გასაიდუმლოებული და ახლახან გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, სექსუალურ დანაშაულებში ბრალდებულ ბიზნესმენთან ჯეფრი ეპშტეინთან მიმოწერა და მეგობრული ურთიერთობა ჰქონია ნორვეგიის მომავალ პრინცესას, მეტე-მარიტის. ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, პრინცესამ საჯაროდ გააკეთა განცხადება და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
„ძალიან ვნანობ ამას. ეს პასუხისმგებლობაა, რომელიც უნდა ავიღო საკუთარ თავზე. დაუფიქრებლად მოვიქეცი და ძალიან ვნანობ, რომ ოდესმე მქონდა კონტაქტი ეპშტეინთან. ეს უბრალოდ სირცხვილია“ – განაცხადა მან.
სკანდალის ფონზე, იმ ორგანიზაციებმა, რომელთა მფარველიც მეტე-მარიტია, საგანგებო შეხვედრები გამართეს, რათა შეაფასონ არსებული ფაქტები და გადაწყვიტონ, გაგრძელდება თუ არა პრინცესასთან თანამშრომლობა.
ნორვეგიის წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა, ანდრეას ბიერშტადმა ტელეკომპანია TV 2 Norge-სთან განაცხადა: „ეს უკიდურესად სერიოზული საკითხია. ბავშვებმა და ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოება სექსუალურ ძალადობას არ შეეგუება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მისი სამეფო უმაღლესობა პირადად და მკაფიოდ გამოხატავდეს სინანულს ეპშტეინთან ურთიერთობის გამო.“
ამავე დროს, უკვე ცნობილია, რომ ნორვეგიის უმსხვილესმა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ცენტრმა პრინცესასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი პაციენტების, ძალადობის მსხვერპლთა და სექსუალური ძალადობის პრევენციის დაცვაა.

