LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა შეხვდეთ ოჯახში მირქმის დღესასწაულს – საპატრიარქოს რჩევა საზოგადოებას

813
2026-02-15_01-52-22_620746

15 თებერვალს სრულიად ქრისტიანული სამყარო მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, უკვე რამდენიმე წელია განსხვავებულად აღინიშნება მირქმის დღესასწაული; კერძოდ, ჩვენს რეგიონებში და, განსაკუთრებით, სვანეთში, დაცული ძველი წესის,− „ლამპრობის,“ ანუ „სვიმნიშობის“ (წმინდა სვიმეონ მიმრქმელის დღის) და ძველ საღვთისმსახურო წიგნთა მონაცემების გათვალისწინებით.

სვანეთში შემორჩენილი ერთ-ერთი ტრადიციის მთავარი შემადგენელი ნაწილი არის ის, რომ საეკლესიო მსახურების შემდეგ ბავშვების გუნდი ანთებული სანთლებით მაცხოვრის დიდებით და სვიმეონ მიმრქმელისადმი ლოცვით დადის მთელ სოფელში. თითოეული ოჯახიდან მათ შესახვედრად ანთებული სანთლით გამოდის ოჯახის უფროსი. ბავშვები (რომლებიც სიმბოლურად განასახიერებენ მაცხოვარს) ლოცავენ მას და შემდეგ ოჯახის უფროსიც (რომელიც, ასევე, სიმბოლურად განასახიერებს სვიმეონ მიმრქმელს) ლოცავს მათ. ერთ-ერთი ბავშვი ანთებულ სანთელს აწვდის ოჯახის უფროსს და ისიც თავის სანთელს გადასცემს ბავშვს, რაც სიმბოლოა ძველი და ახალი აღთქმის შეხვედრისა.

ამ დღეს, ასევე, მიდიან სასაფლაოზე, რათა მიცვალებულებსაც ახარონ უფლის განკაცება.

როგორც ექვთიმე კოჭლამაზაშვილი თავის სტატიაში (,,ლამპრობა-მიგებების დღესასწაული“) წერს, ,,ლამპრობის“ ხალხური წესი შემორჩენილია საქართველოს სხვა კუთხეებშიც: მთიულეთში, გუდამაყარში, ფშავში, ხევსურეთში, ხევში, გურიაში, იმერეთში…


მირქმის დღესასწაულის არსი შემდეგში მდგომარეობს: 40-ე დღეს ტაძარში მიყვანილ ახლადშობილ იესოს მიეგება ძველი აღთქმის ერთ-ერთი რჩეული მსახური, ღრმად მოხუცებული წმინდა სვიმეონ წინასწარმეტყველი, – ძველი აღთქმის მართალთა უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელსაც ნაუწყები ჰქონდა სულიწმიდისაგან, რომ არ აღესრულებოდა, ვიდრე მესიას არ იხილავდა; მან თავის მკლავებში მიიღო რა განკაცებული ღმერთი, ძველი და ახალი აღთქმის საზღვარზე მყოფმა მადლიერებით შეიწყნარა ახლის შემოსვლა და ძველის განტევება.

მოხუცებული სვიმეონისა და ყრმა იესოს შეხვედრით დასრულდა მაცხოვრის მოვლინების მრავალათასწლიანი მოლოდინი, ანუ ,,ძველი აღთქმის“ პერიოდი, და სათავე დაედო ,,ახალი აღთქმის“ ეპოქას.

„მირქმა-მიგებების“ დღესასწაული – ეს არის დიდი ზეიმი, კაცობრიობის მხსნელის დაბადების შესახებ ტაძარში გაცხადებული პირველი მოწმობა და დადასტურება იმისა, რომ ტაძარი არის საუფლო საკრალური სივრცე, ღმერთთან ცოცხალი შეხვედრის ადგილი, ხოლო სატაძრო მსახურება ღმერთთან თანაზიარების განსაკუთრებული გზა; რომ ამიერიდან „ბნელი იგი განგვეშორა და დღე შემოგვეახლა,“ რომ დასრულდა ტანჯვისა და სულიერი სიბნელის პერიოდი და გაიხსნა ცათა სასუფევლის კარიბჭენი; ხოლო სვიმეონ მართლის მიერ მადლიერებით აღმოთქმული სიტყვები: „ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა..,“ – ცხადჰყოფს, რომ ქრისტე მოვიდა არა მხოლოდ ერთი ერისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისათვის. ამიტომაც არის „მირქმა“ სინათლისა და სიხარულის საყოველთაო დღესასწაული.

                                           ***

ეს დღე დიდი ზეიმით აღინიშნებოდა იერუსალიმის ეკლესიაში და სხვა ეკლესიებშიც. სადღესასწაულო მსახურების ბოლოს სასულიერო პირები სანთლებს აკურთხებდნენ და ანთებული სანთლებით, ჩირაღდნებით, ლამპრებით, ხატებითა და ბაირაღებით ხალხთან ერთად ლიტანიობით მსვლელობას აწყობდნენ.

ეს წესი საქართველოშიც მოქმედებდა. შემდეგ, სხვადასხვა მიზეზის გამო, იგი დავიწყებას მიეცა და, ძირითადად, ხალხურმა მეხსიერებამ შემოგვინახა „ლამპრობის“ სახელწოდებით.


,,მირქმა,“ „მიგებება,“ ,,ლამპრობა“ ერთიდაიგივე უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია. წმ. კირილე ალექსანდრიელი (+444), სოფრონ იერუსალიმელი (634-638), კირილე სკვითოპოლელი (+557), სილვია აკვიტანელი (IV ს.) და სხვა ავტორები გვაუწყებენ, რომ ამ დღეს სრულდებოდა ლიტანიობა (საზეიმო მსვლელობა) ანთებული სანთლებით.

რომის ეკლესიაში „მიგებებამ“ საერთოდაც სანთლების (ლამპრების) დღესასწაულის სახელი მიიღო და სანთლებით მსვლელობის რიტუალი სხვადასხვა ვარიაციით აისახა ევროპის ხალხთა წეს-ჩვეულებებშიც.

„ლამპრობა“ და „მიგებება“ რომ ერთი და იგივე დღესასწაულის გამომხატველია, გვიჩვენებს ამ სახელით წარწერილი საკითხავ-საგალობლების კალენდარული ადგილი და შინაარსი. სახელდობრ, „იბაკონი ლამპრობისანი“, – ასეა დასათაურებული მოხუცებული სვიმეონის მიერ ყრმა იესოს მირქმის შესახებ საგალობლები უძველეს ჰიმნოგრაფიულ კრებულში – „იადგარი“.

უძველესი ლიტურგიკული პრაქტიკის ამსახველ ევხოლოგიონში (კურთხევანი) ვხვდებით „ლამპრობის“ კვერექსებსა და „ლამპართა მიგებების“ კურთხევის წესს, რაც, კალენდარული ადგილისა და შინაარსის მიხედვით, „მიგებების“ დღესასწაულს შეეფარდება. „პარხალის მრავალთავში“ ლამპრობის საკითხავად შეტანილია აპოკრიფული თხზულება: „სიყრმე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი,“ რომელიც შინაარსის მიხედვით ისევ და ისევ „მიგებების“ დღესასწაულს გულისხობს. „ლამპრობა“, როგორც დღესასწაული, „ქართლის ცხოვრებაშიცაა“ მოხსენიებული „მიგებების“ შესატყვისად.

საინტერესოა, რომ ,,უფლის მიგებების“ ამსახველ ქართულ ძველ ხატებზე სხვადასხვა ფორმით გამოხატულია ანთებული ლამპარი. მაგალითად, XII-XIII სს. ტიხრული მინანქრის ფირფიტაზე ლამპარი გამოსახულია ძირს მდგარი, ღვთისმშობლის წინ; X-XI სს. ჭედურ ხატზე (მოოქრული ვერცხლი) კი იგი ხელთ უპყრია მართალი სვიმეონის უკან მდგომ ანა წინასწარმეტყველს.

იმის გასათვალისწინებლად, თუ როგორ ხდებოდა „მიგებების“ დღესასწაულზე ანთებული სანთლებით ლიტანიობა, საინტერესო მასალას გვაწვდის ძველ ქართულ ლიტურგიკულ კრებულებში დაცული „ლამპართა კურთხევის წესი“ („კურთხევაჲ ლამპართა მიგებებისათა“, „კურთხევაჲ ლამპრისა მიგებებასა“ დ ა. შ.). ცნობილია ამ „კურთხევის“ სამი რედაქცია; ორი მათგანი დაცულია X საუკუნის სინურ ხელნაწერებში, მესამე კი XVII-XVIIIსს რამდენიმე პოსტათონურ ხელნაწერში (დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში).

ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი შეჯერებულია და ძირითადად მესამე, ყველაზე სრულ, ხელნაწერს ეყრდნობა.


ზემოთქმულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ შევნიშნავთ, რომ მირქმის წირვისას ან წინაღამეს, მსახურების შემდეგ გადახდილი უნდა იქნას პანაშვიდი (რათა მიცვალებულებმაც ჩენთან ერთად გაიხარონ ამ დღის ზეიმით) და, ძველი წესისამებრ, ანთებული სანთლებით, ნაკურთხი წყლითა და ბაირაღებით უნდა მოხდეს ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიის გარშემოვლა.

მორწმუნეებს ამ დღეს ნაკურთხი სანთელი მიაქვთ სახლში და მას მთელი წლის განმავლობაში ანთებენ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ასევე, სურვილისამებრ ნებისმიერ დროს.

რაც შეეხება სახალხო მსვლელობას:

ძალიან კარგი იქნება, თუ სადღესასწაულო ლოცვის (ან წირვის) შემდეგ, სასულიერო პირები, ბავშვებთან და მრევლთან ერთად, ანთებული სანთლებით ოჯახებშიც მივლენ, ბავშვებს დაალოცინებენ ოჯახის უფროსს და მასთან სანთელს გაცვლიან, როგორც ეს სვანეთში ბოლო დრომდე ხდებოდა. ასევე, სასურველია, ,,მირქმის“ დღეს ყოველ ოჯახში ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმაც, – შვილები; ერთმანეთში გაცვალონ ანთებული სანთლები, დალოცონ ოჯახის წევრები, ახლობლები, სამშობლო და მოიხსენიონ გარდაცვლილი წინაპრები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g