„მიდი, თუთა, აბა, გაართე კირა, ცოტა ხანს არ მცალია…“ – ასე დაიწყო ჩვენი ინტერვიუ თეონა ცირამუასთან, რომელიც თავის ტყუპ გოგონებს ესაუბრებოდა. გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი, რომელიც თავისი საქმის დიდი პროფესიონალია, 9 თვის წინ დედა გახდა. მას კირა და თუთა შეეძინა. ექვსი თვის განმავლობაში დეკრეტში იყო და დროს სულ გოგონებთან ერთად ატარებდა, ახლა კი ისინი თბილისიდან გორში, სამსახურში დაჰყავს და მთელ დღეს დედიკოს სიახლოვეს ატარებენ. თეონა მიიჩნევს, რომ შვილები დედასთან უნდა გაიზარდონ… მუსიკოსს ბავშვების აღზრდაში ეხმარება მეუღლე, გოჩა ჭანტურია. როგორც თეონა fortuna.ge-სთან საუბრისას ამბობს, თავიდანვე გააზრებული არჩევანი გააკეთა მეორე ნახევართან დაკავშირებით და იმედები სრულად გაუმართლდა…

თეონა ცირამუა:
ჩემი პატარები 4 დეკემბერს 9 თვის გახდნენ.
როცა მე და თქვენ პირველად ვისაუბრეთ ტყუპებზე, მაშინ დეკრეტში იყავით. სამსახურში გასვლის შემდეგ როგორ შეიცვალა სიტუაცია?
როცა დეკრეტი დამთავრდა და სამსახურში გავედი, სტანდარტულად დავიწყე ფიქრი, რომ ძიძა უნდა ამეყვანა. თუთა მყავდა ძუძუთი კვებაზე. ისე მომეჩვია და მეც მივეჩვიე… კირაც მყავდა, მაგრამ ის მცირე წონით დაიბადა და ინკუბატორში იყო თვენახევარი, აქედან გამომდინარე, როცა მოვიყვანე სახლში, კი ჭამდა, მაგრამ ხელოვნური კვების შერევამაც მომიწია, რადგან თავიდანვე მიჩვეული იყო… მოკლედ, ამ კვებამაც კიდევ უფრო მეტად გამოიწვია მიჩვევა და არ მინდოდა მათი დატოვება.
ძალიან კარგად დაემთხვა ზაფხული, ექვსი თვე გავიდა, სანამ დეკრეტი დასრულდებოდა და სულ ბავშვებთან ყოფნის საშუალება მქონდა. მოვიდა სექტემბერი და სამსახურში გასვლის დრო… ვფიქრობდი ძიძაზე და უხეშად რომ ვთქვა, იმ წამსვე წიხლს ვკრავდი ამ აზრს. თბილისიდან გორში სამსახურში უნდა წამოვსულიყავი დილით და ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, გვიან დავბრუნებულიყავი. დაღამებამდე ბავშვები ვერ უნდა მენახა. ბევრიც არ მიფიქრია, სიმართლე გითხრათ, სხვა მექანიზმი რომ უნდა შემემუშავებინა, ეს ფაქტი იყო.

ქალბატონი, ვინც სამსახურში დალაგებაში გვეხმარება და სისუფთავეს იცავს, სხვათა შორის, ჩემზე უმცროსია, მას მოველაპარაკე, მას შემდეგ, რაც საკუთარ საქმიანობას დაასრულებდა და საღამომდე არ იყო დაკავებული, ბავშვებს მიხედავდა. ჩემმა კაბინეტმა, სადაც ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, ვერასდროს შევდიოდი, ფუნქცია შეიძინა – მანეჟი, ბუშტები, ახლა ასე გამოიყურება ჩემი სამუშაო კაბინეტი. რასაც ვფიქრობდი, იმაზე მეტად გაამართლა ნონამ, მეორე დედასავითაა მათთვის, ძალიან კარგად ვეწყობით მეც და ბავშვებიც. კარგი მექანიზმი ავაწყვე. რა დრომდე იქნება ასე, არ ვიცი, ბაღში რომ წავიყვან, ალბათ, თბილისში იქნებიან…
გორიდან პარასკევს, შაბათსა და კვირას თბილისში ვბრუნდებოდი, ახლა კი, შეიძლება ითქვას, იქ გადავედი საცხოვრებლად, ამ სამ დღეს იქით ვატარებთ ხოლმე მე და ბავშვები, მირჩევნია, გორის ჰაერი ისუნთქონ, ვიდრე თბილისის. გოჩაც ჩამოდის ხოლმე და ერთად ვართ. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, როდემდე უნდა იაროს ასე, მაგრამ ჯერჯერობით, არ უჭირს.

თან, მთელი დღე სამსახურში ხართ, თან, ბავშვებიც იქ გყავთ. ძალიან ენერგიული ადამიანი ყოფილხართ…
ძიძის აყვანა დიდ ხარჯს უკავშირდება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ტვინი ორად გამეყოფოდა, აბა, რას შვრებიან, რას აკეთებენ, ტელეფონში ხომ არ არიან თავჩარგულები. რთულია ძიძის აყვანა, რომელიც გაგიმართლებს. ასე მოუსვენრად ყოფნა რეპეტიციის შედეგებზეც იმოქმედებდა. რეპეტიციების დროს არაფერი მახსოვს ხოლმე, რადგან ყველაფერი მოგვარებულია, როცა დედა ხარ, ასე ვერ მოისვენებ. მირჩევნია, ფიზიკურად ვიწვალო და გონებრივად დასვენებული ვიყო… როცა შესვენებაზე გამოვდივარ და ჩემს შვილებს ვუყურებ, ვხვდები, რომ ბავშვები დედასთან უნდა იყვნენ…

როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ხართ, მყარად გაქვთ გადაწყვეტილი, რომ ბავშვები თქვენს გარემოცვაში უნდა გაიზარდონ… თქვენი ცხოვრება დიდი მოტივაციაა ბევრი ქალბატონისთვის, საქმესაც არ აკლებთ დროს და პირადი ცხოვრებაც აიწყვეთ. ეს როგორ მოახერხეთ?
ალბათ, ძლიერი ხასიათი აღმომაჩნდა. ზრდასრული რომ ხარ და ყველაფერს დაფიქრებულად აკეთებ, ოჯახის შექმნას და ბავშვის გაჩენას ვგულისხმობ, უნდა იცოდე, რომ ამას სირთულეები მოჰყვება, არავინ გთხოვს ბავშვის გაჩენას, შენი გადაწყვეტილებაა. მით უმეტეს, მე ასაკში გადავდგი ეს ნაბიჯი და სრულად მქონდა გაცნობიერებული ყველაფერი. მაინც რთულია, მაგრამ როცა აცნობიერებ, როგორი ანგელოზების დედა ხარ და ღმერთმა როგორი საჩუქარი გაგიკეთა, ეს რაღაცნაირად გაძლევს ძალას და სირთულეებსაც გადაგალახვინებს. როცა დამხმარე ქალბატონს, ნონას მივწერე და ის დამთანხმდა, გულში ამ თანხმობისაც კი შემეშინდა, რა და როგორ იქნებოდა. ვაღიარებ, რომ ენერგიული ადამიანი ვარ. დროის მენეჯმენტის პატარა ნიჭიც, ალბათ, მაქვს. გააზრებული მაქვს, რომ ეს ადვილი ამბავი არ არის. შედეგი რომ ტკბილია, ეს მომწონს. როცა უფრო გაიზრდებიან, ფეხს აიდგამენ, ამით მაშინებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ ეტაპსაც გადავლახავ. არ მიფიქრია, რომ ეს ბევრი ქალისთვის მოტივაციაა, ძალიან გამიხარდება, თუ ეს ასეა. ყველას ერთნაირი ფიზიკური შესაძლებლობები არ აქვს და არც არავის ვაკრიტიკებ, მაგრამ შვილს თუ ვაჩენთ, ჯობს, მათთან ერთად ვიყოთ.

მეუღლე ძალიან იყო ჩართული ბავშვების მოვლაში პირველი თვეები, ახლა როგორ მოგვარდა ეს თემა? ხომ არ აპროტესტებს, რომ ბავშვები სამსახურში გყავთ წაყვანილი და თავად ისე ჩართული აღარაა?
მეუღლე არაფერს აპროტესტებს. ჩემი დახმარება მისი მხრიდან გრძელდება. მთელი ექვსი თვე რომ ვიყავი ბავშვებთან, გოჩაც ასე იყო, სამსახურმა ძალიან შეუწყო ხელი. ახლა წასვლა-წამოსვლის რეჟიმშია. ორივე ერთად ვზრდით შვილებს, მეხმარება, მაგრამ მთელი დაწოლა მაინც ჩემზე მოდის. ეს არის ბუნებრივი და ამასაც შეგუებული ვარ. რაც უნდა ვიბრძოლოთ ამის წინააღმდეგ ქალებმა, მე თუ მკითხავ, ქალმა უნდა აიღოს მაინც მეტი წილი ბავშვების გაზრდაში. ამას წინათ მოვუსმინე საინტერესო ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ ქალი უნდა იყოს ბავშვებთან, თუ დედა არა, მაინც ქალბატონი. ქალი ამისთვისაა გაჩენილი, ბუნებრივია და არაფერია ამაში არმოსაწონი. ეს უნდა მივიღოთ და არც სტრესში ვიქნებით.
ჭკვიანურად თუ გადავდგამთ ნაბიჯს, ვის ვირჩევთ მეორე ნახევრად ცხოვრებაში და მერე უკვე ჭკვიანურად აღვზრდით შვილებს, რა თქმა უნდა, მოსავლის აღებაც ტკბილი იქნება. გოჩა შემიყვარდა, მაგრამ ისე, რომ ვერ ხვდებოდა, იმდენი გამოცდა ჩავუტარე (იღიმის). მასაც გაცნობიერებული ჰქონდა, ვინ მოჰყავდა ცოლად და მეც, – ვის მივყვებოდი ცოლად. თანაცხოვრებაში კიდევ ბევრი რამ შეიძლება გამოჩნდეს, ამისაც მეშინოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად წარიმართა.

ბევრი ვიდეო გიდევთ სოციალურ ქსელში, სადაც თქვენი გოგონები სულ თან გყავთ და ახლა აღარ არ მიკვირს, ამას როგორ ახერხებთ, უამრავ ცნობილ ადამიანს შეახვედრეთ უკვე…
რადგან ბავშვები აქ არიან, ყველას აინტერესებს მათი ნახვა, მერე მიდის ფოტოების გადაღება და ეს ბუნებრივად გამოდის და არა სპეციალურად. ელისო ვირსალაძეს რომ შევხვდით, ქმარ-შვილთან ერთად ჩავედი… კონცერტი რომ დამთავრდა, ქალბატონმა ელისომ ჩემთან შეხვედრა მოითხოვა, ჩემს ოთახთან მოხდა ეს ამბავი და გოჩას ვთხოვე, ბავშვები გამოეყვანა.

როგორი გოგონები არიან? მგონი, ძალიან განსხვავებულები…
ძალიან, ფიზიკურად გინდა, თუ გაბარიტებით. საერთოდ არ ჰგვანან ერთმანეთს, ორივეს თავისებური ხიბლი აქვს – თუთა გემრიელი კანფეტია, შეგნებული, კირას ნებისყოფა არა აქვს და ვეუბნები, რომ ამაზე უნდა ვიმუშაოთ, თანაც, ვკვდები ამ დროს სიცილით (იღიმის). ახლა რას გააგებინებ. ვცდილობ, ხასიათები დავიჭირო, რომ როცა გაიზრდებიან, მინუსებზე გავლენა მოვახდინო და გავაპლუსო. რამდენად მოვახერხებ, ამას დრო გვაჩვენებს..
ფოტო: დათუნა აგასი
