ქართული მულტფილმი დიდ ეკრანს უბრუნდება. „რე-ანიმაცია“ – ასე ჰქვია ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ერთობლივ პროექტს, რომელიც მულტიპლიკაციური ფილმების რესტავრაციას ითვალისწინებს.
„რე-ანიმაციის“ პროექტის იდეა დიდი ხანია, არსებობს, თუმცა მის განხორციელებას რიგი ტექნოლოგიური საშუალებები სჭირდებოდა. აქამდე ფილმების და ანიმაციების აღდგენა კი მხოლოდ საზღვარგარეთ ხდებოდა.
ქართველი ბავშვები მაღალი ხარისხის და უამრავი სპეცეფექტით გაჯერებული უცხოური ანიმაციების შემდეგ, ქართულ მულტფილმებს თითქმის არ იცნობენ. სწორედ ამიტომ, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი, გიორგი ხარებავა ამბობს, რომ „რე-ანიმაციის“ პროექტით ქართველ ბავშვებს შეეძლებათ, უფრო კარგად გაეცნონ საკუთარი ქვეყნის კულტურას.
მაღალი ხარისხის ციფრული ასლის შექმნის შემდეგ, ფილმების პირველი ჩვენება დეკემბრის ბოლოს, საახალწლოდ ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
თათია კაკიაშვილი