LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტონიო ვივალდის პირველი ოპერის პრემიერა საქართველოში

330
არტ-FM

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ 3, 5, 6 და 8 მარტს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, პირველად საქართველოში წარმოგიდგენთ ბაროკოს ოპერის ავთენტიკურ დადგმასა და შესრულებას – ანტონიო ვივალდის პირველ ოპერას „ოტონე ვილაში“.

Posted by Tata Sadradze on Tuesday, February 24, 2026

ანტონიო ვივალდის ოპერის – „ოტონე ვილაში“ პრემიერა 1713 წელს შედგა ვიჩენცას ოპერის თეატრში – Teatro delle Garzerie. უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსთაველის თეატრი შემთხვევით არ შეირჩა, მისი ინტერიერი და თეატრის „მცირე სცენის“ გაბარიტები, ვიჩენცას თეატრის მსგავსია, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ დადგმა სწორედ ისე განხორციელდეს, როგორც ვივალდის დროს იყო. გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მუსიკა შესრულდება ისტორიულ ინსტრუმენტებზე ავთენტიკური მანერით.

პროექტში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი შემსრულებლები: მაქსიმილიანო დანტა (ოტონე), პაოლა ვალენტინა მოლინარი (კლეონილა), თამარ ცირეკიძე (კაიო), ფაბიანა ვიზენტინი (ტულია), მატეო სტრაფი (დეჩო), დამდგმელი რეჟისორი ილარია საინატო, რეჟისორის ასისტენტი – თათა პოპიაშვილი.

„საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად აგრეთვე მონაწილეობენ უცხოეთიდან მოწვეული შემსრულებლები და ბაროკოს მუსიკის სპეციალისტები: სერჯო აცოლინი (ფაგოტი), დიეგო კანტალუპი (თეორბო, გიტარა), გაბრიელე ლევი (კლავესინი), ჯუზეპე ფალჩილია (I ჰობოი / ფლეიტა), კლემან დიეზი (II ჰობოი / ფლეიტა) და სოფი ლამბერბურგი (ჩელო).

„საქართველოს სინფონიეტა“ 2012 წლიდან ამიერკავკასიაში პირველი ბაროკოს ორკესტრია, რომელიც ბაროკოს ეპოქის მუსიკას ავთენტიკური მანერით უკრავს ისტორიულ ინსტრუმენტებზე. 2015 წელს, ორკესტრმა დააფუძნა „თბილისის ბაროკო ფესტივალი“, რომელიც ყოველწლიურად იმართება და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. „საქართველოს სინფონიეტა“ თანამშრომლობს მსოფლიოს საუკეთესო მუსიკოსებთან და ანსამბლებთან, მათ შორის: ჟორდი სავალი, სერჯო აცოლინი, ქრისტინე ბუში, ანდრეას შოლი, მაიან ლიხტი, ჟან რონდო, დავიდე ამადიო, ანსამბლი “Zefiro”, ბერლინის ძველი მუსიკის აკადემია (AKAMUS) და სხვა.

ორკესტრმა ამ წლების განმავლობაში უკვე არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა როგორც საქართველოში, აგრეთვე საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა ანტონიო ვივალდის ოპერის დადგმა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, ვინაიდან საქართველოში პირველად ხდება ბაროკოს ოპერის დადგმა იმ ეპოქისთვის ყველა დამახასიათებელი ნიშნის გათვალისწინებით, ეს იქნება თეატრი, სცენა, სცენოგრაფია, ინსტრუმენტები, დადგმისა თუ მუსიკალური შესრულების სტილი.

3, 5, 6 და 8 მარტს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, მაყურებელს ექნება შესაძლებლობა დაესწროს ისტორიულ დადგმას და მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსებისა და მომღერლების შესრულებით ისიამოვნოს ანტონიო ვივალდის პირველი ოპერით – „ოტონე ვილაში“.

სპექტაკლების დასაწყისი: 19:30

ბილეთები: www.tkt.ge

საქართველოს სიმფონიეტას დირექტორი კონსტანტინე კასრაძე და პროექტის მენეჯერი თეა მუქერია რადიო ფორტუნაში გადაცემაში „არტ-FM“ საქართველოში ანტონიო ვივალდის პირველი ოპერის პრემიერის შესახებ საუბრობენ

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g