ქორწინების და ოჯახური ფსიქოთერაპევტი თათუკა ჩაჩუა სალომე კასრაძის პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის თემებზე ისაუბრა. მისი თქმით ურთიერთობების კრიზისების გადალახვის პროცესი არასოდეს არის მარტივი.
„არანაირი თერაპია და არანაირი განვითარება არ არის ადვილი. ყველანაირი განვითარება მტკივნეულია. ვის გგონიათ, რომ ეს იქნება მარტივი სწავლა? აქაც შენ თავზე სწავლობ რაღაცას, იგებ რაღაცას, უნდა განვითარდე – შეუძლებელია, რომ ეს ადვილი იყოს.“
ფსიქოთერაპევტის თქმით, ხშირად სვამენ კითხვას, როგორ შეიძლება პირადი ურთიერთობის დასრულება ტკივილის გარეშე, თუმცა ასეთი „რეცეპტი“ არ არსებობს:
„ინტენსიურად არის მოთხოვნა: გვასწავლე, როგორ დავამთავროთ პირადი ურთიერთობა ტკივილის გარეშე. არ არსებობს ეგეთი რეცეპტი. თუ პროცესი მტკივნეული არ არის, ეს ნიშნავს, რომ ტკივილის ასხლეტაზე ხარ მოტივირებული და ეს ყოველთვის უკან ბრუნდება.“
ფსიქოთერაპევტი ხაზს უსვამს ურთიერთობებში კომუნიკაციის მნიშვნელობას:
„ხშირად წყვილებმა უბრალოდ არ იციან ერთმანეთის ენა, ჰგონიათ, რომ არ უყვართ ერთმანეთი, მაგრამ სინამდვილეში სურვილი არ არის, ვისწავლოთ ერთმანეთის ენა.“
მისივე თქმით, ურთიერთობის განახლება შესაძლებელია. როგორც ფსიქოთერაპევტმა აღნიშნა, ურთიერთობაში წარმატების მთავარი საფუძველი არის სურვილი, კომუნიკაცია და მუდმივი მუშაობა ერთმანეთზე.
„სინამდვილეში, როცა ერთმანეთის ენის შესწავლა ხდება, 10-წლიანი ქორწინებებიც კი ნულიდან იწყება. მთავარია, ორივეს უნდოდეს. განახლება ყოველთვის საჭირო პროცესია – ეს თავისით არ ხდება. ამას ვერც თერაპევტი გაგაკეთებინებს, თუ შენ არ ჩადებ ძალისხმევას.“
