რადიო „არ დაიდარდოს“ და გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ მანანა თოდაძე სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერების „ჩემო თბილისო“ და „ისევ ისე მიყვარხარ“ პრემიერა შედგა.
მანანა, მოგვიყევით თქვენს ახალ სიმღერაზე „ჩემო თბილისო“.
ეს სიმღერა ჩემი ლეილას რეპერტუარიდან არის. ისე მომწონდა, გულში ჩამწვდომი სიმღერაა. ლეილას ვთხოვე, ეს სიმღერა ისე მომწონს, ვიმღერებ-მეთქი. მერე რა, რომ შვილია, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ის ჩემი კოლეგაა და მე ვალდებული ვარ, ყველა ნორმა დავიცვა. ამ სიმღერას რომ ვისმენ, სულ ცრემლი მადგება თვალზე.
რა თქმა უნდა, სიმღერა ცირა ბზიშვილთან გაკეთდა. არანჟირება ზაზა ხუბუკელაშვილისაა.

ლეილამ როგორ შეაფასა თქვენი შესრულება?
ცრემლი წამოუვიდა… რა სხვანაირად მღერიო, მითხრა. მე ყოველთვის ჩემებურად მიყვარს ყველა სიმღერის შესრულება. ძალიან საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა.
ისე მიყვარს ჩემი ლამაზი თბილისი, მინდოდა, რომ მოვფერებოდი… ცხოვრების მანძილზე ბევრი მოგზაურობა მიწევდა და როდესაც ქვეყნიდან გავდიოდი, ყოველთვის მენატრებოდა თბილისი.

რამდენი დღე შეგიძლიათ, რომ სხვაგან გაძლოთ?
ძალიან მიჭირს სხვაგან. 2 თვეზე უკვე რაღაც სასწაული მემართებოდა, სიზმარში სულ თბილისში ვიყავი.

ვისაუბროთ სიმღერაზე „ისევ ისე მიყვარხარ“.
ეს სულ ახალი სიმღერაა. ეკა თარგამაძემ გამომიგზავნა საჩუქრად. ეს სიმღერა რომ მოვისმინე, ძალიან ჩამაფიქრა. ისეთი სიმღერაა, რომ ვფიქრობ, ყველა ქალბატონი და მამაკაცი ჩაფიქრდება თავის ცხოვრებაზე. ისეთი ლამაზი ლექსია და ისეთი გულის ამაჩუყებელია…
მანანა თოდაძე – ჩემო თბილისო
მანანა თოდაძე – ისევ ისე მიყვარხარ
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მანანა თოდაძე. “პრემიერა თაკოსთან”