„სიღარიბის მაჩვენებელი, გასული ოთხი წლის განმავლობაში, განახევრდა, კერძოდ, იყო 21.3% და შარშანდელი მონაცემებით, ჩამოსულია 9.4 %-მდე, ეს არის ეკონომიკური ზრდის შედეგი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენის დროს განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა დოლარში ორჯერ და მეტად გაიზარდა და ლარშიც იყო სწრაფი ზრდა, რამაც ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი შეამცირა.
„სიღარიბის მაჩვენებელი, გასული ოთხი წლის განმავლობაში, განახევრდა. იყო 21.3% სიღარიბის მაჩვენებელი და შარშანდელი მონაცემებით, ჩამოსულია 9.4 %-მდე, ეს არის ეკონომიკური ზრდის შედეგი. 2020 წლის ბოლოს, ჩვენი ეკონომიკა იყო დაახლოებით 4 300 აშშ დოლარი და დღეს არის გაზრდილი, დაახლოებით, 9 200 დოლარამდე ერთ სულ მოსახლეზე და პირველად ისტორიაში, წელს, გადაცდება 10 000 აშშ დოლარს. ეკონომიკა გაიზარდა დოლარში ორჯერ და მეტად. ლარშიც გვქონდა სწრაფი ზრდა და ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება 20 %-ზე მეტიდან ჩამოვიდა 9.4 %-მდე.
პირველად ხდება ისე, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა. ანუ, ღარიბებზე მეტი იღებს სოციალურ დახმარებას, პირველად ხდება ეს საქართველოს ისტორიაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული.
რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი არის გადასახედი, გამომდინარე იქიდან, რომ ერთგვარი მორატორიუმი იყო გამოცხადებული 2020 წლიდან. მოგეხსენებათ, რომ კოვიდის დროს ობიექტური მიზეზების გამო, გარე ფაქტორების გამო გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მკვეთრად. მაშინ გვქონდა სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, ეკონომიკა შემცირდა 6.5 %-ით 2020 წელს. ამან გამოიწვია ბიუჯეტში სოციალური პრობლემები და გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა და მას შემდეგ ერთგვარი მორატორიუმი იყო გამოცხადებული, შესაბამისად, არათუ აკლდებოდა ამ რაოდენობას, ემატებოდა. თუმცა ამას კავშირი არ აქვს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესებასთან. სიღარიბის მაჩვენებელი 21.3%-დან შემცირდა 9.4%-მდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
