LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირლანდიაში ელექტრო სკუტერის სამართავად მართვის მოწმობა სავალდებულო ხდება

104
ქირიას NEWS შაბლონი (2)

ირლანდიაში ელექტრო სკუტერების გამოყენების წესები მნიშვნელოვნად მკაცრდება. უახლოეს პერიოდში მათ, ვისაც ელექტროსკუტერით გადაადგილება სურს, მართვის მოწმობის აღება მოუწევთ – იმავე პრინციპით, როგორც ავტომობილის მძღოლებს. მსურველებმა ჯერ საგზაო მოძრაობის წესების თეორიული გამოცდა უნდა ჩააბარონ, შემდეგ კი ინსტრუქტორთან ერთად პრაქტიკული გამოცდა გაიარონ ქალაქის ქუჩებში.

ახალი წესებით, ელექტრო სკუტერის მართვის მოწმობის მიღება მხოლოდ 18 წლიდან იქნება შესაძლებელი, მაშინ როდესაც ავტომობილის მართვის უფლების მიღება ქვეყანაში 17 წლიდან არის ნებადართული.

2026 წლის აგვისტოდან ელექტრო სკუტერის სამართავად სავალდებულო გახდება დამცავი ჩაფხუტისა და ამრეკლავი ჟილეტის ტარებაც. წლის ბოლომდე კი ამოქმედდება დამატებითი მოთხოვნები: ყველა ელექტრო სკუტერი უნდა დარეგისტრირდეს, სავალდებულო იქნება დაზღვევის გაფორმება და აიკრძალება ისეთი მოდელები, რომელთა მაქსიმალური სიჩქარე 20 კმ/სთ-ს აღემატება.

რეფორმის მთავარი მიზეზი ელექტრო სკუტერებთან დაკავშირებული ავარიების ზრდაა. Children’s Health Ireland-ის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ელექტრო სკუტერებით გამოწვეული შემთხვევების შედეგად ბავშვებში მძიმე ქალა-ტვინის ტრავმების რაოდენობა დაახლოებით 50%-ით გაიზარდა.

თუმცა ინიციატივას კრიტიკაც მოჰყვა. გარემოსდაცვითი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მართვის მოწმობის, რეგისტრაციისა და დაზღვევის მოთხოვნა ყველა მომხმარებლისთვის „კოლექტიური სასჯელია“. მათი შეფასებით, ახალი შეზღუდვები იმ ადამიანებსაც დააზარალებს, რომლებიც ელექტრო სკუტერს ეკოლოგიურად სუფთა, ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ურბანულ ტრანსპორტად იყენებენ და მოძრაობის წესებსაც იცავენ.