთან ადამიანი რომ მოვა და მწვადი არ მოეწონება, ესე იგი, არაფერი არ მოეწონა, ამიტომაც მწვადის შეწვა ხელოვნების დონეზე გვაქვს აყვანილი. ხორცის შერჩევით დაწყებული, განსხვავებულია ხორცის დამუშავებაც და შეწვის ტექნიკაც. ჩვენთან მაყალთან ძირითადად მამაკაცები მუშაობენ.