ესპანეთში ბიოტექნოლოგიის სამი სტუდენტის მიერ შექმნილი „ჭკვიანი“ ეტიკეტები პროდუქტების ვარგისიანობას რეალურ დროში ამოწმებს. ბიოდეგრადირებადი სტიკერები ფერს იცვლის, თუ ხორცი, თევზი, რძის პროდუქტი ან სხვა საკვები გაფუჭებას იწყებს. ავტორების თქმით, ტექნოლოგია ერთდროულად ამცირებს როგორც საკვების ნარჩენებს, ისე მოწამვლის რისკს.
ეტიკეტში ჩაშენებულია სპეციალური ბიო სენსორები, რომლებიც ბაქტერიების მიერ გამოყოფილ ნივთიერებებს აფიქსირებს. როგორც კი გაფუჭების პროცესი იწყება, სტიკერი ფერს იცვლის და მომხმარებელს ატყობინებს, რამდენად უსაფრთხოა პროდუქტის მიღება. დეველოპერების თქმით, ასეთი სისტემა გაცილებით ზუსტ ინფორმაციას იძლევა, ვიდრე მხოლოდ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღი.
იდეა სტუდენტებს უნივერსიტეტში სწავლის დროს გაუჩნდათ. მათი თქმით, ერთხელ მაცივარში დარჩენილი სტეიკის გამო კამათი მოუვიდათ – შეიძლებოდა თუ არა მისი ჭამა. ერთ-ერთმა მათგანმა გარისკა და აღმოჩნდა, რომ პროდუქტი ჯერ კიდევ ვარგისი იყო. სწორედ ამის შემდეგ დაფიქრდნენ, რამდენი საკვები იყრება მსოფლიოში მხოლოდ ეჭვის გამო.

ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის პროდუქტზე – ხორცზე, თევზზე, ბოსტნეულზე, ხილზე და მზა საკვებზე. ეტიკეტებს შეუძლიათ პროდუქტის სიმწიფის დონის განსაზღვრაც. მაგალითად, ხილის შემთხვევაში მომხმარებელი დაინახავს, სჭირდება თუ არა მას კიდევ დამწიფება.
სტარტაპმა ეტიკეტების წარმოება უკვე დაიწყო და ავტორები ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს ისინი ესპანეთის რამდენიმე სუპერმარკეტშიც გამოჩნდება.
ევროკავშირში საკვების ნარჩენები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. ოფიციალური მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში ყოველწლიურად 59 მილიონ ტონაზე მეტი საკვები იყრება. სპეციალისტების შეფასებით, „ჭკვიანი“ ეტიკეტები მომხმარებლებს უფრო ზუსტი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება და საკვების ნარჩენებთან დაკავშირებულ დაბინძურებასაც შეამცირებს.