ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რთველი 2025-ის ფარგლებში, 9 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 247 ათასამდე ტონა ყურძენი – აქედან 123 ათასამდე ტონა რქაწითელი, 108 ათასამდე ტონა საფერავი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ღვინის საწარმოებს ყურძენი 17 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
კახეთის რეგიონში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს – 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს – 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს – 1.00 ლარად.
რთველი აქტიურია რაჭაშიც, ამ დროისთვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გადამუშავებულია 1000 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული, რაც საპროგნოზო მოსავლის თითქმის ნახევარია.
რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.