კიბოს მკურნალობის მიმართულებით ჩატარებულმა საერთაშორისო კვლევამ მეცნიერებს იმედის მომცემი შედეგები აჩვენა. ახალი საინიექციო პრეპარატი „ამივანტამაბი” (Amivantamab), რომელიც სამმაგი მოქმედების მექანიზმით გამოირჩევა, ზოგიერთ პაციენტში სიმსივნის სრულ გაქრობას იწვევს, ხოლო სხვებში მის მნიშვნელოვან შემცირებას უზრუნველყოფს.
The Guardian-ის ინფორმაციით, კვლევა 11 ქვეყანაში ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ პაციენტები, რომელთა სიმსივნეც უკვე გავრცელებული იყო ან მკურნალობის შემდეგ კვლავ დაბრუნდა. მნიშვნელოვანია, რომ მათი დაავადება ქიმიოთერაპიასა და იმუნოთერაპიაზეც აღარ რეაგირებდა, რის გამოც მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტები ფაქტობრივად ამოწურული იყო.
კვლევის ფარგლებში თავისა და კისრის კიბოს მქონე 102 პაციენტს „ამივანტამაბის” ინიექცია ჩაუტარდა. შედეგების მიხედვით, 43 პაციენტში სიმსივნე შემცირდა ან მთლიანად გაქრა. მათგან 28 შემთხვევაში სიმსივნის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო 15 პაციენტში ექიმებმა სიმსივნის სრული გაქრობა დააფიქსირეს.

მეცნიერების შეფასებით, განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ დადებითი ეფექტი მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში გახდა შესამჩნევი. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მსგავსი შედეგები იმ პაციენტებში, რომელთა დაავადებაც უკვე რეზისტენტული იყო არსებული თერაპიების მიმართ, იშვიათად ფიქსირდება.
პრეპარატი სიმსივნეს ერთდროულად სამი მიმართულებით ებრძვის. ის ბლოკავს EGFR-სა და MET-ს – მოლეკულურ მექანიზმებს, რომლებიც სიმსივნის ზრდასა და მკურნალობისგან თავის არიდებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ამავდროულად, პრეპარატი ააქტიურებს იმუნურ სისტემას, რათა ორგანიზმმა თავად შეძლოს კიბოს უჯრედების ამოცნობა და განადგურება.
„ამივანტამაბის” ერთ-ერთი უპირატესობა ისიცაა, რომ ის ვენაში გადასასხმელი პრეპარატის ნაცვლად კანქვეშ მცირე ინიექციის სახით შეჰყავთ. პროცედურა სამ კვირაში ერთხელ ტარდება, რაც მკურნალობას უფრო კომფორტულსა და ხელმისაწვდომს ხდის როგორც პაციენტებისთვის, ისე სამედიცინო დაწესებულებებისთვის.

კვლევის მონაწილეთა უმრავლესობაში გვერდითი მოვლენები მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის იყო. პრეპარატის მიღების შეწყვეტა გვერდითი ეფექტების გამო პაციენტების 10%-ზე ნაკლებს დასჭირდა.
კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, ბრიტანელი კარლ უოლში, რომელსაც ენის კიბო ჰქონდა, ამბობს, რომ მკურნალობის დაწყებამდე საუბარი და საკვების მიღება უჭირდა. მისი თქმით, რამდენიმე ციკლის შემდეგ ტკივილი და შეშუპება მნიშვნელოვნად შემცირდა, მეტყველება აღუდგა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.
მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ეს ჯერ კიდევ კლინიკური კვლევის ეტაპია და პრეპარატი კიბოს უნივერსალურ განკურნებად არ უნდა ჩაითვალოს. თუმცა შედეგები იმდენად დამაიმედებელია, რომ სპეციალისტები მას ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად აფასებენ იმ პაციენტებისთვის, რომელთაც მკურნალობის სხვა ეფექტური გზები პრაქტიკულად აღარ ჰქონდათ.
ამჟამად „ამივანტამაბი” დაახლოებით 60 სხვადასხვა კლინიკური კვლევით მოწმდება. გარდა თავისა და კისრის კიბოსი, მეცნიერები მის ეფექტურობას ფილტვის, მსხვილი ნაწლავის, ტვინისა და კუჭის სიმსივნეების შემთხვევაშიც იკვლევენ.