LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის სახიფათო ჭიის წამლის ხშირი მიღება და როდის ინიშნება ის – პარაზიტოლოგ ირმა კოკაიას რეკომენდაციები გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“

2380
ირმა-კოკაია

„რას წარმოადგენს პარაზიტოლოგია, როგორ ხდება ჰელმინთოზებით დაინფიცირება, როგორია კვლევის და მკურნალობის მეთოდები, რა რეკომენდაციები უნდა დავიცვათ, აღნიშნული პრობლემის თავიდან ასარიდებლად“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში სტუმრად ექიმთან“  „სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის“ დირექტორმა, პროფესორმა, ექიმმა პარაზიტოლოგმა, მედიცინის დოქტორმა – ირმა კოკაიამ ისაუბრა.

რას წარმოადგენს პარაზიტოლოგია და პარაზიტოლოგიური დაავადებები რამდენად გავრცელებულია ჩვენს ყოფით ცხოვრებაში?

პარაზიტოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის პარაზიტულ დაავადებებს. არსებობს ვეტერინარული პარაზიტოლოგიაც, რომელიც შეისწავლის პარაზიტულ დაავადებებს, რომლებიც ცხოველებს ჰყავთ. ზოგ შემთხვევაში, შეიძლება, რომ ცხოველებს და ადამიანებს ერთი და იგივე პარაზიტული დაავადებები ჰქონდეთ, შესაბამისად, ვეტერინარული პარაზიტოლოგია სამედიცინო პარაზიტოლოგიასთან ძალიან ახლოს არის.

ადამიანის პარაზიტული დაავადებები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა. დაავადებათა ერთი ჯგუფი გამოწვეულია უმარტივესებით, მაგალითად, მალარია, ლეიშმანიოზი, ტოქსოპლაზმოზი, ლამბლიოზი და ა.შ. პარაზიტული დაავადებების მეორე ჯგუფი გამოწვეულია ჰელმინთებით, როგორც საზოგადოება უწოდებს, ჭიებით და აქაც საკმაოდ ბევრი დაავადება არის გაერთიანებული. პარაზიტებს ასევე მიეკუთვნებიან ე.წ. ექტოპარაზიტები, გარეგანი პარაზიტები, როგორიცაა ტკიპები, წილები, ტილები, რომლებიც ასევე იწვევენ ადამიანის დაავადებას, თუმცა ეს არის უკვე კანის და კანის დანამატების დაავადებები და მათ შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევათ, რადგან როგორც წესი, არ არიან სისტემური დაავადებების გამომწვევები. 

ზოგადად, პარაზიტული დაავადებები ყველგან, მთელს მსოფლიოში გვხვდება, თუმცა არ აქვს იგივე გეოგრაფიული დისტრიბუცია, რადგან არის რაღაც პარაზიტული და ინფექციური დაავადებები, რომელთაც მხოლოდ რაღაც გარკვეული კერობრიობა აქვთ და გვხვდებიან, მაგალითად, აფრიკაში, აზიის გარკვეულ ქვეყნებში. არის ისეთი დაავადებებიც, რომლებიც მეტ-ნაკლები სიხშირით,მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია. რაც უფრო განვითარებული და მდიდარია ქვეყანა, რაც უფრო კარგი ჯანმრთელობის სისტემა აქვს, მით უფრო ნაკლებია ინფექციური და პარაზიტული დაავადებები, რადგან როგორც წესი, ეს დაავადებები ასოცირდება საკვების, სასმელი წყლის უსაფრთხოებასთან, გარემო პირობებთან, ჰიგიენურ ჩვევებთან, მოსახლეობის განათლების დონესთან, მედიკამენტების ხელმისაწვდომობასთან. როგორც წესი, რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, აღნიშნული საკითხები მით უფრო მოგვარებულია, შესაბამისად, პარაზიტული და ინფექციური დაავადებების წილი გაცილებით ნაკლებია. ზოგადად, მსოფლიო სტატისტიკა ასეთია, თუმცა იგივე ბუნებრივი კერობრიობით გამოწვეული დაავადებები, მაგალითად, როგორიცაა ტროპიკული მალარია, რომელიც რეალურად, აფრიკის დაავადებაა, გვხვდება საქართველოშიც, რადგან ბოლო პერიოდში, ძალიან არის გააქტიურებული მიგრაციული პროცესები, გვყავს ვიზიტორები, ასევე არიან ქართველები, რომლებმაც ტურისტული მიზნით დადიან აფრიკის ქვეყნებში და მათ შემოაქვთ ეს გარკვეული ტიპის, ისეთი დაავადებები, რომლებიც საქართველოში საერთოდ არ იყო ენდემური, თუმცა დღეს გვაქვს შემთხვევები.

საქართველოს სტატისტიკას თუ განვიხილავთ, აქ ხშირია ჰელმინთოზების შემთხვევები, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, რადგან ეს ყველაფერი პირდაპირ არის დაკავშირებული პირად ჰიგიენურ უნარ-ჩვევებთან და ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო პატარა ასაკისაა ბავშვი, მით ნაკლებადაა განვითარებული მისი ჰიგიენური ჩვევები. რა თქმა უნდა, ასევე გვაქვს უმარტივესებით გამოწვეული დაავადებები, რომლებიც ამ სეზონზე უფრო აქტიური ხდება, მაგალითად, ლეიშმანიოზი, ჟიარდიაზი, ტოქსოპლაზმოზი. ამებიაზის შემთხვევები შედარებით ნაკლებია, თუმცა მაინც არის.

ძალიან საინტერესო პოსტი გქონდათ სოციალურ ქსელში, სადაც გამოეხმაურეთ, დღეს ასე გავრცელებულ პრაქტიკას, როცა სხვადასხვა ჩივილების დროს, მშობლები თვითნებურად იყენებენ ე.წ. ჭიის მედიკამენტს, რომელსაც რაღაც პერიოდულობით აძლევენ ბავშვს და მათი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ამ მედიკამენტების მოხმარების შემდეგ, ბავშვის მდგომარეობა, ისეთი სიმპტომები, როგორიცაა აგზნებადობა თუ მუცლის ტკივილი მკვეთრად გაუმჯობესდა. თქვენ თქვით, რომ აღნიშნული წამლის დანიშვნას სჭირდება ჩვენება, სპეციალური გამოკვლევები და რომ მედიკამენტი აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს. სამწუხაროდ, ხშირად ექიმებიც კი, განსაკუთრებით, რეგიონებში, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე იღებენ მედიკამენტის დანიშვნის გადაწყვეტილებას, რომ ალაგდეს გარკვეული სიმპტომები. შეგიძლიათ, უფრო ვრცლად გვითხრათ, როგორ უნდა იმუშაოს ამ სქემამ, როგორ უნდა მივყვეთ სიტუაციას სწორად?

პირველი, რაც მინდა ვთქვა და ხაზი გავუსვა, მსოფლიოს არცერთ განვითარებულ ქვეყანაში, ანტიჰელმინთური პრეპარატი რეცეპტის გარეშე არ იყიდება. წარმოუდგენელია, რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, ექიმის რეცეპტის გარეშე, შეიძინოთ აღნიშნული პრეპარატი. ჩვენთან ამასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა, ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია, შევიდეს აფთიაქში და თავისუფლად იყიდოს პრეპარატი, მათ შორის, შესაძლოა, ფარმაცევტსაც ჰკითხოს  რჩევა და მანაც ურჩიოს კონკრეტული მედიკამენტი, ერთმნიშვნელოვნად მინდა გავუსვა ხაზი, რომ ეს სწორი მიდგომა არაა. თანამედროვე ანტიჰელმინთური პრეპარატები, რომელთაც საკმაოდ კარგი უსაფრთხოების პროფილი აქვთ, მაინც მიეკუთვნება პრეპარატების ტოქსიკურ ჯგუფს, რომლებიც გარკვეულწილად გავლენას ახდენენ ადამიანის ღვიძლზე, თირკმელზე, სისხლის ფორმულაზე. შესაბამისად, დანიშნულება ექიმის მიერ უნდა იყოს დაწერილი, ეს უნდა იყოს ინდივიდუალურად, პაციენტზე მორგებული, ასაკის, წონის და ა.შ. გათვალისწინებით. ის, რომ მაგალითად, მეზობლის ბავშვს აქვს დანიშნული წამალი და ჩვენ ჩვენს შვილზე, ახლობელზე გადმოვიტანოთ, სწორი არ არის. არ არსებობს ანტიჰელმინთური უნივერსალური წამალი, რომელიც ყველა მათგანს ერევა და რომელიც ახდენს ყველა ჰელმინთის ელიმინაციას ჩვენი ორგანიზმიდან. რა თქმა უნდა, არის მედიკამენტები, რომელთაც გამოყენების შედარებით ფართო სპექტრი აქვთ, ანუ შეუძლიათ, იმოქმედონ რამდენიმე, სხვადასხვა პარაზიტზე, თუმცა ამ შემთხვევაშიც, დოზირების რეჟიმი ძალიან განსხვავებულია, მაგალითად, ზოგ შემთხვევაში, შეიძლება, რომ 1 ტაბლეტი დაინიშნოს, ზოგ შემთხვევაში კი, ორკვირიანი კურსი.

როცა ე.წ. პროფილაქტიკის მიზნით, ასმევენ ანტიჰელმინთურ მედიკამენტს პაციენტებს, განსაკუთრებით კი, ბავშვებს, პირადად ჩემთვის გაურკვეველია, რომელი ჰელმინთის პროფილაქტიკას ახდენენ ამ შემთხვევაში, რადგან რეალურად იდენტიფიცირებული არ არის ხომ, თუ რა ჰელმინთოზზე გვაქვს საუბარი, შესაბამისად, შეიძლება, რომ წამალი საერთოდ უსარგებლო აღმოჩნდეს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ანტიჰელმინთური მედიკამენტი არანაირ იმუნიტეტს არ ტოვებს, ეს არ არის ვაქცინა, რომ შემდგომი დაინფიცირებისგან დაგიცვას. შესაძლებელია, ჩვენ იმ პერიოდში გამოვიყენოთ ანტიჰელმინთური პრეპარატი, როდესაც საერთოდ არ არის საჭიროება და რადგან როგორც წესი, 24 საათში ყველა ანტიჰელმინთური პრეპარატი გამოდის ორგანიზმიდან, შეიძლება, რომ ბავშვი 1 კვირაში დაინფიცირდეს. აქედან გამომდინარე, არანაირი დაზღვევა, რომ გარკვეული პერიოდი მაინც არ დაემართება პაციენტს ჰელმინთოზი, ანტიჰელმინთური თერაპიის გამოყენების შემთხვევაში, არ არსებობს.

რაც შეეხება დიაგნოსტიკას, ჩვენ ამ შემთხვევაში, ვსაუბრობთ ბანალურ ჰელმინთოზებზე, რომლებიც ბავშვთა ასაკში ძალიან ხშირად გვხვდება, მაგალითად, ასკარიდოზი, ლამბლიოზი და ა.შ. არცერთ მათგანს არ გააჩნია ძალიან სპეციფიკური სიმპტომი, ამ დროს, ძალიან ზოგადი ჩივილები შეიძლება იყოს გამოხატული, მაგალითად, მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, წონაში კლება, რაც მხოლოდ ჭიისთვის არ არის ხომ სპეციფიკური და ბევრი სხვა დაავადების დროსაც შეიძლება, რომ იყოს გამოხატული, მაგალითად, ჰელიკობაქტერიის დროს. ასევე, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, მუცლის ტკივილის უხშირესი მიზეზი ჰელმინთოზი კი არ არის, არის ნაწლავის კოლიკები და ასეთ შემთხვევაში, მარტო იმიტომ, რომ ბავშვს გამოხატული აქვს მუცლის ტკივილი, ანტიჰელმინთური თერაპია არ უნდა დაინიშნოს. ჩვენ უკვე 21-ე საუკუნეში ვართ და არსებობს უამრავი ხელმისაწვდომი ლაბორატორიული კვლევა და შეიძლება, რომ ადამიანს ჩაუტარდეს სწორი დიაგნოსტირება და როდესაც ვერიფიცირებული იქნება პარაზიტის სახეობა, მას ადეკვატური მკურნალობა დაენიშნოს. ის, რომ ჩვენ ლაბორატორიული კვლევით ვერ ვადასტურებთ ჰელმინთოზებს, თანამედროვე ეპოქაში, ცოტა აზრს მოკლებულია, რადგან არსებობს ალტერნატიული მეთოდები, სისხლით დატესტვა, ანტიგენების უამრავი ტესტი, ფეკალური სინჯის ტესტები, შესაბამისად, დიაგნოზის დასმას თუ მოვინდომებთ, აუცილებლად შევძლებთ. არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არსებობს ისეთი პრაქტიკა და არცერთ თანამედროვე გაიდლაინში არ არის მოწოდებული, რომ ჩვენ პროფილაქტიკის მიზნით, ჩავუტაროთ ადამიანებს ანტიჰელმინთური თერაპია, მით უმეტეს, ბავშვთა ასაკში. ასეთი რეკომენდაცია ერთადერთი აფრიკის ქვეყნებისთვის იყო გაცემული და ის თავის დროზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გასცა, უბრალოდ, იმიტომ, რომ ისინი იყვნენ აფრიკაში, დაახლოებით ჰქონდათ შესწავლილი მოსახლეობის ინვაზიის დონე და იცოდნენ, რომ საშუალოდ, 1 მოსახლეს 3 ტიპის პარაზიტი ჰყავდა. შეუძლებელი იყო, მთელი მოსახლეობის ასე მასობრივად გამოკვლევა, არ იყო ამის სამედიცინო რესურსი, ამიტომ ჩაატარეს პილოტური კვლევა, გაიგეს, რა ტიპის ჰელმინთოზები იყო გავრცელებული, რა სიხშირით და მოახდინეს სკოლამდელი ასაკის, რეპროდუქციული ასაკის ქალების დეჰელმინთიზაციის პროგრამა. უბრალოდ, ამის გადმოტანა ასე, ჩვენს რეალობაში, აბსოლუტურად გაუმართლებელია. ზოგ შემთხვევაში, შეიძლება, არასწორად გამოყენებული წამლის ზიანი უფრო მეტი იყოს, ვიდრე ჰელმინთი, გააჩნია, რა ჰელმინთოზებია. არის შემთხვევები, როდესაც რაღაც რუტინული კვლევებით წავაწყდებით, მაგალითად, ლამბლიას და ვეკითხებით პაციენტს, აქვს თუ არა დიარეის ეპიზოდები. შეიძლება, პაციენტს საერთოდ არ ჩაუტარო მკურნალობა, თუ სიმპტომები მანიფესტირებული არ არის, რადგან ზოგ შემთხვევაში, შეიძლება, რომ ჰელმინთოზი თვითგანკურნებადი, თვითლიმიტირებადი იყოს, რა თქმა უნდა, აქ ყველა მათგანს არ ვგულისხმობ, რადგან ჩვენ ძალიან საშიში ჰელმინთოზებიც გვაქვს, აქ საუბარი მაქვს ბავშვთა ასაკის, ძალიან ბანალურ ჰელმინთოზებზე, თორემ შეიძლება, ვიღაცას ექინოკოკოზი, ტოქსოკაროზი, ტრიქინელოზი ჰქონდეს და თვეობით სჭირდებოდეს მკურნალობა. არასწორი ანტიჰელმინთური პრეპარატების გამოყენებით, თვითონ პრეპარატის რეპუტაციაც ძალიან ზიანდება, რადგან მერე ასეთ მედიკამენტებს აბრალებენ იმას, რაც სწორი გამოყენების შემთხვევაში, არასდროს არის გამოხატული, მისი ტოქსიკური ეფექტები, სწორი გამოყენების დროს არ მჟღავნდება, მჟღავნდება მაშინ, როცა ერთი დოზის ნაცვლად, ათ დოზას აძლევ ადამიანს, რადგან გამოგდის მედიკამენტის ჰიპერდოზირება და არა მისი თერაპიული დოზებით გამოყენება. შესაბამისად, წამლის სწორად დანიშვნა, მიზანმიმართულად მკურნალობა კომპლექსური საკითხია.

სიმპტომებზე საუბრისას, ბრძანეთ, რომ ბევრი ისეთი დაავადებაა, რომელიც სიმპტომურად ძალიან ჰგავს ჰელმინთოზს, რის გამოც, შეიძლება, მარტივად ვერ მივხვდეთ, თუ რასთან გვაქვს საქმე. მუცლის ტკივილი, ღებინების შეგრძნება, აგზნებადობა, ბრუქსიზმი და მრავალი სხვა სიმპტომი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც ჭიებთან დაკავშირებული სიმპტომები, რეალურად არის თუ არა ჰელმინთებთან კავშირში? ასევე, აღნიშნეთ, რომ მკურნალობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება იმის მიხედვით, თუ რამდენად გამოხატულია სიმპტომატიკა და ისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პასუხის კვალიფიციურ ლაბორატორიაში მიღება. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ვდგავართ იმ პრობლემის წინაშე, რომ შეიძლება, ცრუდ დადებითი ან ცრუდ უარყოფითი პასუხი მივიღოთ, რაც, რა თქმა უნდა, კატასტროფულია, როცა სერიოზულ პრობლემაზე ვსაუბრობთ. რა უნდა ქნას მშობელმა ასეთ დროს, როგორ უნდა მივიდეს სწორ პასუხამდე, თქვენ რა დროს იღებთ მკურნალობის დაწყების გადაწყვეტილებას და რა დროს ტოვებთ პრობლემას, რომ ჰელმინთის ელიმინაცია საკუთარი ძალებით მოხდეს?

ჭიების უმეტესობას კონკრეტულად მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, გამოხატული სიმპტომები არ აქვს, თუმცა,  რა თქმა უნდა, არა ყველას, მაგალითად, ექინიკოკის შემთხვევაში, ვიცით, რომ ერთმნიშვნელოვნად კისტა უნდა იყოს, ანუ ის ვერ გამოგვეპარება, ტრიქინელოზის შემთხვევაში, ვიცით, რომ საშინელი კუნთის ტკივილი უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, არის ძალიან სპეციფიკური ნიშნები, თუმცა ბავშვთა კონტინგენტში, შეიძლება, პერიოდულად ჭიპის ირგვლივ გამოხატული ტკივილით.

ის სიმპტომები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, რა თქმა უნდა, შეიძლება, იყოს ასოცირებული ჰელმინთოზთან, თუმცა შეიძლება, არც იყოს, სწორედ აქედან გამომდინარე, სჭირდება პაციენტს აუცილებლად კვლევა. რეალურად, შეიძლება, მშობელი ამ გარკვეული ჩივილებით მივიდეს ექიმთან და შემდეგ, ექიმმა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რამდენად სჭირდება ბავშვს ჰელმინთოზზე გამოკვლევა. შეიძლება, პედიატრმა დაამატოს სისხლის საერთო ანალიზი და უკვე ამ ანალიზში გამოჩნდეს, რომ ბავშვს ეოზინოფილები აქვს და ექიმს უკვე ეცოდინება, რომ ეს მუცლის ტკივილი, ეოზინოფილიასთან ერთად, ერთმნიშვნელოვნად ჭიის მახასიათებელია და რა თქმა უნდა, ნიშნავს გამოკვლევას. მეორე შემთხვევაში, შეიძლება, ბავშვს ჰქონდეს იგივე მუცლის ტკივილი, რომელიც ასოცირდება პერიანალურ ქავილთან, ანუსის ირგვლივ გამოხატულ ქავილთან ან მაგალითად, ადრეული ასაკის გოგოებში, 6-8 წლის ასაკის ბავშვებში, ვულვოვაგინიტთან, საშოდან გამონადენთან, შესაბამისად, უკვე ვიცით, რომ ეს შეიძლება, დიდი ალბათობით, ჭიის ნიშანი იყოს, მაგრამ ის, რომ ბავშვს მხოლოდ მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი აქვს გამოხატული, ეს შეიძლება, სულაც არ იყოს ჭიის ნიშანი, ამიტომ ბავშვს, გამოკვლევის და ექიმის დანიშნულების გარეშე, ჭიის წამალი არ უნდა მისცე.

კიდევ ცალკე პრობლემაა ლაბორატორიული ტესტების სიზუსტე, სწორედ ამიტომ, მე ძალიან ხშირად ვიმეორებ, რომ ლაბორატორიული დიაგნოზიც არ არის კლინიკური დიაგნოზი და რომ ეს ორი განსხვავებული ცნებაა. ლაბორატორიულ ანალიზს აუცილებლად სჭირდება კლინიცისტის ინტერპრეტაცია. მე თუ ძალიან მეეჭვება, რომ შეიძლება, ბავშვს ჰელმინთოზი ჰქონდეს და ფეკალური სინჯის ანალიზი გავაკეთე და მივიღე ნეგატიური შედეგი, მე ვიცი, რომ პარაზიტებს თავისი ბიოლოგია აქვთ და შეიძლება, იმ წუთას, ისინი ან მათი კვერცხები ვერ იდენტიფიცირდეს, ამიტომ მე ეს ანალიზი 5 დღეში უნდა გავიმეორო. შესაბამისად, ამიტომ არის საჭირო ექიმის ინტერპრეტაცია, რომ მან განსაზღვროს, რა როდის და რანაირად გაკეთდეს კვლევა.

რაც შეეხება კვლევებს, რომელი უფრო ეფექტურია ფეკალური სინჯის კვლევა თუ სისხლის ანალიზი?

მიუხედავად იმისა, რომ ფეკალური მასის მიკროსკოპირება თითქმის საუკუნოვანი მეთოდია, დღეს, მაინც წამყვანი მეთოდია გარკვეული ჰელმინთოზების დიაგნოსტიკისთვის.

რაც შეეხება კვლევებს შორის განსხვავებას, სისხლის ტესტირება ემყარება სპეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრას ან ზოგ შემთხვევაში, პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციის გამოყენებას, რომელიც კიდევ უფრო მაღალტექნოლოგიური კვლევაა. ორივე კვლევას თავისი გარკვეული ჩვენება აქვს და ერთმანეთს არ ანაცვლებს. ფეკალური სინჯის დიაგნოსტირება ნაწლავური პარაზიტების დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება. სისხლით გამოკვლევისას კი ვეძებთ პარაზიტებს, რომლებიც ლოკალიზებულნი არიან სისხლში, სხვადასხვა ქსოვილებში, ორგანოებში და არა ნაწლავებში.

როცა ნაწლავში ვეძებთ პარაზიტებს, ფეკალური სინჯის კვლევა სისხლის ანალიზით კი არ უნდა ჩანაცვლდეს, არამედ ის უნდა გაისინჯოს რამდენჯერმე, ძირითადად, სამჯერადი გამოკვლევაა რეკომენდებული, რომ სწორად დაისვას დიაგნოზი, რადგან პარაზიტები ის ცოცხალი ორგანიზმებია, რომელთაც თავისი ბიოლოგია აქვთ, შესაბამისად, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ქცევის თავისებურებები ახასიათებთ და მათი დიაგნოსტიკა ყოველთვის მარტივი არ არის, თუმცა შეუძლებელიც არ არის. დიაგნოზის დასმა შესაძლებელია, უბრალოდ, შეიძლება, დამატებითი ტესტირება დასჭირდეს ადამიანს.

არის კიდევ ერთი პრობლემატური საკითხი, როდესაც ხდება ანტისხეულების დატესტვა და შემდგომ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ტესტის განმეორება, რომელიც ისევ დადებით პასუხს იძლევა, ხშირად ისევ თავიდან იწყებენ ანტიჰელმინთური მედიკამენტების გამოყენებას, რაც უკვე არასწორია, რადგან რეალურად, სისხლში არ ხდება პარაზიტის განსაზღვრა, ხდება პარაზიტის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა, რომლებიც მკურნალობის დამთავრებიდან 5-10 დღეში არსად ქრებიან და შეიძლება, რომ პასუხი ექვსი თვის განმავლობაშიც პოზიტიური იყოს, თუმცა ამას საერთოდ არ სჭირდება დამატებითი მკურნალობა. ადამიანებს კი ჰგონიათ, რომ რადგან კვლავ არის ანტისხეულები, წამალმა არ იმოქმედა და ანაცვლებენ მას სხვა მედიკამენტით ან კიდევ იტარებენ კურსს განმეორებით, რაც არასწორია. ანტისხეულები გარკვეულწილად გვიცავს კიდეც, ვიცით, ხომ ჩვენ დაავადებები, რომელთაც ერთხელ გადავიტანთ და მერე აღარ გვემართება, მაგალითად, წითელა-წითურა, დაახლოებით ეს პრინციპია ჰელმინთოზების შემთხვევაშიც, უბრალოდ, ეს მთელი ცხოვრება არ გრძელდება და ეს ანტისხეულები მთელი ცხოვრების განმავლობაში არ გვიცავს, თუმცა აქაც არის გამონაკლისი, ლეიშმანიოზი, რომელიც ძალიან მძიმე დაავადებაა და დაგვიანების შემთხვევაში, ცუდი პროგნოზის დაავადებაა, მაგრამ მას ერთხელ თუ გადაიტანს ადამიანი, არასოდეს აღარ დაემართება, რადგან ანტისხეულები დაიცავს მას.

სიფრთხილე გვმართებს ექიმებსაც და მშობლებსაც როგორც დიაგნოსტიკის კუთხით, ისე ანტიჰელმინთური მედიკამენტების დანიშვნის კუთხით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ანტიჰელმინთური მედიკამენტები არ უნდა გამოვიყენოთ, პირიქით, როცა საჭიროა, უნდა გამოვიყენოთ, რომ თავიდან იქნას აცილებული ისეთი სერიოზული გართულებები, როგორიც მაგალითად, ასკარიდას შემთხვევაში არის. მაგალითად, მან შეიძლება, გამოიწვიოს ნაწლავთა გაუვალობა, ის შეიძლება, შეძვრეს ნაღვლის ან პანკრეასის სადინარში, დაახშოს ისინი და ადამიანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ეს გართულებები ავიცილოთ, პაციენტს უნდა ვუმკურნალოთ. პრობლემა არის მედიკამენტის არამიზნობრივი მიღება, ჰიპერდოზირება და პროფილაქტიკური მიზნით გამოყენება.

ჰელმინთოზები მხოლოდ ბავშვების პრობლემაა, მხოლოდ მოზარდების თუ ნებისმიერ ასაკში გვხვდება, ასევე თუ ოჯახის რომელიმე წევრს დაუფიქსირდა აღნიშნული პრობლემა, რამდენად არის გადადების შანსი?

ჰელმინთოზები ნებისმიერ ასაკში გვხვდება, მაგრამ ბავშვებზე უფრო მეტად არის აქცენტი, რადგან მოგეხსენებათ, პარაზიტული დაავადებები პირდაპირ ასოცირდება ჰიგიენასთან, რადგან კონტაქტური გზით გადადის, შესაბამისად, პატარა ასაკის ბავშვებს უფრო მეტად უჭირთ ჰიგიენური ნორმების დაცვა, იღებენ ერთმანეთის ნივთებს, სწორად არ იბანენ ხელებს და ა.შ. სწორედ ამიტომ, ჰელმინთოზები პროცენტულად ბავშვებში უფრო ხშირია, ვიდრე მოზრდილებში, თუმცა არის გამონაკლისებიც, მაგალითად,  ექინოკოკოზი, რომელიც მოზრდილებში უფრო ხშირად გვხვდება, რადგან მას არანაირი კავშირი არ აქვს პირად ჰიგიენასთან. შესაბამისად, იმასაც მნიშვნელობა აქვს, თუ რომელი დაავადება, რომელ ასაკობრივ ჯგუფში არის გავრცელებული.

მკურნალობის კუთხით, რამდენად მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული პრეპარატი, სწორად შერჩეული დოზა და გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, სხვა დამატებით რეკომენდაციებს თუ აძლევთ პაციენტებს?

დღევანდელი საუბარი რომ შევაჯამოთ, დავიწყოთ იმით, რომ თუ პაციენტი არის სიმპტომური და მას სჭირდება მკურნალობა, მკურნალობა სპეციალისტის მიერ უნდა დაინიშნოს. ჩვენ ლაბორატორიული კვლევის გარეშე, თვითნებურად, ახლობლების რჩევით არ უნდა შევიძინოთ არანაირი ანტიჰემლინთური მედიკამენტი.

მათ შორის, არც ბუნებრივი, მცენარეული მედიკამენტები?

ეს კიდევ ცალკე საკითხია, რადგან არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ისინი ეფექტურები არიან ჰელმინთოზების წინააღმდეგ, ეს არ არის კვლევებით გამყარებული.

ის ანტიჰელმინთური მედიკამენტები, რომელთაც ჩვენ, ექიმები ვნიშნავთ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულია, ჩვენ ვიცით, მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები, ვიცით მათი მექანიზმი და ა.შ. რაც შეეხება, მცენარეულ მედიკამენტებს, რომელთან ძალიან ხშირად თვითნებურად იყენებენ პაციენტები და ამას ამართლებენ იმით, რომ ეს მედიკამენტები ტოქსიკური არ არის, ამის შესახებ არანაირი ზუსტი მტკიცებულება არ არსებობს. მინდა გითხრათ, რომ მათი ფასიც, ალბათ, 10-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ანტიჰელმინთური მედიკამენტების. მე პირადად, ხუმრობით ვეუბნები ხოლმე პაციენტებს, ნუ იყიდით და თავად, სახლში გამოიყენეთ ნიორი და გოგრის თესლი და იგივე ეფექტს მიიღებთ, როგორსაც ამ მცენარეული წამლებით-მეთქი. აღსანიშნავია ისიც, რომ შეიძლება, ბავშვი იყოს ალერგიული და რომელიმე მცენარეზე, რომელიმე კომპონენტზე ჰქონდეს ალერგია და შესაძლოა, რომ ამ მცენარეული მედიკამენტით ალერგიაც გამოვიწვიოთ. შესაბამისად, ძალიან საორჭოფოა ეს თემები.

ცალკე პრობლემაა, რომ არის ლაბორატორიები, რომლებიც იყენებენ აბსოლუტურად დაურეგისტრირებელ პრეპარატებს და შესაბამისად, საერთოდ უკონტროლოა ეს სფერო. შესაბამისად, ცალკე საკითხია, საერთოდ რამდენად უნდა იყოს გამოყენებული ასეთი მცენარეული მედიკამენტები ბავშვთა ასაკში.

არსებობს თუ არა ჰელმინთოზებისგან თავდაცვის, თავის არიდების მექანიზმი?

100 %-იანი პრევენციის საშუალება არ არსებობს, რომ არსებობდეს, მაშინ უნდა იყოს ვაქცინა, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის. მთავარი რეკომენდაცია ისევ და ისევ პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირი და სწორი დაბანაა. დანარჩენი რეკომენდაციები საკვების და წყლის უსაფრთხოებას უკავშირდება. პარაზიტული დაავადებებით ინფიცირება აეროზოლური, ჰაერწვეთოვანი გზით არ ხდება,  ეს პრობლემა დაკავშირებულია პირად ჰიგიენასთან, დაინფიცირებულ მწვანილთან, ბოსტნეულთან, წყლის პრობლემასთან და ა.შ.

გარეთ, სხვადასხვა ობიექტებში კვებისას, ფრთხილად ვიყოთ მწვანილთან, ბოსტნეულთან, რადგან შეიძლება, არ იყოს კარგად გარეცხილი და ეს გახდეს ჩვენი დაინფიცირების წყარო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები