წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარეში გადარჩენილი კაცი, რომელმაც დედა-შვილის სიცოცხლე იხსნა, ირაკლი მაქაცარიაა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა წერს.
„ჭანისწყლის წყალდიდობის“ გმირი – ირაკლი მაქაცარია მეუღლესთან ერთად
რა ბედნიერებაა, როცა გადარჩენილის ფოტოს აქვეყნებ და დღეგრძელობას უსურვებ“ – წერს ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში.
სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს ცოტნე შონიაც. მისი თქმით, ხანგრძლივი და ინტენსიური სამაშველო ღონისძიებების შედეგად მამაკაცი მდინარის მოპირდაპირე ნაპირზე , მთის მხარეს ცოცხალი იპოვეს:
„09.08.2026 წლის დაახლოებით 17:02 საათზე, 112-ში შევიდა შეტყობინება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში, კურორტ სქურში მომხდარი შემთხვევის შესახებ. ადიდებულმა მდინარემ ოთხი მოქალაქე გაიტაცა, მათ შორის ორი ბავშვი. ადგილზე სამაშველო ჯგუფების მისვლისას სამი მოქალაქის უვნებლად გამოყვანა განხორციელდა , ხოლო 45 წლის მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენა თავდაპირველად ვერ მოხერხდა, რომელიც ბავშვების დახმარებას ცდილობდა რა დროსაც იგი ჩქარმა დინებამ გაიტაცა. ხანგრძლივი და ინტენსიური სამაშველო ღონისძიებების შედეგად მამაკაცი მდინარის მოპირდაპირე ნაპირზე , მთის მხარეს ცოცხალი იპოვეს. მისი გამოყვანა წარმატებით შეძლეს მაშველებმა და ამ დროისთვის მოქალაქე ი.მ. გადაყვანილია რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. შემთხვევის შედეგად, ამ ეტაპზე, ოთხივე მოქალაქე უსაფრთხოდ არის“, – წერს სოციალურ ქსელში ცოტნე შონია და ვიდეოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭანისწყალში კაცს ეძებდნენ. კაცმა მდინარეში დედა-შვილის გადარჩენა მოახერხა, თავად კი დინებამ გაიტაცა. მაშველებმა უწყვეტი სამუშაოების შედეგად მდინარის ფერდზე, უვნებლად იპოვეს. ირაკლი მაქაცარიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
