LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მქონდა საუბარი პრემიერთან და ვიცი, რომ ცვლილებები იგეგმება” – ვის შეეხება ცვლილებები მმართველ გუნდში

44894250_304176826854394_4617954634865049600_n (1)

არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” გუნდი ღიად გააკრიტიკა და მიუთითა, რომ „გუნდმა ხალხთან ურთიერთობის გრძნობადობა დაკარგა“ და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ბზარი გაჩნდა.

პარტიის თავმჯდომარის განსაკუთრებული უკმაყოფილება იმ ეგზიტპოლებმა გამოიწვია, რომელიც არჩევნების პირველ ტურში გამოქვეყნდა. მან ცესკოს შედეგებთან ამ მონაცემების ცდომილებას სირცხვილი უწოდა და ისიც აღნიშნა, რომ ამის თაობაზე გუნდის წევრებთან ძალიან მკაცრი საუბარი ჰქონდა.

საექსპერტო წრეებში მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილს მკაცრი საუბარი ჯერ არ დაუსრულებია და მისი განცხადებები მომავალ საკადრო ცვლილებებზე მიანიშნებს.

მოსალოდნელი ცვლილებები

პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე „ფორტუნასთან“ აცხადებს, რომ ცვლილებები არა მარტო პარტიულ თანამდებობებზე მყოფ პირებს, არამედ მთავრობის წევრებსაც შეეხებათ. არეშიძე ამბობს, რომ მას ეს ინფორმაცია პრემიერმინისტრისგან აქვს, თუმცა დასძენს, რომ სამთავრობო ცვლილებები არჩევნებთან კავშირში არ არის.

მე მქონდა საუბარი პრემიერთან აგვისტოში და ვიცი, რომ სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. იქ საუბარია იმაზე, რომ ეკონომიკურ გუნდში მოხდეს სერიოზული გადახალისება, იმიტომ რომ შეიქმნას ძლიერი სამთავრობო ვერტიკალი,“ – აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

მამუკა არეშიძე ამბობს, რომ სამთავრობო ცვლილებების მიზანი, საზოგადოების კეთილდღეობა და ქვეყნის უსაფრთხოებაა, თუმცა, უსაფრთხოების ნაწილში რა ცვლილებების განხორციელება იგეგმება, ინფორმაციას არ ფლობს. მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცეს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ლევან იზორიას პოსტიდან შესაძლო წასვლის თაობაზე. თუმცა, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ პრემიერთან შეხვედრაზე ამის თაობაზე საუბარი არ ჰქონიათ.

„ჩვენ ეკონომიკურ გუნდზე გვქონდა საუბარი, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, მნიშვნელოვანია სამთავრობო გადაწყვეტილებები ერთიან ქსოვილში ჯდებოდეს, თავდაცვის მინისტრი ამას რამდენად ესადაგება ,ვერ გეტყვით, თუ საჭიროა, ისიც უნდა შეიცვალოს. ამ შემთხვევაში მე ვინმეს ბრალეულობაზე არ ვლაპარაკობ, აქ საუბარია იმაზე, რომ ერთიანი ქსოვილი შეიქმნას და ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებას ხელი არ შეეშალოს. ზოგი მინისტრი რომ ალთას არის და ზოგი ბალთას, ეს ფაქტია,“ – ამბობს მამუკა არეშიძე.

კიდევ ერთი სტრუქტურა, რომელსაც შესაძლოა, საკადრო ცვლილებები შეეხოს, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროა. როგორც პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, ცვლილებები სავარაუდოდ, იმ უწყებებს შეეხებათ, სადაც ყველაზე მეტი პრობლემა დაგროვდა.

„ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროში დაგროვდა საკმაოდ სოლიდური თანხა, ვგულიხსმობ აუთვისებელ თანხებს. ეს სერიოზული ნაკლია. როცა აუთვისებელი თანხა რჩება, როგორც წესი, წლის ბოლოს ახდენენ ხოლმე სწრაფად ათვისებას და შეიძლება ამან გარკვეული ზემოქმედება იქონიოს ლარის კურზე,“ – აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე.

ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ პარტიაში მასობრივი საკადრო წმენდის მოლოდინი არ აქვს, რადგან ეს პოლიტიკური კუთხით გამართლებული არ იქნება და ცვლილებები სავარაუდოდ, ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელდება.

„შეიძლება კახი კალაძემ, როგორც თბილისის მერმა, განაცხადოს, რომ მას სურს მთლიანად იყოს კონცენტრირებული მერის ფუნქციების შესრულებაზე და პარტიის გენმდივნის თანამდებობიდან პასუხისმგებლობა გადასხცეს სხვას. ამ ფორმულირებით იყოს შეიძლება ეს ცვლილება მოწოდებული, თუ კი ასეთი ცვლილება იგეგმება,“ – განმარტავს ზაალ ანჯაფარიძე.

დაახლოებით ასეთივე აზრი აქვს მამუკა არეშიძესაც, რომელიც მიიჩნევს, რომ პარტიის ხელმძღვანელი რგოლი შესაცვლელია და ამბობს, რომ ინფორმაცია მოსალოდნელ ცვლილებებზე აქვს, თუმცა, ვის შეეხება ის, ვერ აკონკრეტებს.

 

რას ამბობენ მმართველ გუნდში

მმართველ გუნდში მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს ამ ეტაპზე გამორიცხავენ. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა, თუმცა, მან „კადრების გადახალისება“ არ გამორიცხა. რა იგულისხმება გადახალისებაში, რთული სათქმელია, რადგან რეალურად, ირაკლი კობახიძე ძველ კადრებზე საუბრობს, რომლებიც კოალიციაში მათთან ერთად 2012 წელს იყვნენ.

„ჩვენ გვჭირდება კადრების გადახალისება2020 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნებიმანამდე გვჭირდება მომზადება, რომ სათანადო სიით წარვდგეთ ამომრჩევლის წინაშე, გათვალისწინებული იქნება ყველა კრიტერიუმი, მათ შორის, დამსახურება პარტიის წინაშე და იმ ბრძოლაში, რომელიც 2012 წელს გამოვიარეთ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გედევან ფოფხაძე „ფორტუნასთან“ არჩევნების შემდეგ ცვლილებებს არ გამორიცხავს და მიიჩნევს, რომ მათი საქმიანობა უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს.

„საკადრო ცვლილებები არის როლების და ფუნქციების გადანაწილება, დაზუსტება, როლები და ფუნქციები უნდა დაზუსტდეს და გადანაწილდეს. ჩვენ ცვლილებების თვითმიზანი კი არ გვაქვს, ჩვენი მიზანია, გუნდის საქმიანობის ეფექტიანობა ქვეყნის საკეთილდღეოდ,“  აღნიშნავს გედევან ფოფხაძე.

 

თაკო ივანიაძე