„ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებელში, სწავლა იქნება უფასო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა“, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
2026 წლიდან სტუდენტების საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება – სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულებს სწავლის საფასურს სრულად სახელმწიფო დაუფინანსებს, კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებზე კი დაფინანსება არ გაიცემა
განათლების მინისტრის თქმით, „ფაქტობრივად, უფასო ხდება სწავლება მათთვის, ვინც ჩააბარებს“.
უმაღლესი განათლების რეფორმისა და დაფინანსების საკითხზე საუბრისას კობახიძემ განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი განიხილეს როგორც მთავრობის, ისე პოლიტიკური საბჭოს ფორმატში:
„ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი შეკრება, განვიხილეთ ეს საკითხი მთავრობის ფორმატშიც და პოლიტიკური საბჭოს ფორმატშიც და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი მიღებიდან, 2026 წლის მიღებიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა იქნება სრულიად უფასო. ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებელში სახელმწიფო სასწავლებელში, სწავლა იქნება უფასო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ეტაპობრივად დაინერგება სახელმწიფოს საუნივერსიტეტო სისტემაში“, -აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, 2026 წლიდან, საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება, რის შემდეგაც, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის საფასურს სრულად სახელმწიფო დაუფინანსებს. რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, 2026 წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე სახელმწიფო დაფინანსება არ გაიცემა. ამასთან, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა განაცხადა, იმ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში უკვე სწავლობენ, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებული დაანონსებული ცვლილება, სასწავლო ციკლის დასრულებამდე, არ შეეხებათ.
