ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კომპეტენტური ამერიკული ჟურნალის „Wine Spectator“ მარტის ნომერში ქართულ ღვინოზე სამი სტატია დაიბეჭდა.
საქართველო ჟურნალის ყდაზეა წარმოდგენილი და ერთი სრული სარეკლამო გვერდიც ეთმობა. აღნიშნულ ჟურნალში ქართული ღვინის შესახებ სტატია, ბოლო 14 წლის განმავლობაში, პირველად დაიბეჭდა.
პირველი სტატია სათაურით „საქართველო ყურადღების ცენტრში“, რომლის ავტორია ჟურნალის უფროსი რედაქტორი ჯეიმს მოლსვორთი, ქართული ღვინის ისტორიისა და დღევანდელობის მიმოხილვას მიეძღვნა.
მეორე სტატიაში სათაურით „სუფრა“ ავტორი ჯულია ლარსონი ყურადღებას ამახვილებს ქართულ სამზარეულოსა და კერძებზე, ასევე, სუფრის ტრადიციაზე და მის კულტურულ მნიშვნელობაზე.
მესამე სტატიაში კი წარმოდგენილია ქართული ღვინოების შეფასებები.
„Wine Spectator“ 1976 წლიდან გამოდის და ამერიკული ღვინის მიმართულებისა და ცხოვრების სტილის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და პოპულარულ გამოცემად მიიჩნევა ღვინის ენთუზიასტებსა და პროფესიონალებში. მისი ბეჭდური ტირაჟი 400 ათასს აღწევს, ხოლო ონლაინ გამოცემებისა და სხვადასხვა პლატფორმის ჩათვლით, მკითხველთა რაოდენობა 3 მილიონამდეა.
