LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს! – მაინტერესებს, როცა ჰელსინკის კომისიაში ლორა თორტონი გამოცხადდება, კვლავ გაიმეორებს თუ არა მოსაზრებას, რომ დონალდ ტრამპი სექსუალური მოძალადეა“

113
შალვა პაპუაშვილი

„ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს! – მაინტერესებს, როცა ჰელსინკის კომისიაში ლორა თორტონი გამოცხადდება, კვლავ გაიმეორებს თუ არა მოსაზრებას, რომ დონალდ ტრამპი სექსუალური მოძალადეა – თურმე საქართველოს წინააღმდეგ იმ ადამიანის ჩვენებები არის საინტერესო, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტს სექსუალურ მოძალადეს უწოდებს!“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი ჰელსინკის კომისიაში, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილ განხილვას გამოეხმაურა.

„ეპშტეინის კუნძულის სკანდალის ფონზე, ვხედავთ, ერთი მეორის მიყოლებით მაღალი თანამდებობის პირების, დიპლომატების გადადგომებს როგორც აშშ-ში, ისე ევროპის ქვეყნებში. როცა კრიტიკა იმ ადამიანებისგან გვესმის, რომლებიც ამ პოლიტიკური ლანდშაფტის ნაწილი არიან, ერთადერთი პასუხი, რაც გვიჩნდება არის ის, რომ ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს! ძალიან მძიმეა, რასაც ვუყურებთ. ეს უკვე ცივილიზაციური უფსკრული აღარ არის. ეს არის ადამიანური უფსკრული, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა, ელიტის დიდი ნაწილი თუ ელიტის მნიშვნელოვანი პირები იყვნენ ჩართული. ვნახეთ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი სწორედ იმის გამო გადააყენეს, რომ მასაც რაღაც კონტაქტები ჰქონდა და მისი რეკომენდაციით იყო დანიშნული ადამიანი, ვინც ეპშტეინის ფაილებში იძებნება. ეს არის არა მხოლოდ ცივილიზაციური უფსკრული, რასაც ჩვენ ვაკვირდებით განსაკუთრებით ევროპაში, არამედ ეს უკვე ადამიანური უფსკრულია, საიდანაც შემდეგ გვესმის კრიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით. ასე რომ, ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს!“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ჰელსინკის კომისია დღეს ბრიფინგს გამართავს, თემაზე: „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრიფინგი შეისწავლის ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესებას, „ქართული ოცნების“ განსხვავებული აზრის დასასჯელად და დემორალიზებისთვის ტაქტიკებს, და წინ მიმავალ გზას საქართველოსთვის.

ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი 28 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა ამინდის პირობების გამო გადაიდო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g