„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, რომელსაც პატიმრობის 7-თვიანი ვადა ამოეწურა, პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
გიორგი ვაშაძეს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ.
საპატიმროს დატოვების შემდეგ გიორგი ვაშაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა:
„ძალიან შემართებით, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მინდა მივესალმო საქართველოს. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში, ქვეყანაში, რომელიც წინ მიდის, არის ევროკავშირის ღირსეული წევრი, წარმოდგენილია საერთაშორისო ასპარეზზე.
მინდა საპატიმროში არავინ აღარასდროს აღარ იყოს, მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ადამიანებს არ დაიჭერენ იმისთვის, რომ უბრალოდ განსხვავებული აზრი აქვთ.
7 თვე რთული იყო, განსაკუთრებით, როდესაც შორდები შვილებს, მეუღლეს, თქვენ ყველას, მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერია, რომ არც ერთი დღე არ გამჭირვებია…
როდესაც მიზანი ამხელა და ერთიანია, ჩვენ რა გვჭირდება? მეტი ორგანიზება, მეტი სისტემურობა, მეტი შეკავშირება, ამიტომ გვინდა ერთიანობა, სათავეში ხალხი უდგას. ზურას და ჩემი მოსაზრებები დიდი ხანია ერთმანეთს ემთხვევა, კარგია, რომ გზა გაკაფა, სანამ მე გამოვედი. ვიცი, რომ ბევრ ადამიანს შეხვდა, მეც ვაპირებ, პირველ რიგში, ზურას დაველაპარაკო და სხვებს.
პარტიების გაერთიანება ერთია, შემდეგ საზოგადოებრივი ჯგუფები, ახალი საინტერესო კვალიფიციური პროფესიონალები, რომელიც ჩანს. ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, მათ შორის, ამ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, წინ წავიდნენ, მეტი გააკეთონ, სიხალასე, სიახლე შემოიტანონ ამ პროცესში. ყველას უნდა დაველაპარაკოთ, მე პარტიული ნიშნით ვერავის განვასხვავებ, ერთიანი ძალებით უნდა გავიმარჯვოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ მედიასთან და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ 2025 წლის 24 ივნისს ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო – გიორგი ვაშაძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ასევე აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
⭕ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, რომელსაც პატიმრობის 7-თვიანი ვადა ამოეწურა, პატიმრობიდან დღეს…
Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on ხუთშაბათი, 22 იანვარი, 2026
ფოტო სლაიდზდე: „ინტერპრესნიუსი“
