„ეს დოკუმენტი სრულიად უსამართლო ბრალდებებით არის გაჯერებული“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროპარლამენტის ანგარიშზე განაცხადა, რომელიც საქართველოს შესახებ მიიღო.
„მერამდენე რეზოლუციაა, ერთგვარი პოლიტიკური იერიში და ფუჭი მცდელობაა, რომ კიდევ უფრო დაზიანდეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და თუკი რაიმე პერსპექტივა არსებობს ამ ურთიერთობის გადატვირთვის, ეს პროცესი დაზიანდეს“, – აღნიშნა მახაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა.
ანგარიში მომზადებულია საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის.
დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება“
ანგარიშში აღნიშნულია, რომ „უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მიიღო არაერთი საკანონმდებლო აქტი, რომლებიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობას და პლურალიზმის შეზღუდვას“.
