რატომ გვაწუხებს სახსრებისა და წელის ტკივილი ამინდის ცვლილებისას და როგორ შევამციროთ ასეთ დროს ჩვენს ორგანიზმზე ამინდის ზემოქმედება? – პაციენტების მხრიდან ხშირად დასმულ კითხვას ექიმი, ზურაბ მიქელაძე პასუხობს.
კლინიკა „ენმედიცის“ რეაბილიტაციის ცენტრის მიერ გავრცელებულ ვიდეოში თერაპევტი ამბობს, რომ ამინდის ცვალებადობის დროს ტკივილის მატება წელისა და კიდურების არეში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა და მასზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ატმოსფერული წნევის ვარდნა.
„ხშირად მეკითხებიან ჩემი პაციენტები, ხერხემლის პათოლოგიის დროს ამინდის ცვალებადობა რატომ ამწვავებს პაციენტის მდგომარეობას. განსაკუთრებით ტკივილის მატება წელისა და კიდურების არეში, რაც საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა და მასზე მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი.
პირველი ფაქტორია ატმოსფერული წნევის ვარდნა. როდესაც ამინდი უარესდება და ატმოსფერული წნევა ვარდება ამ დროს სახსარში, ხრტილში, ხერხემლის არხში, სადაც მიმდინარეობს ანთებითი პროცესი, იზრდება შეშუპებისა და ზეწოლის ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე, რაც განსაკუთრებით იგრძნობა ხერხემლისა და ზოგადად სახსრების დეგენერაციული ცვლილებების დროს. მაგალითად ოსტეოქონდროზის, სპონდილოართროზის, მალთაშორისი დისკის თიაქრის, სახსრების ართროზის და ართრიტის დროს.
მეორე ფაქტორია ტემპერატურის კლება ანუ სიცივე. ცივ ამინდში კუნთები და სისხლძარღვები სპაზმირდება. სისხლის ნაკადი მცირდება ქსოვილებში რაც იწვევს კუნთებისა და ნერვის მიმდებარე ზონაში გამჭოლი ხასიათის ტკივილს.
მესამე ფაქტორია ჰაერის ტენიანობის მატება, როდესაც ტენიანი და ნესტიანი გარემო აფერხებს ქსოვილების რეგენერაციას და ზრდის ანთებით პროცესს.
როგორ შევამციროთ ამინდის ზემოქმედება? – სხეული შევინარჩუნოთ თბილად, გამოვიყენოთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და ბოლოს, ძალიან კარგია ფიზიო პროცედურები, კერძოდ ელექტრომაგნიტური თერაპია და ლაზეროთერაპია“, – ამბობს ექიმი ვიდეომიმართვაში.
