ახლახან კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილის ვოკალური სტუდია დიდი პრეზენტაციის შემდგომ ოფიციალურად გაიხსნა. მაიკოს პარტნიორი ამ საქმეში მომღერალი ბექა ბროლაძეა. ახალი ვოკალური სტუდიის გუნდმა მეგობრებს, შოუბიზნესის წევრებს, მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. კარგი მუსიკა, საუკეთესო განწყობა და კეთილი სურვილები – სტუდია მართლაც შესანიშნავ გარემოში გაიხსნა.
როგორც ცნობილი კომპოზიტორი fortuna.ge-სთან საუბრისას ამბობს, კასტინგებზე სამასზე მეტი ბავშვი მიიღო და ასეთ გამოხმაურებას ნამდვილად არ ელოდა, თუმცა დღეიდან მისი სტუდია უკვე მუშაობას იწყებს. „მყავს ცხრა ძალიან სერიოზული პედაგოგი, კონსერვატორიის განათლებით და ყველა არის ჩემი დატრენინგებული, ამასთან, ყველა გაკვეთილს დავესწრები, დავალებას დავტოვებ და ჩავიბარებ. უჩემოდ ერთი ფრაზაც კი არ დამუშავდება…“, ამბობს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

მაიკო კაჭკაჭიშვილი:
სტუდიის პრეზენტაციაზე მოვიდნენ ჩემი მეგობრები, მომილოცეს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. უფრო ვღელავდი და ვნერვიულობდი, ვიდრე ვერთობოდი. ორშაბათი მიტრიალებს თავში, პირველი გაკვეთილები, მინდა, რომ სწორად დავიწყო, სწორ რელსებზე დავაყენო ჩემი სტუდია. ხალხი რეგიონებიდან მოდის, ყველა კუთხიდან ჩამოდიან კვირაში ორჯერ ბავშვები და ეს ათმაგად უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ჩემ გამო ასეთ გზაზე მოდიან. დიდი ტვირთით ვარ, მაგრამ უკვე შემიძლია ამ ტვირთის ზიდვა…
მიხარია, რომ ჩემს მეგობრებს ძალიან მოეწონათ სტუდია, მომილოცეს, წარმატებები მისურვეს.
ვიცი, რომ შენი პარტნიორი ამ საქმეში მომღერალი ბექა ბროლაძეა…
ბექა ბროლაძე არის ჩვენი ტექნიკური დირექტორი, რომელმაც ყველაფერი უზრუნველყო. ის რომ არა, კიდევ ბევრი წელი მომიწევდა სკოლებში შეხიზნა. მინდოდა, ერთხელ რომ გავაკეთებდი, ყოფილიყო ის, რაც ოცნებად მქონოდა და ბექას გარეშე ეს ვერ მოხერხდებოდა…

როგორი იყო კასტინგები?
ძალიან ბევრი ბავშვი მოვიდა და მათგან ერთიც კი არ გამიბრუნებია სახლში, იმიტომ კი არა, რომ ფინანსური დაინტერესება მაქვს, ესეც აუცილებელია, რადგან ანაზღაურება ყველამ უნდა აიღოს თავისი შრომის შესაბამისად, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ყველას ჰქონდა მუსიკალური სმენა, მშობლებს უბრალოდ არ შემოუტარებიათ ჩემთან შვილი, ყველამ იცოდა, სად მოდიოდა. ცალკე ბონუსად დამემატა ამ ბავშვების ნიჭიერება. ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. მე უფრო ადვილად შევძლებ ამ ბავშვების ინდივიდუალიზმის და ავთენტიკური ტემბრის პოვნას, არ მინდა, ვინმეს ჰგავდნენ. დღეს არის კოპირების სენი მთელ მსოფლიოში. ეს კოპირება, რაც უნდა ნიჭიერი იყო, ჩემთვის აღარაფერს ნიშნავს. მინდა, ყველა ბავშვს გავაცნო საკუთარი ხმა და საკუთარ ტემბრი ვაპოვნინო, რაც საქართველოში ჯერ არ მომხდარა. მაქვს პრეტენზია, რომ ვიყო პირველი სტუდია.

გამაკვირვა იმან, რომ მოდიან უკარგესი ბავშვები საჩხერედან, ცაგერიდან, რუსთავიდან, ლაგოდეხიდან, გორიდან, ხაშურიდან… ყველა კუთხე, ფაქტობრივად, მოვიცავით. გურიიდან და ბათუმიდანაც მწერენ, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ ჩამოვლენ, მთხოვენ, რომ ბათუმსა და ქუთაისში გავაკეთოთ, მაგრამ ჯერ ამას მივხედავ, როგორც საჭიროა.

ერთი მოსწავლე მყავს, რომელიც შაბათ-კვირას ცაგერიდან ჩამოვა, დარჩება ერთი ღამით და მეორე დღესაც მოვა. გელოდებოდით და დარწმუნებული ვიყავი, რომ გახსნიდით სტუდიასო. მშობლებსა და ბავშვს ოცნებად ჰქონიათ ჩემთან მოსვლა და მეცადინეობა. ვერ გადმოვცემ იმ ემოციას, რაც მაქვს. სასწაული შეგრძნება ყოფილა. რომ მცოდნოდა, ამდენ მშობელს უნდოდა ჩემთან ბავშვის მოყვანა, ხუთი წელი აღარ დავიძინებდი. ამას სტიმულიც აღარ ჰქვია. ორშაბათიდან შევდივარ ომში, ოღონდ კარგი გაგებით. ეს ომი უნდა მოვიგო, რადგან რასაც ხელს ვკიდებ, იმას ხარისხიანად ვაკეთებ…