აშშ-ში ახალი კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების მფლობელებისთვის დამატებითი გადასახადების დაწესებას ითვალისწინებს.
ინიციატივა 580 მილიარდი დოლარის ღირებულების პროგრამის ნაწილია, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გზებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაფინანსებას უნდა მოხმარდეს.
კანონპროექტის მიხედვით, ელექტრომობილების მფლობელებს ყოველწლიურად 130 დოლარის გადახდა მოუწევთ. ეს თანხა ყოველ ორ წელიწადში გაიზრდება და საბოლოოდ 150 დოლარს მიაღწევს. ჰიბრიდული ავტომობილებისთვის კი 50 დოლარიანი წლიური გადასახადია დაგეგმილი.
ინიციატივის ავტორები, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ ეს აუცილებელია, რადგან გზების მოვლის ხარჯები დღეს ძირითადად საწვავზე დაწესებული გადასახადებით ფინანსდება, ელექტრომობილების მფლობელები კი ამ სისტემაში ფაქტობრივად არ მონაწილეობენ.
ახალმა წინადადებამ ეკოლოგიური ორგანიზაციების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. მათი განცხადებით, დამატებითი გადასახადები ელექტრომობილების პოპულარიზაციას შეაფერხებს იმ დროს, როცა ელექტროტრანსპორტზე გადასვლა მოსახლეობას საწვავსა და მომსახურებაზე ხარჯების შემცირებაში ეხმარება.
კანონპროექტი ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის და მოსალოდნელია, რომ აშშ-ში წინააღმდეგობას შეხვდება. განსაკუთრებით კრიტიკულად არიან განწყობილი დემოკრატები, რომლებიც ელექტრომობილების დამატებით დაბეგვრას ეწინააღმდეგებიან.