სოფო ნიჟარაძე mere.pdcst-ის სტუმარი იყო. მომღერალმა ბევრ თემაზე გულახდილად ისაუბრა. მათ შორის გაიხსენა მეგობარი მარიკუნა მიქატაძე.
„მარიკუნა ემოციური იყო, ფილმებზე ტიროდა, წიგნებზე ტიროდა… ყველაფერზე ტიროდა. მე არ ვიყავი ემოციური, მერე გავხდი. მარიკუნას ყველაფერი სწყინდა. უნიჭიერესი იყო, საოცარ ტექსტებს წერდა. ლილიკო ნემსაძემ მელოდია დაწერა და მარიკუნას, მახსოვს, ერთი სტროფის დაწერა ვთხოვე. იქვე მოიფიქრა: „ვარსკვლავი შენი სახეა, ჩემი ფიქრები შენს ფიქრებს ჰგავს, ასე იყო და ასეა, ჩემი ლამაზი ოცნება ხარ…” ულამაზესად დაწერა.
ახლა ამ ამბავს პირველად ვყვები, მე თუ სიმღერა დავიწყე და დღეს სიმღერა ვიცი, ეს მარიკუნას ოჯახის დამსახურებაა. დიდი მარიკას და ჯუნას სახლში მოსმენილი სიმღერების წყალობით ვმღერი. შენი თაფლის ხმა მომასმენინეო, მარიკა მეუბნებოდა. მადლიერი ვარ ამ ოჯახის. დიდი მარიკა იყო ჩემი დიდი მსმენელი. მარიკუნა შვეიცარიაში იყო სასწავლებლად წასული, მე რომ მივდიოდი მათთან და მე , მარიკა და ცისანა ვმღეროდით.
მარიკუნა საზაფხულო სკოლაში იყო. საოცარი ემოციით დაბრუნდა. დამოუკიდებელი ცხოვრება, ალბათ, იქიდან ისწავლა.
მარიკუნამ პირველი ლექსი დამიწერა ჩემზე რომ იყო გაბრაზებული მაშინ:
„გარეგნოზით ანგელოზი, კანჭმაღალი ირემი,
ხმატკბილი და ხმანარნარი, უსმენ მას და ირევი,
მაგრამ ვაი, ხასიათი! ლექსიკონიც უხეში…
(მერე საშინელი სიტყვები მოდიოდა)… სულ მოგაყრის სახეში.
ლექსი კარგად მთავრდებოდა.
ახალი ფეხსაცმლის ყიდვა რომ უნდოდა, ჯუნას ისეთ გულისმაჩუყებელ ლექსს დაუწერდა, რომ არ არსებობდა, არ ეყიდა ფეხსაცმელი. უარს ვერანაირად ვერ ეტყოდა.
აზრიანი ლექსები ჰქონდა, არ არსებობდა, რომ არ დაგმახსოვრებოდა. ძალიან მაგარი გემოვნება ჰქონდა. მრავალმხრივ ნიჭიერი იყო“, – ამბობს სოფო ნიჟარაძე.
