ფრანგული ავტო კონცერნი Renault და იაპონური ავტომწარმოებელი Nissan ალიანსის აღდგენას აპირებენ, წერს The Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
აღდგენა შესაძლებელი ხდება კადრების გადახალისების გამო ორივე კომპანიაში, ასევე Nissan-ის ფინანსური პრობლემების ფონზე.
როგორც გამოცემა წერს, Renault-ის ყოფილი ხელმძღვანელი ლუკა დე მეო, რომელმაც 2025 წლის ზაფხულში დატოვა თანამდებობა, ფიქრობდა, რომ ფრანგებისთვის უკეთესი იქნებოდა Nissan-ში საკუთარი წილის გაყიდვა და მიღებული თანხის საკუთარი განვითარებისკენ მიმართვა. თუმცა აქციების გაყიდვა მარტივი არ აღმოჩნდა.
Renault-ის ახალი ხელმძღვანელი ფრანსუა პროვო, პირიქით, მხარს უჭერს ალიანსის გაძლიერებას. როგორც პროვო, ისე Nissan-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ივან ესპინოსა რეგულარულად განიხილავენ, თუ როგორ შეუძლია თითოეულ კომპანიას მხარი დაუჭიროს მეორეს. Renault-ის წარმომადგენლის თქმით, რომელსაც გამოცემა ციტირებს, ეს არის „კარგი ნიშანი“ მომავალი ურთიერთობებისთვის.
ლუკა დე მეომ Renault დატოვა და 2025 წლის ივნისში ჩაიბარა კონგლომერატი – Kering, რომელიც ლუქსის სეგმენტის ტანსაცმელსა და აქსესუარებს ყიდის. მან ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელა ფრანგულ კომპანიას, ამ პერიოდში გადახედა Nissan-თან სტრატეგიულ ალიანსს და უზრუნველყო ჰიბრიდებსა და ელექტრომობილებზე გადასვლა.
Nissan ამჟამად სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის. მაგალითად, კომპანიას მოუწია საკუთარი შტაბ-ბინის გაყიდვა იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში და იმავე შენობის 20 წლიანი იჯარით აღება.