გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ დათუნა სირბილაძე ესტუმრა. მომღერალმა „არ დაიდარდოს“ მსმენელს ახალი სიმღერა წარუდგინა, რომელსაც პირველად ათი წლის ასაკში, სკოლაში მღეროდა. ახლა კი ზურა მახნიაშვილის დახმარებით ახლებურად ჩაწერა და მეუღლეს მიუძღვნა.
გამარჯობა გურულო, როგორ ხარ?
გურული ბებიით ვარ, ისე იმერელი ვარ. გურია საოცრად მიყვარს. სირბილაძეები გურიაშიც არიან, რაჭაშიც, თუმცა მე იმერეთიდან ვარ. შენ ხშირად გყავს სტუმრები, რომლებიც კარგად თამადობენ, კარგად მღერიან… ეს ყველაფერი ჩემს ოჯახშიც ხდებოდა და ამიტომ ძალიან მიყვარს.
დიდ სცენაზე როდის ახვედი?
13 წლის წინ შევაბიჯე დიდ სცენაზე. ეს იყო პროექტი „ჯეოსტარი“. პატარ ბიჭი ვიყავი, გამხდარი, ქოჩორა…
სუფრასთან ყოფნა კარგია, თუკი სასმელი გვარგია…
სუფრა არ უნდა გადავიდეს ღრეობაში. როგორც ყველაფერს, ჩვენს ცხოვრებაში, სუფრასაც თავისი ნორმა აქვს. ხშირად გადადის ხოლმე ულამაზო სანახაობაში. თავად ქართული სუფრა უდიდესი ტრადიციების მატარებელია და ეს არ უნდა დაიკარგოს: საუბარი, იუმორი, სადღეგრძელო, ლექსი, სიმღერა – ამას ისე ლამაზად ახერხებდნენ ჩვენი წინაპრები. ეს დღესაც ხდება, თუმცა წინათ უფრო მასშტაბური ხასიათის იყო. ბაბუაჩემი ამბობდა ხოლმე, სუფრაზე რომ კაცს გაიცნობ, შეიძლება მეჯვარედ წაიყვანოო. 21-ე საუკუნეა, უნდა გავერთოთ, წავიდეთ კლუბში, რესტორანში, მაგრამ სუფრა უნდა გაიშალოს აუცილებლად.
მღერი მამის იავნანას…
ბაბუის მეგობრები მღეროდნენ. აჩიკო ჯაფარიძეს, ბაბუას მეგობარს შვილი შეეძინა, გიორგი. ეს სიმღერა გოგი ცაბაძემ დაუწერა მას. შემდეგ სულ მღეროდნენ. გიორგი რომ გაიზარდა, ის თავის მეგობრებთან ერთად მღეროდა ხოლმე. სულ მესმოდა და სულ მიყვარდა. ცოტა სხვანაირად მღეროდნენ. მეც „შვიდკაცასთან“ ერთად, სუფრაზე ვიმღერე პირველად. საბოლოოდ გადავწყვიტე ჩამეწერა, დათო უგრეხელიძემ ახალი სიცოცხლე შესძინა. ყველა ინსტრუმენტი ცოცხლად ჩაიწერა. არანჟირება სიმღერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დათოს ეს ძალიან კარგად გამოუვიდა.
ვინ არის შენი პირველი მსმენელი?
ჩემი მეუღლე, ჩემი მთავარი გულშემატკივარია. როგორც კი შევარჩევ სიმღერას, ან ჩავწერ, პირველი მსმენელი არის სალომე. სწორედ მისგან არის პირველი შეფასება და კრიტიკა. პირველი სიმღერა, რომელიც ვუმღერე სალომეს იყო „ღმერთი არის სიყვარული“. ბაკურიანში ვიყავით ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე. ზამთარი, თოვლი, რომანტიკა, სალომეც იქ იყო, თუმცა მაშინ ძალიან გულცივად მიიღო. მაგრამ იმ სიმღერამ ხომ ხედავ, რა შედეგიც გამოიღო.
ქალი სუფრას ალამაზებს…
მამაკაცისთვის ყველაფერი არის ქალბატონი. როდესაც ოჯახს შექმნი, რაღაცეებს გაიაზრებ, ქალს ძალიან დიდი როლი აქვს. ქალი არის ოჯახისთვის საყრდენი, ძალა. ქალმა თუ მხარი არ დაგიჭირა, ის ოჯახი არ იქნება ერთიანი. ერთი ქალიც რომ არის სუფრასთან, სხვანაირად მიდის სიმღერაც, იუმორიც, დალევაც. სიტყვებსაც აკონტროლებ, ბახუსსაც აკონტროლებ. ქალს გაფრთხილება, მოვლა უნდა. სუფრაზე ქალს მოფერება, ყურადღება, პატივისცემა სჭირდება. სუფრაც ჩვენი ცხოვრებასავით ვითარდება – დასაწყისიდან ბოლომდე.
ახალი სიმღერა მოგვიტანე…
„მე მჯერა შენი“ – ასე ქვია ამ სიმღერას. ეძღვნება ჩემს სალომეს, მას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ეს სიმღერა გავაკეთე. როდესაც მაია ჯორჯაძემ ეს სიმღერა მაჩუქა, ათი წლის ვიყავი. მაშინ სკოლის ღონისძიებისთვის, ჩემს კლასელთან ერთად ჩავწერე. ირაკლი მენთეშაშვილმა გააკეთა არანჟირება. მივიწყებული იყო წლების განმავლობაში. ერთ დღესაც, მაია ჯორჯაძე ვნახე და ვუთხარი, რომ ვაპირებ გავაკეთო თქო. მაიკოს არც ახსოვდა ამ სიმღერის არსებობა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა გენიოს ადამიანს, ზურა მახნიაშვილს არანჟირებისთვის. მადლობა მაიკოს რა თქმა უნდა, სიმღერისთვის. ვფიქრობ, მსმენელს მოეწონება და შეიყვარებს. მადლობა „არ დაიდარდოს“ გვერდით დგომისთვის. ჩემი სიმღერა მონაწილეობს „ოქროს ტალღის“ კონკურსშიც და ვთხოვ მსმენელებს, რომ ხმა მისცენ ჩემს ნამუშევარს
დათუნა სირბილაძე – მე მჯერა შენი
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
დათუნა სირბილაძე. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”
ფოტოები