გადაცემას ”კანონის ფარგლებში” შსს აკადემიის რექტორი ბატონი გივი მიქანაძე და მაგისტრი თეონა ზარხუტაშვილი ესტუმრნენ.
როგორც ვიცით, შსს-ს აკადემია 2014 წლიდან ახორციელებს საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამას საპოლიციო რეგულირების სფეროში, რომ გვესაუბროთ ამ პროგრამის შესახებ?
ძალიან საპასუხისმგებლო მიმართულება ჩამბარდა სამინისტროში და ხელმძღვანელობას ამისათვის დიდი მადლობა გადავუხადე. საკმაოდ საინტერესო სასწავლო პროცესი ვითარდება აკადემიაში. ყოველდღიურად აკადემიის ბაზაზე 400-700 პოლიციელი გადის გადამზადებას. სასწავლო პროგრამები მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით. მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს უმაღლესი განათლების კურსი. აკადემიაში არსებობდა ხუთ წლიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ გაუქმდა, ორი წლის წინ კი ისევ აღდგა არა მხოლოდ ბაკალავრიატი, არამედ დაემატა სამაგისტრო მიმართულებაც.
რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს–ს აკადემიის „საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა საპოლიციო რეგულირების სფეროში“ პირველი გამოშვების კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა და სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა. შსს–ს აკადემიაში 2014 წელს ახალ სამაგისტრო პროგრამაზე 39 სტუდენტი ჩაირიცხა. ყველა მაგისტრი მუშაობას შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დაიწყებს.
რატომ გადაწყვიტეთ შსს-ს აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება?
თეონა: – ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ინტერესის სფეროს წარმოადგენდა სამართალდაცვითი სფერო. მაშინ, როდესაც გადავწყვიტე განათლების გაგრძელება, შსს-მ აკადემიამ გამოაცხადა სამაგისტრო პროგრამაზე მიღება, მივიღე გადაწყვეტილება სწორედ აქ მესწავლა და ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
მინდა აღვნიშნო პროგრამის სრულყოფილება, რომელიც გულისხმობს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსს. არის ძალიან ბევრი უპირატესობა – ადამიანური თუ მატერიალური რესურსი, თანამედროვე მიდგომები, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, ბიბლიოთეკა, სავარჯიშო დარბაზი, საცურაო აუზი, მათ შორის აკადემია მაგისტრებს სთავაზობს საცხოვრებელსაც და, რაც ყველაზე მთავარია, სწავლა არის სრულიად უფასო. აკადემიამ ჯანსაღი ცხოვრების წესს მიგვაჩვია, მუდმივად ფორმაში ვართ, რადგან ნორმატივები გვაქვს ჩასაბარებელი.
რას ეტყოდით მომავალ მაგისტრანტებს?
ვისაც სურს, უმაღლესი განათლების მიღება სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელოს და საქმიანობა საპოლიციო საქმიანობას დაუკავშიროს, აკადემია იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღო უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლება და გქონდეს დასაქმების რეალური პერსპექტივა.
როგორ ხდება მაგისტრატურაში მიღება და რა ღირს მაგისტრატურაში სწავლება?
გივი: – ვინც ფიქრობს, რომ კარიერა შსს-ში გააგრძელოს, გვაქვს იმის შესაძლებლობა, დასახლდეს აკადემიის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელში, უფასოდ გადავცემთ ფორმას, მაგისტრებისთვის აუცილებელია უცხო ენის მაღალ დონეზე ცოდნა და ჩვენ გვაქვს ოქსფორდის ელექტრონული ბაზები და ეს სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ხვდება მსურველი სამაგისტრო პროგრამაზე. პირველი, ეს არის ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომლის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში ბაკალავრის შესაბამისი ხარისხის დიპლომის მქონე ადამიანი მოვა აკადემიაში და შეავსებს განაცხადს, ამის შემდეგ მას უტარდება IQ ტესტი და ფსიქოლოგიური უნარების ტესტი, თუკი ის წარმატებით დაძლევს, გადავა შემდეგ ეტაპზე სადაც სამართლებრივი გამოცდა ტარდება, ან წერილობით ან ზეპირად. ამის შემდეგ ხდება გასაუბრება და ვარკვევთ რა ხედვები აქვს ადამიანს, რატომ სურს ჩვენთან სწავლა და ა.შ. ბოლოს კი ნორმატივების ჩაბარება და სამედიცინო შემოწმება უწევთ. თუკი ეს ყველაფერი ადამიანმა წარმატებით გაიარა, ვფიქრობთ, რომ ის იმსახურებს აკადემიაში მაგისტრატურაში ისწავლოს.
როდესაც სახელმწიფო ამხელა თანხას დებს განათლებაში, ამიტომ ჩვენთვის მაღალი ხარისხის სწავლება უპირველესია. ყოველწლიურად ჩვენ შეგვიძლია 50 ადამიანის მიღება.
როგორ ხდება ბაკალავრის პროგრამაზე მიღება?
ორი წელია აკრედიტაცია აღდგა და ამ ეტაპზე მხოლოდ ორი კურსი გვაქვს. დაინტერესება საკმაოდ დიდია. პირველი ორი კურსი შედგება საბაზისო საგნებისგან, მესამე-მეოთხე კურსზე კი არჩევითი საგნებია და ვიწრო პროფილით მიმდინარეობს სწავლება.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
დავიწყებ მაგისტრატურის მიმართულებით – პირველ რიგში გეტყვით, რომ ვაპირებთ აკადემიის ისტორიაში პირველად შექმნათ ”კურსდამთავრებულთა საზოგადოება”. ამითი ჩვენ ერთგვარ გზავნილს ვუგზავნით იმ 39 ადამიანს, რომელმაც მაგისტრატურის კურსი დაამთავრა, რომ ჩვენ მათთან ურთიერთობას არ ვწყვეტთ და მათთან ერთად სხვადასხვა სახის აქტივობა დაიგეგმება. მივადევნებთ თვალყურს მათ კარიერულ წინსვლას, რადგან მათი წარმატება აკადემიის წარმატებაა. უახლოეს პერიოდში აკადემიის ბაზაზე კვლევისა და ანალიზის ცენტრის დაფუძნებას. მაგისტრატურის მოქნედი სტუდენტების ჩართვა ძალიან ღირებული იქნება. მომავალ წელს ვგეგმავთ სამეცნიერო ჟურნალის გამოცემას. ასევე, ერთი წლის ვადაში შს მინისტრის უშუალო ინიციატივით შსს აკადემია უნდა გარდაიქმნას რეგიონალურ ცენტრად, სადაც პირველ ეტაპზე პოსტსაბჭოური სივრციდან ჩამოვლენ პოლიციელები და მიიღებენ გადამზადებას სხვადასხვა საკითხებში. ასევე, ვფიქრობთ შევქმნათ დოქტურანტურაც. ვდგამთ პირველ ნაბიჯებს და ორი წლის შემდეგ უკვე ექნებათ ჩვენს მაგისტრებს საშუალება გააგრძელონ სწავლა, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები და დაიცვან ხარისხი.
გადაცემის ჩანაწერი

