58 წლის ავსტრალიელმა ჯოზეფ მაკგრეილ ბეიტაპმა ყველაზე ხმამაღალი ყვირილისთვის გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან სიტყვა „ახლა“ (Now) 122,4 დეციბელის სიმძლავრით დაიყვირა, რაც ჭექა-ქუხილის ან ჩართული პნევმატიკური ჩაქუჩის ხმაურს უტოლდება.
რეკორდი 2 მაისს, ადგილობრივ რადიოსადგურ 2AY-ის პირდაპირ ეთერში დაფიქსირდა. მაკგრეილ ბეიტაპმა მიზანს მეშვიდე მცდელობისას მიაღწია და 1994 წლიდან არსებული რეკორდი მოხსნა. მანამდე რეკორდი ჩრდილოეთ ირლანდიელ მასწავლებელს ეკუთვნოდა, რომლის ყვირილის სიმძლავრე 121,7 დეციბელი იყო.
რეკორდსმენი კონდიციონერების ტექნიკოსად მუშაობს და ამავდროულად თავისი ქალაქის საპატიო მაცნეცაა. მისი თქმით, ასეთი რეკორდისთვის სპეციალურად ვარჯიში პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ხმის იოგების გადატვირთვა სერიოზულ საფრთხეს ქმნის. რეკორდის დამყარების შემდეგ მან რამდენიმე დღით ხმა საერთოდ დაკარგა.

დეციბელების შკალაზე ყოველი დამატებითი 10 დეციბელი ხმის ინტენსივობის მნიშვნელოვან ზრდას ნიშნავს. 122,4 დეციბელი უკვე ძალიან ახლოსაა 130 დეციბელიან ტკივილის ზღვართან, რომელსაც რეაქტიული თვითმფრინავის აფრენის ხმაურს ადარებენ.
აღსანიშნავია, რომ ჯოზეფ მაკგრეილ ბეიტაპს გინესის კიდევ ერთი რეკორდიც ეკუთვნის – 2019 წელს მან ყველაზე სწრაფი მშვილდოსნობის რეკორდი დაამყარა.