აშშ-ში, მისისიპის შტატში აღმოაჩინეს უჩვეულო ავტო კოლექცია – ტყეში მიტოვებული და ბუნებასთან შეზრდილი ათობით ლეგენდარული Chevrolet Camaro. Youtube არხის Backyard Barn Finds ავტორმა ადგილზე გადაიღო „მასლ-ქარების სასაფლაო“, სადაც წლების განმავლობაში მიტოვებული სპორტქარები ხეებსა და ბუჩქებში იჟანგება.
ავტომობილები ეკუთვნის ადგილობრივ კოლექციონერს, შუნს, რომელიც ფლობს 1960–70-იანი წლების ამერიკული მასლ-ქარების დიდ კოლექციას. მისი თქმით, მანქანების ნაწილი ფარეხშია შენახული და რესტავრაციის პროცესშია, თუმცა მრავალი ავტომობილი ღია ცის ქვეშ, მძიმე მდგომარეობაშია დარჩენილი.

ტყეში აღმოჩენილია დაახლოებით სამი ათეული Chevrolet Camaro, ასევე რამდენიმე Dodge Challenger და Chevrolet Nova. უმეტესობა პირველი და მეორე თაობის Camaro-ებია – ზოგი ჯერ კიდევ აღდგენას ექვემდებარება, ხოლო ზოგისგან მხოლოდ დაჟანგებული მეტალის ფრაგმენტებია შემორჩენილი.

წლების განმავლობაში ბუნებამ თავისი კვალი დატოვა: ხეები ამოსულია ძრავის განყოფილებებში, ტოტებმა დაანგრია სახურავები და სალონები, ხოლო ზოგი ავტომობილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ თითქმის შეუმჩნეველია. არის ეგზემპლარებიც, რომელთან მიახლოებაც პრაქტიკულად შეუძლებელია.

კოლექციონერმა აღიარა, რომ მზად არის კოლექციის გაყიდვისთვის – მას აღარ აქვს არც დრო და არც რესურსი ავტომობილების გადასარჩენად. ვიდეოში ფასები არ სახელდება, თუმცა ავტორმა დაინტერესებულ პირებს მფლობელის საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვა.