ალპინისტისა და სამთო გიდის, ნიკოლოზ ფალიანის გარდაცვალებიდან დღეს ერთი წელი გავიდა – 29 წლის ნიკოლოზ ფალიანი 2025 წლის 22 მაისს, უშბაზე ექსპედიციის დროს სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა.
აღნიშნულ თარიღს დღეს ნიკოლოზ ფალიანის ოჯახის წევრები და მეგობრები საჯაროდ, სოციალურ ქსელში ეხმაურებიან და მის შესახებ სხვადასხვა ისტორიას იხსენებენ.
ნიკოლოზ ფალიანს ემოციურ პოსტს უძღვნის მისი და, ქეთი ფალიანიც.
„ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ დღიდან, როცა ჩვენი ოჯახის ძალიან დიდმა სიყვარულმა, სხვა სამყაროში გადაინაცვლა. ადამიანი, რომელიც იყო, არის და იქნება ამ და ყველა დროის, ყველა ეპოქის საუკეთესო, მიზანდასახული, შრომისმოყვარე, გამორჩეული და განუმეორებელი სამთო გამყოლი! სიკეთის, სიყვარულის, ადამიანობისა და გვერდში დგომის ნათელი მაგალითი. ჩვენი ოჯახის უდიდესი ძალა, ყველას გვერდში მდგომი და გზამკვლევი – ნიკო…
ისევ ისე, იმ დღის მსგავსად, მინდა დედამიწა შუაზე გავხეთქო… ისეთი მოუნელებელი და მოუშუშებელი ტკივილი ხარ, რომელიც არასდროს განელდება… იმდენად არ უნდა გულს, რომ დაიჯეროს შენი აქ არყოფნა.
თეთეს ძალიან დიდი სიყვარული ხარ…
როგორ გვჭირდები“, – წერს ქეთი ფალიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ალპინისტი და სამთო გიდი, 29 წლის ნიკოლოზ ფალიანი უშბაზე ექსპედიციის დროს 22 მაისს, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.
