დიზაინერმა 125 მილიონი ცოცხალი წყალმცენარისგან მოკაშკაშე კაბა შექმნა
ნიდერლანდელმა დიზაინერმა ირის ვან ჰერპენმა შექმნა კაბა, რომელიც 125 მილიონი ცოცხალი ბიოლუმინესცენტური წყალმცენარისგან არის დამზადებული. ეს წყალმცენარეები სინათლეს გამოყოფენ მოძრაობისას, ხოლო დროთა განმავლობაში კაბის ფერი კიდევ უფრო ბრწყინავი ხდება.
ტროპიკულ წყლებში მცხოვრები ეს წყალმცენარეები მოძრაობაზე სინათლის გამოყოფით რეაგირებენ – მაგალითად, ტალღების ან ძლიერი მოქცევის დროს. მათგან შექმნილი კაბა ყოველ ნაბიჯზე სულ უფრო და უფრო კაშკაშა ხდება.
წყალმცენარეების სიცოცხლის შესანარჩუნებლად დიზაინერმა მიმართა ინჟინრებს, რომლებმაც საკვები გელი შექმნეს. გელი მცენარეებს სიცოცხლეს უნარჩუნებს ნებისმიერ გარემოში.
როცა კაბა არავის აცვია, ის ინახება სპეციალურ ფოლადისა და შუშისგან დამზადებულ კამერაში, სადაც წყალმცენარეების ბუნებრივი პირობები ხელოვნურადაა აღდგენილი. განათება, ტემპერატურა და ტენიანობა მკაცრად კონტროლდება, რაც ხელს უწყობს წყალმცენარეების გამრავლებასა და სიცოცხლეს. ამ ტექნოლოგიის წყალობით, წყალმცენარეები განაგრძობენ გამრავლებას და დროთა განმავლობაში კაბა კიდევ უფრო ნათდება.
ირის ვან ჰერპენი აღნიშნავს, რომ ეს კაბა არის თანამშრომლობა ბუნებასთან. მისი თქმით, ეკოლოგიური კატასტროფებისა და სახეობების გაქრობის პირობებში ბიოდიზაინი ეხმარება კაცობრიობას შეცვალოს წარმოდგენა ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და ადამიანის ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ბუნებასთან ყველა სფეროში.
ირის ვან ჰერპენი ცნობილია თავისი რევოლუციური მიდგომებით. გასულ წელს მან შექმნა მსოფლიოში პირველი საქორწილო კაბა, რომელიც 3D პრინტერით იყო დაბეჭდილი.