„რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. გავიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ხომ ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დედაქალაქის მერს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებაზე, რომელიც მან ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„სანქციებთან დაკავშირებით განცხადება არაერთხელ გაკეთდა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – როდესაც საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო. გვექნება ძალიან პრინციპული პოზიცია. დავიცავთ საქართველოს ინტერესებს, ქვეყნის მომავალს და ქართველი ხალხის ინტერესს. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ვახორციელებთ იმ პოლიტიკას, სადაც ხალხისა და ქვეყნის ინტერესია დაცული. რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. გავიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ხომ ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი. ზოგადად ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ. ისინი მხოლოდ ზედაპირული მესიჯებით, მუქარებით და შანტაჟით შემოიფარგლებიან. ამდენი ხანია მათგან მოდის მუქარა, თუნდაც ე.წ. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ ერთ რამეს, რატომ არის აღნიშნული კანონი პრობლემა ან რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, მაშინ როცა სხვადასხვა ევროპული ქვეყანა თავად საუბრობს მსგავსი კანონის აუცილებლობაზე. ჩვენ რომ ეს კანონი მივიღეთ, გახსოვთ რა შემოტევები იყო და დღესაც იგივე გრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი.
„საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს. მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი და, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებებზე დიალოგში გულწრფელი ჩართულობა ნიშანი იქნება, რომ მათ [„ქართულ ოცნებას“] კურსის შეცვლა სურთ“, – განაცხადა კალასმა.
