LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრანადას საერთაშორისო ფესტივალი და რომში შესრულებული ისტორიული დადგმა – „კარმენი“ – ქეთევან ქემოკლიძის წარმატების საიდუმლო: „არ შეიძლება გაჩერება, „მოძრაობა და მოძრაობა…“ – ეს არის ჩემი მთავარი დევიზი“

460
ქეთევან-ქემოკლიძე

გრანადას საერთაშორისო ფესტივალის წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული, ცნობილი მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ ესტუმრა და კარიერულ სიახლეებსა და საერთაშორისო სცენებზე მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა, ასევე გაგვიზიარა, თუ როგორ უთავსებს საოპერო კარიერას ოჯახურ ცხოვრებას.

ქეთი, მოგვიყევი გრანადას საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც ახლახან დასრულდა და მოგეცა საშუალება, რომ შენს საყვარელ საქართველოში ჩამოსულიყავი.

საქართველოში ჩამოსვლა ჩემთვის ყოველთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა და არა მარტო ჩემთვის, ჩემი ოჯახის წევრებისთვის, ბავშვებისთვის. რომში ვმღეროდი და ბავშვებს ვუთხარი, როცა სკოლა მორჩება, ჩემთან ჩამოდით და საქართველოში მერე წადით-მეთქი, არაო, უარი მითხრეს, სკოლა რომ დამთავრდება, ეგრევე, იმავე ღამეს, უნდა გავფრინდეთ საქართველოშიო. როდესაც ასეთი სიყვარულია სამშობლოს მიმართ, ვაპატიე მათ ის ფაქტი, რომ ერთი თვე არ მყავდა ნანახი და უარი მითხრეს ჩამოსვლაზე. მიხარია, რომ ასე უხარიათ საქართველოში ჩამოსვლა, ეს ყველაზე დიდი და მთავარი მომენტია ჩემთვის. 

რაც შემეხება მე, ძალიან გადაბმულად დატვირთული განრიგიდან აღმოვჩნდი პირდაპირ საქართველოში. ახლახან დამთავრდა გრანადას საერთაშორისო ფესტივალი, ეს არის ძალიან ტრადიციული და ძალიან ლამაზი ფესტივალი, რომელიც ალჰამბრას ცნობილ მონუმენტთან ტარდება. პატიო დე არაიანესში იყო ულამაზესი, ჯადოსნური ადგილი, რომ დავდექი, არ ვიცოდი, რაზე მეფიქრა, ცა, ვარსკვლავები, ულამაზესი შადრევანი… ასეთ ლამაზ ადგილებში ძალიან რთულია ხოლმე სიმღერა. მთავარი მოვლენა იყო ის, რომ მე ვასრულებდი ცნობილი ესპანელი დირიჟორის მანუელ დე ფაიას ფსიქეს. ზოგადად, ეს ფსიქეს ისტორია აკრძალულ სიყვარულზეა. ამ ნაწარმოების დაწერიდან 100 წლის იუბილე იყო და ჩავწერეთ კლიპი. ასე რომ, გამოვა კლიპი, რომელიც ამ რეგიონის მთავრობის ინიციატივით დაფინანსდა და მიხარია, რომ მივიღე მონაწილეობა, რადგან არ ვარ დარწმუნებული, ეს ნაწარმოები ვინმე ქართველს თუ აქვს შესრულებული, მით უმეტეს, კლიპის სახით.

გრანადას გარდა, იყო რომი და იქ შესრულებული კარმენი…

რომში ნამდვილად ჯადოსნური იყო. ზოგადად, რომში უკვე მესამედ ვიმღერე კარმენი. ეს იყო ძალიან ცნობილი იტალიელი მხატვრის, რენატო გუტუზოს ისტორიული დადგმა. ეს დადგმა სამოციანებში შეიქმნა და ახლა აღადგინეს. ეს დადგმა საოპერო ხელოვნების საოცარმა ვარსკვლავებმა იმღერს. ადრე, მეცო-სოპრანოს როლს გრეის ბამბრი ასრულებდა. ჩვენ სულ ვამბობთ, რომ თანამედროვე მომღერლები უფრო კარგ ფორმაში ვართ, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ბოლომდე მართალი არ არის, რადგან ერთადერთი ორიგინალი კოსტიუმი იყო, თვითონ გუტუზოს შექმნილი, რომელიც მაშინ, გრეის ბაბმრს ეცვა და რომელიც მე ხელუხლებლად ჩავიცვი, იმდენად გამხდარი იყო ეს ქალბატონი. ისეთი ელვა ჰქონდა, რკინის, ძველებური, ყოველი სპექტაკლის წინ ვლოცულობდით, სპექტაკლზე არ გახეულიყო (იცინის). მითხრეს, სუნთქვაც არ აიღო ბოლომდეო. ისე ვუფრთხილდებოდი… ფაქტობრივად, ხელოვნების ნიმუში მეცვა. დადგმას გენიალური ებრაელი დირიჟორი, ომერ ველბერი ხელმძღვანელობდა. უკვე მეორედ მაქვს მასთან კარმენის შესრულების ბედნიერება. მიხარია, რომ ძალიან წარმატებული და ლამაზი დადგმა იყო.

როგორ მოხვედი აქამდე, როგორ ფიქრობ, რამ შეგიწყო ხელი, რომ ასეთი წარმატებული, მსოფლიოს საოპერო სცენების სასურველი მომღერალი გახდი?

ალბათ, შრომამ და ხასიათმა, იმ მომენტმა, რომ არ შეიძლება გაჩერება. როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა, „მოძრაობა და მოძრაობა…“ – არის ჩემი მთავარი დევიზი. როცა კარი იხურება, ფანჯარა იღება. ვფიქრობ, რომ ადამიანის მონდომებაზე, შრომისუნარიანობაზე, გონებრივ შესაძლებლობებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. აქამდე როგორ მოვედი, ესე კონკრეტულად ვერ გეტყვით.

ვინ გიბიძგა, რომ ამ სფეროთი დაინტერესებულიყავი?

ზოგადად, ძალიან არტისტული ბუნების ადამიანი ვიყავი. ყოველთვის მიყვარდა ცეკვა-თამაში. დედას და მამას სტუმრები რომ ჰყავდნენ, გადავიცვამდი ხოლმე დედაჩემის ტანსაცმელს და სულ ვმღეროდი და ვცეკვავდი. კიდევ, ფულს ვითხოვდი ხოლმე. ეტყობა, რაღაცნაირად ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო ჩემი პროფესია და ეს მარტო ჰობი არ იყო, რახან ფულსაც ვითხოვდი.

ბიძგი არ ვიცი, ვინ მომცა, ალბათ, უფრო იმან, რომ ბელვედერის კონკურსზე აბსოლუტურად უიმედოდ, მოლოდინების გარეშე წასულმა, ლა სკალას აკადემიის და სხვადასხვა პრემიები მივიღე, გვახდი ფინალისტი, გავიმარჯვე კონკურსში. მაშინ, ვიფიქრე, რომ ალბათ, ეს რაღაც ნიშანი იყო ღვთისგან.

არის თუ არა ისეთი პარტია, რომელიც ჯერჯერობით არ შეგისრულებია, მაგრამ სულით და გულით გინდა, რომ შეასრულო?

პირველ რიგში, მინდა, რომ მოხდეს საოცრება და საქართველოში ვიმღერო კარმენი.

რაც შეეხება ახალ დებიუტებს, რა საკვირველია, ყოველთვის საინტერესოა ახალ როლზე თამაში.

მთავარი როლები, რაც მინდოდა, მემღერა, თითქმის ყველაფერი ვიმღერე, თუმცა რამდენიმე როლი დამრჩა, რაც ძალიან მინდა, რომ ვიმღერო, ეს არის „დონ კიხოტში“ დულსინეას პარტია, „სოფლის ღირსებაში“ სანტუცა და ფაუსტის „განსჯაში“ მარგარიტა. ასევე, სენ-სანსის „დალილა“. ეს არის ის ძირითადი როლები, რასაც ამ ეტაპზე დავამატებდი.

როგორია სამომავლო გეგმები და დაგეგმილი ღონისძიებები?

მივდივარ მადრიდში, ფესტივალზე. 26 ივლისს, შევასრულებ კარმენს. უახლოესი გეგმა ეს არის, შემდეგ, უკვე დაიწყება ახალი სეზონი, ახალი გამოწვევებით, ახალი სპექტაკლებით.

საქართველოში თუ იგეგმება რაიმე ღონისძიება?

დეკემბერში უნდა გვქონოდა ძალიან საინტერესო კონცერტი, ესპანური მუსიკის საღამო, თუმცა გადაიდო. ჩამოდიოდა ესპანელი დირიჟორი ანდრეს სალადო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შედგება ეს ფესტივალი. ნამდვილად ძალიან ლამაზი, ცეცხლოვანი და ფერადი კონცერტი იქნება.

როგორ უთავსებ კარიერულად ასეთ დაკავებულ რეჟიმს და ოჯახს?

კარიერა და ოჯახი ნამდვილად არ არის ადვილი. რადგან ჩვენ ჩვეულებრივი რითმით არ ვცხოვრობთ, რა საკვირველია, უფრო მეტი სირთულეა დაგეგმვაში და ლოჯისტიკაში, თუმცა რაღაცნაირად უკვე აწყობილები ვართ, ვიცით, როგორ უნდა გავნაწილდეთ, ვინ სად მიდის, ვინ მოგზაურობს, ვინ ჩამოდის და ა.შ. მაგალითად, ახლა, მე ჩამოვედი და ჩემი მეუღლე გაფრინდა, რაღაცნაირად ვნაწილდებით. მადლობა ღმერთს, ჩვენი შვილებიც გვიწყობენ ხელს. ვინაიდან მათ სხვანაირი მშობლები არ ჰყოლიათ, მათთვის ეს გასაკვირი არ არის (იცინის). რა საკვირველია, ვენატრებით ხოლმე. ახლა, რომ ჩამოვედი, პატარა ძალიან მომეწება და ძალიან მომენატრეო, მითხრა. რა თქმა უნდა, ძალიან მეხმარებიან ჩემი მშობლები, ჩემი და, ჩვენი ძიძა. პირველ შვილზე რაღაცნაირად ძიძის გარეშე ვეცადე, რომ გამომსვლოდა ყველაფერი, მაგრამ მეორეზე მიხვდი, რომ ძიძის გარეშე არ გამოდიოდა. მადლობა ღმერთს არის ისეთი ადამიანი, რომელიც ძალიან მიდგას გვერდში.

არ ცხოვრობ საქართველოში, ცხოვრობ საზღვარგარეთ, თუ გეგმავ სამშობლოში დაბრუნებას?

თითქმის 2 წელიწადი საქართველოში ვიყავი, სამსახურებრივად მქონდა საშუალება, რომ აქედან მევლო. შესაბამისად, ჩემ შვილები აქ დადიოდნენ სკოლაში, ბაღში და ამ ორი წლის მერე, უცხოეთში დაბრუნება ტრაგედია იყო, რადგან ჩემს შვილებს ძალიან უყვართ აქ ყოფნა, უბედნიერესები არიან. სულ საქართველოში უნდათ, სულ წუწუნებენ წასვლაზე, სულ კალენდრის გადახაზვა არის საქართველოში ჩამოფრენამდე. მე არ ვთვლი წასულად და გადაკარგულად თავს, რადგან წელიწადში რამდენჯერმე ჩამოვდივართ. ასევე, ჩემი შვილები გადასარევად საუბრობენ ქართულად. აქედან გამომდინარე, აუცილებლად ვფიქრობ. როგორც რომში მიდის ყველა გზა, ქართველებისთვისაც ყველა გზა საქართველოში მოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g