წლევანდელ BRIT Awards-ზე პრესტიჟულ პრემიას – ,,წლის ბრიტანელი პროდიუსერი” PinkPantheress მიიღებს. იმ ფონზე, როცა აქამდე ეს წოდება მხოლოდ კაცებს ენიჭებოდათ, დაჯილდოების ისტორიაში ეს უპრეცედენტო მოვლენა იქნება, ვინაიდან ვიქტორია ბევერლი უოლკერი სასცენო სახელით – PinkPantheress ამ ჯილდოს პირველი ქალი და 24 წლის ასაკში, ყველაზე ახალგაზრდა რეციპიენტი გახდება.
აღსანიშნავია, რომ მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი – PinkPantheress წლევანდელი BRIT Awards-ის ნომინანტიცაა. ის დაჯილდოების ორ – ,,წლის ბრიტანელი არტისტისა” და ,,საუკეთესო დენს შემსრულებლის” ნომინაციაშია წარდგენილი.
BRIT Awards-ის ნომინანტები ცნობილია – დაჯილდოების ტოპ ნომინანტები ოლივია დინი და ლოლა იანგი გახდნენ
ალექს უორენი BRIT Awards-ზე სადებიუტო პერფორმანსით წარდგება
ცნობისთვის, პირველად პრიზი 1977 წელს გაიცა. სწორედ ამ წლიდან იღებს სტარტს ბრიტანული პრემიის გადაცემის ცერემონიაც, რომელიც მას შემდეგ 1982 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ბრიტანული მუსიკის ყველა სფეროში შემოქმედებითი თუ ტექნიკური მიღწევების აღსანიშნად სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს ადგილობრივ არტისტებსა და ბენდებს შორის ავლენს.
ვიქტორია ბევერლი უოლკერმა მუსიკის წერა საშუალო სკოლაში დაიწყო. მალევე, მან თავისი სიმღერების ატვირთვა SoundCloud-ზე დაიწყო, მას შემდეგ კი, რაც 2020 წლის დეკემბერში მის პირად TikTok ანგარიშზე გამოქვეყნებულმა ვიდეომ 500 000-ზე მეტი მოწონება დააგროვა, მუსიკოსმა იმავე თვეში PinkPantheress-ის სახელით სიმღერის – Just a Waste ფრაგმენტი გაავრცელა. ტრეკმა ფართო აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო და ვირუსულად გავრცელდა პლატფორმაზე, რამაც არტისტს პოპულარობა მოუტანა. PinkPantheress-მა სადებიუტო სინგლი – Break It Off 2021 წლის 4 ივნისს, სტუდიური ალბომი – Heaven Knows კი, რომლის თანაპროდიუსერიც თავად გახლავთ, 2023 წლის 10 ნოემბერს გამოუშვა.