LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიმპტომები მიგვანიშნებს ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებაზე – თამარ არღანაშვილის რეკომენდაციები გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“

1671
თამარ-არღანაშვილი

დღედ 19 ნოემბერია ფქოდის დღე (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება). გადაცემა ეძღვნება ცნობიერების ამაღლებას.

სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ „ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრის“ პულმონოლოგი, თამარ არღანაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ფქოდის სიმპტომებზე, დაავადების განვითარების და გამწვავების ხელშემწყობ ფაქტორებზე, რისკჯგუფებზე, ექიმთან დროული ვიზიტის, დროული დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე ისაუბრა და არაერთი საჭირო რეკომენდაცია გაგვიზიარა.

რა არის ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და როგორ უნდა მივიტანოთ ეჭვი აღნიშნულ პრობლემაზე?

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება გახლავთ ფილტვის ჰეტეროგენული დაავადება, რომელსაც ახასიათებს მთელი რიგი სიმპტომები, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, ხველა, მათ შორის, შეიძლება, ხველა იყოს ნახველით, რაც განპირობებულია ბრონქიტებით, ბრონქიოლიტებით და ასევე ემფიზემატოზური ცვლილებებით ფილტვში.

მთელი ეს პროცესი არის ძალიან თანმიმდევრული, პერსისტენტული, მუდმივად პროგრესირებს, რაც, რა თქმა უნდა, შემდგომ, მძიმე ობსტრუქციის განვითარებას იწვევს. შესაბამისად, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ ცნობადობის გაზრდა უმნიშვნელოვანესია.

19 ნოემბერს, როდესაც ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ფქოდის მსოფლიო დღე აღინიშნება, უმნიშვნელოვანესია, ვისაუბროთ ამ დაავადებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ის საკმაოდ გავრცელებულია.

სხვათა შორის, 12-13 ნოემბერს, ამერიკაში მოხდა აღნიშნული დაავადების მართვის ახალი გაიდლაინის წარდგენა, შესაბამისად, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავცნობოდით სტატისტიკურ მონაცემებს ფქოდის გავრცელებასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ თუკი 1990 წლისთვის დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი იყო მსოფლიოში აღნიშნული დაავადებით დაავადებული, 2021 წლისთვის ეს რაოდენობა უკვე 300 მილიონამდე გაიზარდა და ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის დაავადებულ ადამიანთა რაოდენობა 600 მილიონს მიაღწევს.

საერთო ჯამში, დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 3 %-მდე  არის დაავადებული აღნიშნული პრობლემით, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არ არის სრულყოფილი სტატისტიკა, რადგან პაციენტთა დიდ ნაწილში დაავადება დიაგნოსტირებული არ არის, შესაბამისად, დაავადებული ადამიანების რაოდენობა, სავარაუდოდ, უფრო დიდია. ძალიან მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც, მსოფლიოში 2021 წლისთვის, ფქოდის დიაგნოზით, დაახლოებით, 3 მილიონამდე ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ პაციენტებმა იცოდნენ აღნიშნული დაავადების შესახებ და დროულად მიმართონ ექიმს, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაავადების პროგრესირება შევაჩეროთ და პაციენტებს სიცოცხლის მაღალი ხარისხი შევუნარჩუნოთ.

საზოგადოების რა ჯგუფი არის ყველაზე მოწყვლადი, ვის აქვს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების განვითარების მეტი რისკი? რამდენად არის მწეველობა, თამბაქოს მოხმარება პირველი ამ რისკფაქტორებში?

ფქოდის განვითარებას რამდენიმე რისკფაქტორი იწვევს, თუმცა ისევ და ისევ ახალ გაიდლაინს დავეყრდნობი. აღმოჩნდა, რომ დაავადებული პაციენტების 50 %-ში ფქოდის განვითარების ძირითადი მიზეზი მწეველობაა. აქ, ცოტა განსხვავებული არის პროცენტული მაჩვენებელი მაღალი, საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში. მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ფქოდის განვითარებაში სიგარეტის როლი 70 %-ია, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში კი, დაახლოებით, 40 %.

სიგარეტი და ნებისმიერი მოსაწევი საშუალება, მათ შორის, მარიხუანა, ელექტრონული სიგარეტი ე.წ. ვეიპი, არა თამბაქოს შემცველი მოსაწევი საშუალებები ძირითად როლს ასრულებენ ფქოდის განვითარებაში.

ასევე, მეორადი მწეველობა ე.წ. პასიური მწეველობაც ძალიან დიდი რისკფაქტორია ფქოდის განვითარებისთვის და აღმოჩნდა, რომ არა მარტო ფქოდის, არამედ ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების, გულის იშემიური დაავადებების შემთხვევაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დიდწილად სწორედ მეორად, პასიურ მწეველებზე მოდის, ვიდრე არამწეველებზე. შესაბამისად, ერთი, ცუდია, რომ თავად პაციენტი ეწევა და მეორე, ის, რომ თავად პაციენტის ოჯახის წევრებიც დიდი რისკის ქვეშ დგებიან ამ დროს.

თამბაქოს გამოყენების შემცირება ერთ-ერთი ტრიგერია იმისათვის, რომ ფქოდის განვითარება შევამციროთ.

დაბინძურებულმა, არაჯანსაღმა გარემომ, მტვერმა, შეიძლება, რომ თავად დაავადების განვითარებას ხელი შეუწყოს თუ უკვე განვითარებული დაავადების პროგრესირების ნაწილში არის სახიფათოს?

ხელს უწყობს თავად დაავადების განვითარებას.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ფქოდი პროფესიონალი მზარეულებისთვის პროფესიული დაავადებაა, რადგან საჭმლის კეთებიდან წარმოქმნილი ორთქლიც აზიანებს ფილტვებს. ასევე, რისკის ქვეშ არიან ხე-ტყეზე მომუშავე ადამიანები, სამშენებლო პროცესში ჩართული ადამიანები, მაღაროში მომუშავე ადამიანები, რომელთათვისაც ფქოდი და სხვა ტიპის ფილტვის დაავადებები წამყვანი პრობლემაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის ელემენტარული პირობები და ნორმები, რაც დასაქმებული ადამიანის დაცვისთვის არის საჭირო, დაცული იყოს. სულ მინიმუმ, პირბადის ტარება მაინც უნდა მოხდეს, რომ ფილტვები არ დაზიანდეს, რადგან, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ეს დაზიანება შეუქცევადია.  

ზოგადად, დაბინძურებული გარემო, მათ შორის, ხეების და ფოთლების დაწვის შედეგად წარმოქმნილი კვამლი მნიშვნელოვნად აზიანებს ფილტვებს. დაბინძურებული ჰაერი მხოლოდ ფქოდს არ იწვევს, იწვევს ნებისმიერ სხვა ფილტვის დაავადებასაც. 

ფქოდის შემთხვევაში, ხველა ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია და აქაც შეიძლება, რომ ის აგვერიოს ფილტვების ანთებაში, ბრონქიტში ან რაიმე სხვა დაავადებაში?

ფქოდის შემთხვევაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკს, როგორც წესი,  ფქოდი არ არის ახალგაზრდა, ბავშვების ან თინეიჯერების, 40 წლამდე ადამიანების დაავადება, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც ის გენეტიკურად არის დეტერმინირებული ალფა-1-ანტიტრიფსინის დეფიციტით, მაგრამ ის ძირითადად 45 წელს ზევით ადამიანებში გვხვდება და ძირითადად მწეველების დაავადებას წარმოადგენს.

საყურადღებოა, როდესაც გვყავს პაციენტი, რომელსაც აქვს ქრონიკული ხველა, რომელიც არის მწეველი ან აქვს აქტიური შეხება მწეველ ადამიანებთან, როდესაც ხველა გრძელდება თვე და კიდევ უფრო მეტი და რაც მთავარია, ხველის კომპონენტი მარტო წელს კი არ არის, არამედ პაციენტი აღნიშნავს, რომ წინა წლებშიც ჰქონდა ხველა, ასევე, მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ხშირ ავადობას, როდესაც პაციენტები ამბობენ, მე შარშანაც მქონდა ბროქნიტი ან ფილტვების ანთების რამდენიმე შემთხვევა და ამ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ, ხომ არ აქვს ადგილი რაიმე სხვა ძირეულ პათოლოგიას, რომელიც არის გამშვები მექანიზმი, თუნდაც იმისთვის, რომ პაციენტს ახველებს, აქვს ხშირი ბრონქიტები, ხშირი პნევმონიები, ანუ აქ მარტო ფქოდზე არ არის საუბარი, შეიძლება, იყოს რაღაც სხვა ტიპის ფილტვის დაავადება, რომელსაც ძირეული გამოკვლევა და მიზეზის ძებნა სჭირდება.

როდესაც პაციენტი ხველით მოდის პულმონოლოგთან, ჩვენი პირველი იმპულსი არ არის, რომ მას ხველის სამკურნალო მედიკამენტი დავუნიშნოთ, ჩვენი მიზანია, გავიგოთ, თუ რა განაპირობებს ამ რეფლექსის განვითარებას და ვუმკურნალოთ ძირითად მიზეზს და არა სიმპტომს, ცალკე აღებულ ხველას.

რამდენად რთულად სადიაგნოსტიკო დაავადებაა ფქოდი და რამდენად დიდია იმ კვლევათა ჩამონათვალი, რომლებიც პაციენტს ენიშნება მაშინ, როცა ექიმს აღნიშნულ პრობლემაზე მიაქვს ეჭვი?

ჩვენ ფქოდის სადიაგნოსტიკოდ სხვადასხვა ტიპის კვლევების ჩართვა შეძლება დაგვჭირდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამოსავალი წერტილი თვითონ პაციენტის სიმპტომები, ჩივილებია. ფქოდის და ასევე სხვა ფილტვის დაავადებების დროს მნიშვნელოვანია ფილტვის ფუნქციური კვლევა, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელიც არის სპირომეტრიული კვლევა. ეს არ არის ინვაზიური კვლევა, ამ დროს, პაციენტს, უბრალოდ, ეძლევა მითითება, რომ შეასრულოს სამი თანმიმდევრული ჩვეულებრივი სუნთქვა, შემდგომ, მაქსიმალურად ფორსირებულად შეისუნთქოს ჰაერის რაოდენობა, რომ ფილტვები მაქსიმალურად გაივსოს და შემდგომ, რაც შეიძლება, სწრაფად ამოისუნთქოს და ეს ამოსუნთქვის პროცესი გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდეს. სპირომეტრიული კვლევით ვადგენთ, რამდენად არის სასუნთქი გზების შევიწროება წარმოდგენილი პროცენტულად, ანუ რამდენად არის წარმოდგენილი ობსტრუქცია. ასევე, მნიშვნელოვანია ეს სასუნთქი გზების ობსტრუქცია, ანუ შევიწროება რამდენად ექვემდებარება ბრონქოდილატატორებს, ანუ ბრონქების გამაფართოებელი პრეპარატების მოქმედებას.

სპირომეტრიის შედეგად მიღებული პასუხებით, ჩვენ უკვე შეგვიძლია, დავადგინოთ, რა ტიპის ობსტრუქციასთან გვაქვს საქმე და არის თუ არა ამ შემთხვევაში ეჭვი იმისა, რომ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება,  დაინიშნოს სხვა ტიპის ფუნქციური კვლევებიც, ჩვენ, ასევე, შეიძლება, დაგვჭირდეს რენტგენოლოგიური კვლევა, ასევე კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგრამ ოქროს სტანდარტი მაინც გახლავთ სპირომეტრიული კვლევა, რომელიც გვაძლევს პირველ შესაძლებლობას, რომ ვიფიქროთ ფქოდის დიაგნოზის არსებობაზე.

თუ ჩვენ დროულად ვერ მივედით ფქოდის დიაგნოზამდე, სადამდე შეიძლება, რომ ამან მიგვიყვანოს?

სამწუხაროდ, ფქოდი პროგრესირებადი დაავადებაა. სხვათა შორის, ხშირად, ადამიანებს ჰგონიათ, რომ ასთმა უფრო მძიმე დაავადებაა, ვიდრე ფქოდი, რადგან ის უფრო ცნობადია, თუმცა ასთმა შედარებით უფრო კეთილი არის პაციენტთან მიმართებაში, რადგან ასთმის სრულყოფილად მკურნალობის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად უმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა.

ჩვენ გვყავს ასთმიანი პაციენტები, რომელთაც ოლიმპიური ოქრო აიღეს, ფეხბურთს თამაშობენ, წარმატებას აღწევენ ფიზიკურად აქტიურ სპორტში, მაგრამ ფქოდის შემთხვევაში, როცა დიაგნოზი ისმევა, მისი მოხსნა არ ხდება. ამ დაავადებას, პრაქტიკულად, არ ახასიათებს შექცევადობა, მხოლოდ, უმნიშვნელო. მკურნალობის პროცესში, ჩვენი მიზანი არის, რომ შევაჩეროთ დაავადების პროგრესი და შეძლებისდაგვარად გავაუმჯობესოთ პაციენტის სუბიექტური მდგომარეობა. ზუსტად ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი, დაავადების ადრეულ ეტაპზე დაჭერა, რათა ის არ პროგრესირდეს, რადგან შეიძლება, ფქოდით დაავადებული პაციენტები ჟანგბადდამოკიდებულებიც კი გახდნენ.

ამ დაავადებაში ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ სუნთქვის უკმარისობა ისე შემოეპარებათ ხოლმე ადამიანებს, რომ ვერ ამჩნევენ, რადგან ორგანიზმს ყველაფერთან შეუძლია ადაპტაცია და რაღაც პერიოდის შემდგომ, როცა ჩვენთან მოდიან ვიზიტზე და ჩვენ ვეკითხებით, თუ რამდენად აქტიურები არიან ფიზიკურად, მერე, ფიქრდებიან და ამბობენ, სამი-ოთხი წლის წინ უფრო მეტს დავდიოდი, უფრო აქტიური ვიყავიო. მათი ფიზიკური აქტივობის შემცირება ქვეცნობიერად მოხდა, იმიტომ კი არა, რომ სუნთქვის უკმარისობა ჰქონდათ, იმიტომ, რომ მაგალითად, ერთ დღეს ვერ გაიარა ორ კილომეტრზე მეტი და თქვა, მოდი, უფრო ცოტას გავივლი, ანუ ამის დაკავშირება რეალურ ჯანმრთელობის პრობლემასთან არ მოხდა. სწორედ ამიტომ არის ფქოდი ვერაგი დაავადება და როგორც წესი, მაშინ ხდება ექიმთან ვიზიტი და დაავადების დიაგნოსტირება, როცა პაციენტს უკვე ძალიან აწუხებს პრობლემა.

აღსანიშნავია, რომ ფქოდის და ასთმის სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს… არსებობს რაღაც მთავარი განმასხვავებელი, რომელიც პაციენტს მიანიშნებს, სწორ მიმართულებაზე, რომ მას პულმონოლოგი სჭირდება და არა ალერგოლოგი?

ამ შემთხვევაში, პირველი მანიშნებელი პაციენტისთვის მაინც ასაკია, რადგან ფქოდთან შედარებით, ასთმას უფრო ადრეულ ასაკში ახასიათებს განვითარება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ თუნდაც 50 წლის ასაკში პირველად დაისვას ასთმის დიაგმოზი და მანამდე არანაირი სიმპტომი არ ჰქონდეს პაციენტს.

თქვენ სწორად აღნიშნეთ, მიმდინარეობით, სიმპტომურად ეს ორი დაავადება ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ორივე პრობლემის სადიაგნოსტიკოდ ჩვენ სპირომეტრია გვჭირდება და ისევ და ისევ სპირომეტრია არის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი, მნიშვნელოვანი ამოსავალი წერტილი ამ ორი დაავადების სადიფერენციაციოდ.

როგორც აღვნიშნე, ასთმის შემთხვევაში, ბრონქებს უფრო მეტი და უკეთესი უნარი აქვთ, რომ გაფართოვდნენ და საწყის მდგომარეობას დაუბრუნდნენ, ფქოდთან შედარებით, ამიტომ სწორედ სპირომეტრიული მონაცემები გვაძლევს შესაძლებლობას ასთმა და ფქოდი ერთმანეთისგან განვასხვაოთ. ამასთან, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ შესაძლოა, პაციენტთან ჯერ იყოს ასთმა და მწეველობის, თავის დროზე არასწორი, არასრულყოფილი მკურნალობის გამო, ერთ დღესაც, ასთმა ფქოდში გადავიდეს და უკვე, განვითარდეს შეუქცევადი ცვლილებები ბრონქში, ემფიზემატოზური ცვლილებები, ე.წ. ჰაერის ხაფანგები ფილტვში. შესაბამისად, შესაძლოა, ერთი დაავადება მეორეში გადავიდეს, მწეველობის, მთელი რიგი გარემო ფაქტორების და ა.შ. შედეგად.

ამ ორი დაავადების სამკურნალო პრეპარატები თითქოს ერთნაირია, მაგრამ მიდგომები, რა თქმა უნდა, განსხვავებულია.

ახალი გაიდლაინის მიხედვით, შეიცვალა თუ არა ფქოდის მკურნალობის მეთოდები და ძირითადად რა ტიპის საშუალებები გამოიყენება აღნიშნული დიაგნოზის დროს?

ამ კუთხით, ევროპის რესპირაციული საზოგადოება და ამერიკის თორაკალური ასოციაცია ყოველწლიურად აკეთებს ახალი გაიდლაინის, რომლის წარდგენაც, როგორც წესი, ამერიკაში, ნოემბრის პირველ კვირას ხდება ხოლმე. ახლა, ახალი გაიდლაინი 12-13 ნოემბერს წარგვიდგინეს. კვლევები ყოველ წელს ახლდება.

ძირითადი სამკურნალო საშუალება, როგორც ასთმის, ასევე ფქოდის შემთხვევაში, ეს არის საინჰალაციო პრეპარატები, ამ შემთხვევაში, ბრონქოდილატატორები, ე.წ. ბრონქის გამაფართოებლები და საინჰალაციო სტეროიდები. ფქოდის შემთხვევაში, ასევე მნიშვნელოვანია ორი ტიპის ბრონქის გამაფართოებელი საშუალების ჩართვა, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა რეცეპტორებზე, რათა ბრონქის სანათური მუდმივად გაფართოებული იყოს. ძირითადი სამკურნალო საშუალება ეს არის, თუმცა გარკვეული ტიპის პაციენტებში, რა თქმა უნდა, საინჰალაციო სტეროიდის ჩართვაც არის საჭირო.

საბედნიეროდ, საქართველოში ყველა ტიპის პრეპარატი არის წარმოდგენილი.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, ომის ვეტერანებისთვის სახელმწიფო პროგრამა სრულად ფარავს ფქოდის სამკურნალო პრეპარატების ყველა ტიპის ჩამონათვალს და დიაგნოსტირების შემდგომ, მათ სრულიად უფასოდ შეუძლიათ მიიღონ სრულყოფილი მკურნალობა.

მართალია სამკურნალო პრეპარატები იმ მრავალფეროვნებით არ არის ჩვენთან წარმოდგენილი, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებშია, მაგრამ არსებული მედიკამენტები საკმარისია იმისთვის, რომ პაციენტებმა სრულყოფილად იმკურნალონ.

საჭიროების შესაბამისად, შესაძლოა, დაგვჭირდეს ხველის სამკურნალო პრეპარატების და მთელი რიგი მედიკამენტების დანიშვნა, მაგრამ ძირითადი მაინც საინჰალაციო პრეპარატებია.

ამ დაავადების პარადოქსი გახლავთ ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ბევრი სამკურნალო საშუალება არსებობს, განსხვავებით 1990 წლისგან, რასაც დარდება სტატისტიკური მონაცემები, მაინც კატასტროფულად იზრდება დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა.

რა ფაქტორები იწვევს ფქოდის გამწვავებას, ასევე აღნიშნული დიაგნოზის მქონე პაციენტებთან უფრო რთულად მიმდინარეობს თუ არა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები?

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ტიპის ქრონიკული ფილტვის პათოლოგიის დროს, რესპირაციული დაავადება, შეიძლება, უფრო რთულად წავიდეს, ვიდრე ჯანმრთელ პაციენტთან. ასევე, ფქოდის შემთხვევაში, რადგანაც ასაკობრივი ფაქტორი წამყვანია და ის ძირითადად, 45 წლის ზემოთ გვხვდება, მარტო ფქოდი არ აქვთ ხოლმე ამ პაციენტებს, მათთან ხშირია კარდიოლოგიური დაავადებები, ენდოკრინული დაავადებები და ა.შ. შესაბამისად, როდესაც რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია აქვს პაციენტს, ბუნებრივია, რომ ნებისმიერი ჩართულობა და გამწვავება, ამ შემთხვევაში, შეიძლება, სავალალო აღმოჩნდეს.

როდესაც ფქოდი სწორად ნამკურნალევია, ამ შემთხვევაში, გართულების რისკი ნაკლებია.

ნებისმიერი ვირუსული ინფექცია ფქოდით დაავადებულმა პაციენტმა შეიძლება, შედარებით რთულად გადაიტანოს, ვიდრე ჯანმრთელმა, ამიტომ ფქოდის მქონე პაციენტების გასაგონად მინდა ვთქვა, თუ თქვენ შეამჩნევთ ნებისმიერ გადახვევას იმ მდგომარეობიდან, რაც თქვენ გაქვთ, მაგალითად, თუ გახშირდება ხველა, უფრო გამოიხატა ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, აღარაფერს ვამბობ ტემპერატურულ რეაქციაზე, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. გამწვავებების მართვა უმნიშვნელოვანესია და აქ წამყვანი არის პაციენტის როლი, მათ ნებისმიერი გადახრის დროს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სპეციალისტს.

გამწვავებული მდგომარეობის შემთხვევაში, რა დროის განმავლობაში სჭირდება პაციენტის ჰოსპიტალური დახმარება, ასევე რას ნიშნავს ტერმინი პულმონური რეაბილიტაცია და რამდენად მნიშვნელოვანია ის?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის გამწვავება გვაქვს და როდის მოდის პაციენტი ექიმთან. თუ პაციენტი ადრეული სიმპტომების დროს მოვა ჩვენთან, მას შეიძლება სულაც არ დასჭირდეს ჰოსპიტალიზაცია და აბსოლუტურად ამბულატორიულად მოგვარდეს პრობლემა, მაგრამ თუ პაციენტმა ყურადღება არ მიაქცია გამაფრთხილებელ ნიშნებს, თუ წამოვიდა მაღალი ტემპერატურა, მძიმე სუნთქვის უკმარისობა, რა თქმა უნდა, შესაძლოა, მას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს.

რაც შეეხება რეაბილიტაციას, ეს უმნიშვნელოვანესია, ნებისმიერი ქრონიკული პათოლოგიის დროს, განსაკუთრებით, კი ფილტვის პათოლოგიების დროს.

სამწუხაროდ, საქართველოში არ გვაქვს სტანდარტული გაგების რეაბილიტაციის ცენტრები, ისეთი როგორიც ამერიკასა და ევროპაშია და სადაც პაციენტებს უტარდებათ ფიზიკური ვარჯიშები, სუნთქვის ვარჯიშები, ფიზიოთერაპიები, მთელი რიგი პაკეტი არის შექმნილი იმისთვის, რომ პაციენტმა უკეთ იგრძნოს თავი.

საქართველოში რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ პაციენტმა აკეთოს სუნთქვის ვარჯიშები და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, იყოს ფიზიკურად აქტიური. პაციენტები ხშირად ფიქრობენ, რომ რადგან მათ სუნთქვის უკმარისობა აქვთ, უნდა შეამცირონ ფიზიკური აქტივობა, ამ დროს, პირიქით, მე ყველას ვეუბნები, რომ ფიზიკური აქტივობა ეს არის პრეპარატი, რომელშიც ფულს არ იხდიან. ყოველ დღე, თუნდაც 10 წუთი სეირნობა ეს დამატებითი სამკურნალო საშუალებაა.

თუ პაციენტი სახლიდან არ გამოდის, ჩვენ შეგვიძლია, ვურჩიოთ, რომ კორპუსის ქვეშ არსებულ მარკეტში პურის საყიდლად მაინც ჩავიდეს ხოლმე და როცა ამ აქტივობას მიეჩვევა, შემდეგ, მეზობელი კორპუსის მაღაზიაში დაიწყოს სიარული. ასეთ პაციენტებზე, რომლებიც ძლივს გამოდიოდნენ სახლიდან, გერმანიაში კვლევა ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ ბოლოს, ისინი 4 კილომეტრს დადიოდნენ ფეხით, რამაც მათი სპირომეტრიული მაჩვენებლები გააუმჯობესა. ნორმირებული ფიზიკური აქტივობა უმნიშვნელოვანესია.

ფქოდი განკურნებადია? შეიძლება, რომ საბოლოოდ მივაღწიოთ გამოჯანმრთელებას?

სამწუხაროდ, ფქოდისგან გამოჯანმრთელება არ ხდება და როდესაც ეს დიაგნოზი დაიწერება, ის აღარ იხსნება, მაგრამ ჩვენ უნდა შევაჩეროთ ფქოდის პროგრესირება. მას არ ახასიათებს არც რემისია.

მნიშვნელოვანია, პაციენტმა სრულყოფილად შეასრულოს ექიმის დანიშნულება, რომ მაქსიმალურად შეამციროს გამწვავებების სიხშირე.

ფქოდით დაავადებული პაციენტების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ადაპტირებულნი იყვნენ სამუშაო გარემოში, საცხოვრებელ გარემოში, იყვნენ ფიზიკურად აქტიურები, მიიღონ სამკურნალო საშუალებები, რომ მათი სიცოცხლის ხარისხი მაღალი იყოს.

ძალიან დაბალია ისეთი შემთხვევების პროცენტი, რომლებიც შეიძლება, მკურნალობას არ დაემორჩილონ.

ექიმთან დროული მიმართვა და დროული დიაგნოსტირება არის წამყვანი, რომ თავიდან ავირიდოთ დაავადების პროგრესირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები